ინტერვიუ
ინტერვიუ საქართველოში გერმანიის ელჩთან პეტერ ფიშერთან (ვიდეო)
სამეგრელოში ვიზიტის დროს, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, რადიო „ათინათს“ ინტერვიუ მისცა.

ელჩმა ისაუბრა იმ ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომელსაც გერმანიის მთავრობა და საელჩო, ათეული წლებია, უწევს საქართველოს და მათ შორის, ჩვენს რეგიონს.

დიპლომატმა ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო, მათ შორის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებზე გათვლილ პროექტებს. ელჩის თქმით, ამ დრომდე, გერმანიის მხარდაჭერით საქართველოში დაფინანსდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, ელექტროსისტემა, წყალმომარაგება, გარემოს დაცვა, საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სხვა.

მან ყურადღება გაამახვილა, „აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რადგან ევროკავშირს მოაქვს მშვიდობა დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, აღნიშნულმა კანონმა კი შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს საქართველოს ეევროინტეგრაციისკენ სვლას.

ელჩმა რეგიონში ვიზიტის მიზნებზეც ისაუბრა, რა დროსაც, აღნიშნა, რომ ხობის მუნიციპალიტეტს, ავსტრიის ელჩთან ერთად, გადასცეს გერმანული წარმოების, შესაბამისად აღჭურვილი სახანძრო მანქანა.

ის შეეხო გერმანიასა და ჩვენს რეგიონს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია რეგიონული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს მისცემს თავისი პოტენციალის გამოვლენის, ქვეყნის და ერის განვითარებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას.


მოგესალმებით, ბატონო ელჩო, მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის. ეს სამეგრელოში თქვენი პირველი ვიზიტია? რას გეგმავთ მის ფარგლებში

დიდი მადლობა! ძალიან მიხარია, რომ თქვენთან სტუდიაში მოსვლის შესაძლებლობა მომეცა. სამწუხაროდ დღეს მხოლოდ მცირე ხნით ვარ სამეგრელოში - ხვალ მესტიაში მივდივარ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და ინტერვიუში შევეხები იმას, თუ რამდენად კარგი ურთიერთობები და მეგობრობა არსებობს ამ რეგიონსა და გერმანიას შორის. გზად ხობში სახანძრო განყოფილებას ვეწვიე. დღეს ჩემ ავსტრიელ კოლეგასთან, საქართველოში ავსტრიის ელჩთან ერთად ვმოგზაურობ. ჩვენ ევროკავშირში მეზობლები და მეგობრები ვართ, და ხობშიც ერთად ვეწვიეთ სახანძრო განყოფილებას. ავსტრიამ ხობის სახანძროს საჩუქრად გადასცა ცეცხლის ჩასაქრობი მანქანა. ეს მანქანა არის გერმანული წარმოების და მასში არსებული დანადგარების დიდი ნაწილიც გერმანიაშია დამზადებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მანქანაში არის საჭრელი ხელსაწყო, რომელსაც მძიმე ავარიების დროს იყენებენ ავტომობილის გასაჭრელად. ეს ერთადერთი საჭრელი აპარატია მთელს რეგიონში და ეს არის ნათელი მაგალითი კარგი პარტნიორობისა ამ რეგიონსა და ავსტრიასა და გერმანიას, ანუ ევროკავშირს შორის.

გერმანია - საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა 30 წელზე მეტს ითვლის, ამ დროის განმავლობაში, გერმანია სხვადასხვა მიმართულებით დიდ დახმარებას უწევდა ჩვენს ქვეყანას, როგორ შეაფასებდით ამ თანამშრომლობას, საელჩოს მიერ განხორციელებულ რომელ პროექტებს დაასახელებდით, როგორც პრიორიტეტულს, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ევროინტეგრაციისკენ გზაზე?


დიახ, ნამდვილად ასე არის. გერმანიასა და საქართველოს დიდი ხნის პარტნიორობა აქვთ, და ეს უფრო მეტია, ვიდრე პარტნიორობა. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ჯერ კიდევ 1918 წელს გერმანელებმა პირველებმა აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა. კონსტიტუციის შემუშავებისას 1918 წელს ასევე იყო გერმანიასა და საქართველოს შორის კომუნიკაცია, ხოლო 1991-92 წლებში გერმანია ასევე პირველი იყო, ვინც საქართველოში ელჩი გამოაგზავნა. ჩვენი პარტნიორობა ემყარება იმას, რომ საქართველოს სურდა დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება. ჩვენ გვაქვს დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა ჩვენ ქვეყანაში და ძალიან ვაფასებთ ამას, ამიტომ სიამოვნებით ვთანამშრომლობდით საქართველოსთან და მხარს ვუჭერდით მას. ამას დაემატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ვართ ევროატლანტიკური ქვეყანა და გვინდა, რომ საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს, ამიტომაც გვაქვს ასეთი მჭიდრო პარტნიორობა, რასაც ახლა კიდევ დაემატა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. ეს ჩვენს ინტერესში შედის, გერმანიის ინტერესში, ევროკავშირის ინტერესში. ჩვენ ვამბობთ, რომ ევროკავშირი საუკეთესო გარანტიაა მშვიდობის, დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ბედნიერი საზოგადოებისათვის, ადამიანების ბედნიერი განვითარებისთვის. რაც უფრო დიდია ეს არეალი, მით უფრო კარგია ეს ყველა ჩვენთაგანისთვის. ამიტომ გვაქვს ეს პარტნიორობა. გერმანიამ დაახლოებით 2 მილიარდი (ერთი მილიარდი ათასი მილიონია) ევრო სახელმწიფო ფული, ანუ თანხა გერმანელი გადამხდელების მიერ გადახდილი გადასახადებიდან, ჩადო საქართველოში, განვითარების სფეროში თანამშრომლობაში. ჩვენი აქტიური პორტფოლიო მოიცავს დაახლოებით ერთ მილიარდ ევროს. ჩვენ განსაკუთრებით ვაფინანსებთ სხვადასხვა დარგებს, მაგალითად დიდი დახმარება გავუწიეთ საქართველოში მთლიანი ელექტროსისტემის ქსელს, ჩვენი დახმარებით შეიქმნა თითქმის ყველა დაცული ტერიტორია საქართველოში. ჩვენ ასევე აქტიურები ვართ და დიდ ფულს ვხარჯავთ (დაახლოებით 100 მილიონ ევროს) საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის. აქტიურად ვთანამშრომლობთ პროფესიული განათლების სფეროში, ასევე წყლის ინფრასტრუქტურის დარგშიც. მთელი ბათუმი გერმანულ წყალს სვამს - იმ გაგებით, რომ ჩვენ ვეხმარებოდით წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასევე საგზაო მოძრაობის, ბიზნესის განვითარების სფეროებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის მცირე პროექტები, რომლებიც ადამიანებს აკავშირებენ ერთანეთთან, მაგალითად სტიპენდიების გაცემა, გერმანული ენის გაკვეთილები. აქ სამეგრელოშიც გვაქვს დაფინანსებული ბევრი მცირე პროექტი, განსაკუთრებით აფხაზეთის ადმინისტრაციულ ხაზთან. ეს პროექტები ეხმარება მოხუცებს, სამედიცინო დაწესებულებებს, შშმ პირებს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ განათლების პროექტებს ახალგაზრდებისათვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, რომელთა განხორციელების დროსაც ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებიან და მაგალითად ელექტრიკოსის პროფესიას ეუფლებიან ან სხვა პროფესიებს. ამ პროექტებით განსაკუთრებით ვამაყობ, რადგან ისინი უშუალოდ ადამიანებს ეხმარებიან.

ბოლო წლები რთული აღმოჩნდა, როგორ შიდაპოლიტიკური კრიზისის, ასევე მსოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, პირველ რიგში, უკრაინაში ომს ვგულისხმობ, თუმცა, სწორედ ამ პერიოდში მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი, რამაც დიდი იმედი გააჩინა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი მოლაპარაკებების გახსნა უნდა ყოფილიყო.

