ზუგდიდში,ფაიფურის ყოფილ ადამინისტრაციულ შენობაში იმ დევნილების განაცხადებების მიღება დაიწყო,რომლებიც თბილისის ქუჩაზე მშენებარე ობიექტში ფართით დაკმაყოფილების სურვილს გამოთქვამენ. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება და 256 დევნილი ოჯახისთვისაა გათვლილი.
დევნილთა სამმართველოში აცხადებენ, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დევნილი რაც უფრო ადრე შეავსებს სააპლიკაციო ფორმას მით უფრო არსებობს საცხოვრებელი ფართების მიღების დიდი ალბათობა. დევნილთა სამმართველოში ირწმუნებიან, რომ არანაირი კავშირი არ არსებობს,აპლიკაციის შევსების თარიღსა და საცხოვრებელი ფართების მიღებას შორის.
“ერთადერთი კრიტერიუმი საცხოვრებელი ფართების მიღებისას არის ის ქულები, რომელსაც მათ მიანიჭებს სამინისტრო” – აცხადებს აჭარა სამეგრელო–ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსი ირაკლი ქოჩუა.ორი დღის განმავლობაში ზუგდიდში აპლიკაცია 150- მდე ოჯახმა უკვე შეავსო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში რეგიონში მიმდინარე პროცესებს პირადად აკონტროლებდა. მამუკა ცოტნიაშვილმა აპლიკაციების შევსების დაწყებაში მონაწილეობა მიიღო და დევნილებს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები