ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიზო სართანიამ პარტია
"ქართული ოცნება" დატოვა. მისი განცხადებით, მმართველი პარტია ხალხს
ატყუებს და აქედან გამომდინარე, მას ამ პარტიაში დარჩენა არ სურს.
სართანია აცხადებს, რომ ის დაკავებულ თანამდებობასაც უახლოეს დღეებში
დატოვებს.
"დიდი ხანია აღმოვაჩინე, რომ მმართველი პარტია ხალხს ატყუებს და ჩემი
რამდენიმე საჯარო გამოსვლა ამაზე მიუთითებს. არჩევნების წინ
დახმარებას ყველას ჰპირდებიან, მაგრამ მეორე არჩევნებამდე ეს ხალხი
ყველას ავიწყდება. ძალიან ბევრი საკითხია, რომლის მოგვარება შეუძლიათ,
მაგრამ ამას არ აკეთებენ", - უთხრა რადიო
"ათინათს" სართანიამ.
მისი განცხადებით, ის პარტია "პატრიოტთა ალიანსში" გადადის და
გამგებლების რიგგარეშე არჩევნებზე სწორედ ამ პარტიიდან იყრის
კენჭს.
"ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ",
- აცხადებს სართანია.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის,
ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს
დანიშნა.
"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მოქმედი
მერები, გამგებლები და საკრებულოს წევრები წარადგინა, რაც შესაბამის
ადგილობრივი თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას
იწვევს.
მასალის გამოყენების პირობები