წუხელ, ურთას მთაზე, რადიო „ათინათის“ ქვესადგური გაძარცვეს. შემთხვევა 3 აგვისტოს, სავარაუდოდ 19 საათზე მოხდა.
„როგორც კი რადიო გაითიშა ანძაზე ავედით, აღმოჩნდა რომ ელექტროენერგიის ძალოვანი კაბელი, რომელიც ელექტრო ტრანსფორმატორიდან გადამცემს კვებას აწვდის მიწიდან იყო ამოღებული. მოპარულია დაახლოებით 40 მ სიგრძის სადენი. წუხანდელი ფაქტიდან დაახლოებით 2 საათში რადიომაუწყებლობა განახლდა თუმცა ამჯერად კვება გადამცემს ელექტროგენერატორის საშუალებით მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოები კი გრძელდება“ – აცხადებს რადიოს ტექნიკური განყოფილების უფროსი ლევან მალიშავა.
მომხდართან დაკავშირებით რადიო „ათინათმა“ უკვე მიმართა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს. დეტალებს გამოძიება დაადგენს.
შეგახსენებთ რადიო „ათინათის“ ძარცვის ფაქტი უკვე მეორედ დაფიქსირდა. პირველად ანალოგიური შემთხვევა 25 იანვარს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები