ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ სიების გადამოწმება დაასრულა. „კარდაკარ“ პროგრამის ფარგლებში სიების გადამოწმებაზე სამეგრელოს რეგიონში 1200 რეგისტრატორი 50 დღის განმავლობაში მუშაობდა.
საველე სამუშაოების დროს კომისიის რეგისტრატორებს 370 000 ადამიანთან ჰქონდათ შეხება, მათგან 130 000 პიროვნების მონაცემი ჩასწორდა. სიაში არასწორად იყო მითითებული 6000 პიროვნების პირადობის დამადასტურებელი მონაცემები. რეგიონის მასშტაბით კი სიაში 3000 გარდაცვლილი ადამიანის სახელი და გვარი აღმოჩნდა. რეგისტატორებმა 10 000 ადამიანთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს, რადგან ისინი არ აღმოჩნდნენ მითითებულ მისამართებზე.
როგორც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხელმძღვანელმა სამეგრელოს რეგიონში კახა ჯიქიამ რადიო „ათინათთან“ საუბრისას აღნიშნა საველე სამუშაოების შესრულების დროს რეგისტატორებისთვის ხელის შეშლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სოფლის გამგებელს, რომლებიც ცდილობდნენ რეგისტრატორთა მიერ სიების დაზუსტების პროცესი გაეკონტროლებინათ.
კომისიის მიერ გადამოწმებული მონაცემების ოფიციალური შედეგი 1 აგვისტოს გახდა ცნობილი. სიები განთავსდა როგორც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ვებგვერდზე, ასევე ცესკოს ოფიციალურ გვერდზე.
ერთი თვის განმავლობაში ამომრჩეველს საშუალება აქვს sms გზავნილით და ინტერნეტის საშუალებით შეამოწმოს საარჩევნო სიაში საკუთარი თავი და რაიმე უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდეს კომისიას - განაცხადა კახა ჯიქიამ.
მასალის გამოყენების პირობები