ემზარ კვიციანის ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. კვიციანის მეუღლე, თეთნულდ ანსიანი აცხადებს, რომ იმედი აქვს ახალი ხელისუფლება მათ საქმეს ობიექტურად გამოიძიებს და გამოძიების შემდეგ ემზარ კვიციანიც დაბრუნდება საქართველოში.
შეგახსენებთ, კვიციანების ოჯახი საქართველოდან 2006 წელს წავიდა. მათ წინააღმდეგ საქმე უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით არის აღძრული.
ემზარ კვიციანი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში კოდორის ხეობაში მისი სპეციალური რწმუნებული იყო. იგი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. დაახლოებით 200 თანამოაზრესთან ერთად კვიციანი კოდორის ხეობას აფარებდა თავს. 2006 წლის ივლისში განხორციელებული ოპერაციის შედეგად საქართველოს სპეციალური დანიშნულების სამხედრო რაზმმა მისი მომხრეების უმრავლესობის განიარაღება შეძლო, თუმცა თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა.
მასალის გამოყენების პირობები