ზუგდიდში წინასაარჩევნო პროცესი აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა. თუმცა რამდენიმე კანდიდატის საარჩევნო შტაბი უკვე ფუნქციონირებს და წინასაარჩევნო მზადებაც მიმდინარეობს.
ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბი ზუგდიდში ოფიციალურად სამი კვირაა მუშაობს, როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზამირა ღადუა ამბობს, საარჩევნო უბნები კორდინატორებით უკვე დააკომპლექტეს. მისივე ინფორმაციით ბურჯანაძე ზუგდიდს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ეწვევა და ის ამომრჩევლების გარდა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმესაც შეხვდება.
„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ზუგდიდის ინტელიგენციის აბსოლუტური უმრავლესობა ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს უჭერს მხარს. ეს ციფრი თანდათან იზრდება და ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტება გარდაუალია“, - განაცხადა რადიო „ათინათთან“ საუბარში ზამირა ღადუამ.
ყოფილი მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბში განმარტავენ, რომ არჩევნებისთვის მზადება თვეზეა მეტია დაიწყეს. როგორც შტაბების ხელმძრვანელი ლაშა დამენია ამბობს, ისინი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკვე მზად არიან.
დამენია ასვე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათ საარჩევნო შტაბთან მუდმივად შეინიშნებიან, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს მათ პრობლემებს არ უქმნით. ბაქრაძე ზუგდიდელ ამომრჩევლებთან შეხვედრას, 11 სექტემბერს გეგმავს, სადაც დაახლოებით 3 ათასამდე ამომრჩეველს ელოდებიან.
„ახლა მთავარია ხელისუფლებამ არ მოახდინოს ზეწოლა საოლქო კომისიებზე და არ მიაღებინოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები“, - ამბობს ლაშა დამენია.
საარჩევნო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი თარგამაძის შტაბში. მათი თქმით, ისინი შექმნილ ვითარებას რეალურად აფასებენ და ამბობენ, რომ თარგამაძის გამარჯვების ილუზია არ ააქვთ.
თარგამაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახაბერ სარიას განმარტებით , ისინი მომავალი საპრეზიდენტო არჩვენებს დამკვირვებლების საშუალებით გააკონტროლებენ.
„ძალიან ცუდია ის რაც ხდება ამ არჩევნებზე. წინა არჩევნებისგან განსხვავებით , ამ არჩევნებზე, როგორც საოლქოში, ისე უბნებშიც მხოლოდ ორ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას ჰყვათ კომისიის წევრები, რაც დააკნინებს ამ არჩევნების დემოკრატიულობას“, -ამბობს კახაბერ სარია და დასძენს, რომ მუხედავად ამისა, საპრეზიდენტო არაჩვენების ლეგიტიმურობას „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“ ეჭვქვეშ არ დააყენებს.
,,ეროვნულ დემოკრატიული პარტიისა“ და „საქართველოს ევროპელი დემოკრატების” მიერ წარდენილ საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ხარატიშვილის, საარჩევნო შტაბი სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიხსნება. მანამდე კი, ხარატიშვილმა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად, გასულ კვირას,
ზუგდიდიდან დაიწყო. ის ამომრჩევლებს არტ გალერეაში შეხვდა და საპრეზიდენტო პროგრამა ვრცლად გააცნო.
„ჩვენი ტაქტიკური გეგმის ერთ-ერთი ნაწილია, რეგიონის მასშტაბით, საარჩევნო უბნები მოვიცვათ დამკვირვებლებით და ამით გავაკონტროლოთ არჩევნები“, აცხადებს ედპ-ს ზუგდიდის კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა მაქაცარია.
ზუგდიდიში ერთ-ერი პირველი ნესტან კირთაძეს საარჩევნო შტაბი გააქტიურდა, თუმცა, როგორც შტაბში განმარტავენ, ფართო მასშტაბიანი საარჩევნო კამოპანის დაწყებისგან, ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ. შტაბის ხელმძღვანელი ვახუშტი ფარცვანია არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ნესტან კირთაძეს სახელმწიფოსგან დაფინანსება ჯერ არ მიუღია.
„სამთავრობო რესურსი ყოველთვის გაზულუქებულად წარმოაჩენს ხოლმე საარჩევნო კამპანიას, ჩვენ კი ხელმოკლედ ვცხოვრობთ. აი ამას ნიშნავს უსამართლო და არათანაბარი საარჩევნო გარემო“, - აღნიშნა რადიო „ათინათთან“ საუბარში ვახუშტი ფარცვანიამ.
რაც შეეხება მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბი ზუგდიდში ჯერ არ გახსნილა. კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში კი საარჩევნო შტაბის გახსნასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი და კომენტარისგან თავს იკავებენ.
ზუგდიდის #67 საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით საარჩევნო უბნის კომისიის წევრობაზე, უპრეცენდენტო რაოდენობის განცხადება შევიდა, ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ნანა ოყუჯავას განმარტებით, წელს, საარჩევნო უბნებზე საოლქოს მიერ დასანიშნი კომისიის წევრობის თითოეულ კანდიდატს, საოლქოს წევრთან მოუწევს გასაუბრება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი შერჩევა. მისივე თქმით, საოლქოსთვის მნიშვნელობა არა აქვს იქნებიან თუ არა კომისიის წევრები რომელიმე პარტიის მხარდამჭერები, მისივე განცხადებით, მთავარია არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს.
სოფო ხუბულავა
მასალის გამოყენების პირობები