რუბრიკები
სამშენებლო ხარვეზი დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში
თეა შონია, ზუგდიდი(ოქტომბერი) წელიწად ნახევარზე მეტია, რაც ზუგდიდში, ბერანძის ქუჩაზე, სააფთიაქო ქსელის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილთა 74 ოჯახი, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და ფართების დაკანონებას უშედეგოდ ითხოვს. „20 წელზე მეტია, რაც სახლზე ვოცნებობთ, როგორც იქნა ეს ოცნება აგვისრულდა. ისეთი გახარებულები ვიყავით, როცა გამოგვიცხადეს ახლად გარემონტებულ ფართებში შეგასახლებთო. თუმცა აქ როცა შემოვედით გულები დაგვისკდა. აუტანელი ნესტია, კარ-ფანჯარა ზოგგან არ იკეტება, ზოგგან არ იღება, იატაკი აიყარა, ჭერიდან წყალი ჟონავს“,- ყვება გალის რაიონიდან დევნილი, 64 წლის გულნარა გაბისონია. ,,კანალიზაციის სუნისგან ვიხრჩობით, ვეღარ ვსუნთქავთ. ღამეები არ გვძინავს. გარშემო ერთი ხეც არ დგას. ჩვენ გვინდოდა ნარგავების დარგვა, მაგრამ აგვიკრძალეს მიწა თქვენი საკუთრება არ არისო. ამას ისიც ემატება, რომ შენობას პანდუსი არ აქვს და თვეობით გარეთ ვერ გავდივარ’’, - წუხს ოჩამჩირიდან დევნილი, 64 წლის თინათინ ყოლბაია, რომელიც მეორე ჯგუფის ინვალიდია. „საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, კანალიზაციის დახეთქილი მილებიდან, ფეკალური მასებიც ჟონავს. აბაზანაში და საპირფარეშოებში მეტლახი კი არ დაუგიათ, უბრალოდ დაალაგეს. იატაკსა და ჭერში არსებული ხვრელებიდან თაგვები ამოდიან. ელექტროგაყვანილობა მოუწესრიგებელია’’, - ამბობს გალიდან დევნილი, 25 წლის სალომე ხორავა, რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ,,აქედან სულ რაღაც 30 მეტრში ჭაობია, საიდანაც უამრავი კოღო და ბუზი მოდის, ბავშვები სულ დაკბენილები არიან. მწერებს ვინ ჩივის, რაც ის ჭაობები ამოავსეს იქედან ქვეწარმავლები ჩვენ კორპუსს მოეძალნენ. თავად ნახეთ სარდაფში რა სიბინძურეა, ეს სააფთიაქო ქსელის სამმართველოს შენობა იყო და წამლების ნარჩენებითა და შპრიცებით არის აქაურობა სავსე, რასაც ზედ სამშენებლო ნაგავიც ემატება, რომელიც რემონტის დასრულების შემდეგ აქ დაგვიტოვეს’’, - დასძინა მან. ზუგდიდში, სააფთიაქო ქსელის ყოფილ შენობაში, დევნილები 2014 წლის მარტში შეასახლეს. სარემონტო სამუშაოები, სააფთიაქო სამმართველოს ყოფილ შენობაში, სახელმწიფოს დაკვეთით, სამშენებლო კომპანია შპს ,,ბლოკ ჯორჯიამ’’ შეასრულა. შახი ლატარია ,,ბლოკ ჯორჯიას’’ ყოფილი წარმომადგენელია ზუგდიდში, რომელიც პირადად უწევდა ორგანიზებას სარემონტო სამუშაოებს. ,,შენობა სპეციალურმა კომისიამ ჩაიბარა. იმ დროისთვის იქ არ იყო წყალგაყვანილობა და ელექტროენერგია. ხალხი ისე შეასახლეს ბინებში, რომ სველი წერტილები არ ფუნქციონირებდა. ვედროთი, რომ ჩარეცხავ უნიტაზს აბა რა დაემართება. თანაც ჩვენ სამუშაოების შესრულება მკაცრი ზამთრის პირობებში, დაჩქარებული ტემპით მოგვიწია . სამშენებლო და მშენებლობის დაწყებამდე იქ არსებული ქიმიური ნარჩენების გატანა კონტრაქტით ჩვენ არ გვევალებოდა. წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემების მონტაჟი ჩვენ არ გვევალებოდა. კონტრაქტის თანახმად და იმ თანხის ფარგლებში, რაც იყო გამოყოფილი ყველაფერი გავაკეთეთ’’, - აცხადებს ლატარია. დევნილთა ჩივილებისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის თავის მართლების საპასუხოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ზუგდიდის ტერიტორიულ ორგანოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა აცხადებს, რომ - ,,ვინაიდან შპს „ბლოკ ჯორჯიამ“ და სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში ჩართულმა სხვა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ აღმოფხვრეს შენობაში არსებული ხარვეზები, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უკვე საკუთარ თავზე იღებს დაშვებული შეცდომების გასწორებას’’. ,,გამოცხადებულია ტენდერი წყალგაყვანილობისა და შენობის გადახურვითი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად. ხარჯებს დაფარავს სამინისტრო. რაც შეეხება,შპს „ბლოკ ჯორჯიას“ პასუხისმგებლობის საკითხსა და სამშენებლო პროცესის დროს დაშვებულ ხარვეზებს გამოიკვლევს თბილისის პროკურატურა. სამუშაოებს სავარაუდოდ მალე დავიწყებთ, ხარჯთაღრიცხვა უკვე წარდგენილია სამინისტროში’’, - დასძინა ჩილაჩავამ. სააფთიაქო სამმართველოს ყოფილ შენობაში შესახლებული დევნილები საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებასთან ერთად, წელიწად ნახევრის წინ გადაცემული ფართების დაკანონებასთან დავშირებული დაპირების შესრულებასაც ითხოვენ. ,,მიუხედავად დაპირებისა ბინები ჯერაც არ გაგვიფორმებია. დადიოდნენ აქ ვიღაცეები და გვატყუებდნენ, ყველაფერს გავარკვევთო, მაგრამ ამ დრომდე კონკრეტული პასუხი არც ერთ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით არ მიგვიღია’’, - ამბობს დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი, 54 წლის ოთარ ბერანძე. სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის იურისტი რუსუდან პაჭკორია, დევნილებს, ფართების დაკანონებასთან დაკავშირებულ იურიდიულ პროცედურებს განუმარტავს.,,დევნილებმა ოფიციალურად უნდა მიმართონ სამინისტროს. სადაც მოქმედებს საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზე მომუშავე კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კანონით გაწერილი პროცედურების შესაბამისად. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დგება ერთიანი სია და ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება დევნილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის, შემდეგაც საკუთრება რეგისტრირდება საჯარო რეესტრის სააგენტოში’’. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ზუგდიდის ტერიტორიული ორგანოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა, დევნილებს, რომლებიც წელიწად ნახევრის განმავლობაში ელოდებოდნენ სამინისტროს ოფიციალურ პასუხს, ფართების დაკანონების ვადებს უკონკრეტებს. "დევნილებისთვის ფართების დაკანონების საკითხი, შენობაში სამშენებლო ხარვეზების აღმოფხვრისთანავე, ოქტომბრის თვემდე მოგვარდება“, - განაცხადა IWPR-თან საუბრისას ჩილაჩავამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.