სამწუხაროდ, ახლა გვაქვს ის მოცემულობა, რომ მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები ერთხმად აცხადებდნენ, რომ „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

როგორ შეაფასებთ ამ „შემოტრიალებას“ და „პოლიტიკური რიტორიკის ცვლილებას“, როგორც აღნიშნეთ ერთ - ერთი გამოსვლისას, რა საფრთხეებს შეიცავს ის და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა ამ ეტაპზე?



მართალი ბრძანდებით - მსოფლიო არეულია და სავსეა რისკებით, ჩვენ კი გვჯერა, რომ ჩვენი ევროკავშირის მოდელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე შეიქმნა, რომელიც წარმოიქმნა ნაციონალიზმის, მილიტარიზმის, ფაშიზმის, ანტიდემოკრატიული, არალიბერალური მოძრაობებიდან მიღებული გამოცდილებიდან, არის საუკეთესო გზა, რომელსაც მოაქვს მშვიდობა, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ისე იცხოვრონ, როგორც თავად სურთ, სადაც მათ აქვთ საზოგადოებრივი და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა, სადაც იცავენ გარემოს, სადაც დაცულია ადამიანების სოციალური მოთხოვნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპა საკმაოდ კარგია და მიმზიდველი და რომ კარგია ევროპაში ცხოვრება, ჩვენ სიამოვნებით ვცხოვრობთ ევროპაში. ახლა, რაც შეეხება მდგომარეობას საქართველოში. უკვე ვთქვი, რომ ჩვენ უკვე ოცდაათ წელზე მეტია, ერთად ვაშენეთ მჭიდრო პარტნიორობა და მეგობრობა. საქართველო დაგერმანია 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ მიმართულებით ერთად მიდიოდნენ და ყოველ დღე, ყოველ კვირა, ყოველ წელს ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებოდით ერთობლივ მიზანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი და რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია. მაგრამ როგორ ხდება ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში? გაწევრიანების მოკლე ფორმულა გამოიხატება იმაში, რომ წევრობის მსურველი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ევროპულ სტანდარტს. გაწევრიანების პროცესი არის სამართლებრივი, იურიდიული პროცესი და არ ითვალისწინებს იმას, თუ მე როგორ ვგრძნობ თავს, ვგრძნობ თუ არა თავს ევროპელად, ევროპული ოჯახის წევრად, რა ისტორია მაქვს, რა ცივილიზაციის ნაწილი ვარ. გაწევრიანება ნიშნავს, რომ გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროპული კანონმდებლობა. როდესაც ქვეყანა წევრი ხდება, ის იღებს ევროპულ კანონებს. თუ ამ კანონებს არ იღებს, ის ვერ გახდება წევრი. ეს სრულიად მარტივი და ნათელი ფორმულაა. თქვენ ახსენეთ ეგრეთწოდებული გამჭვირვალობის კანონი. ჩვენ უკვე მრავალჯერ და დეტალებში გვაქვს ახსნილი, რატომ არ შეესაბამება ეს კანონი ევროპულ სტანდარტს. საქართველომ მაინც მოინდომა ამ კანონის მიღება. საქართველომ შეიძლება ნებისმიერი კანონი მიიღოს - საქართველო სუვერენული ქვეყანაა, მაგრამ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია იმ კანონების მიღება, რაც მას სურს, და მაინც გახდეს ევროკავშირის წევრი. ამგვარად საქართველომ ამ კანონით და, სხვათა შორის სხვა კანონებითაც, შექმნა ფაქტი, რომელსაც ასევე ემატება გერმანიის და სხვა ქვეყნების მიმართ რიტორიკა, რომელიც არ არის პარტნიორული. პარტნიორები ერთმანეთს ასე არ ესაუბრებიან. ჩვენ ევროპელები ცოტა გაოგნებულები ვართ - 30 წლის განმავლობაში ვიყავით პარტნიორები და მეგობრები და უცებ როგორღაც გავხდით საშიშები და სარისკოები, და რატომღაც ისე აღარ გვექცევიან, როგორც პარტნიორებსა და მეგობრებს. ჩვენთვის იბადება კითხვა: რა უნდა საქართველოს? უნდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება? ამ კანონით ევროკავშირში გაწევრიანება ვერ მოხდება. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ: კარი ღიაა, მაგრამ საქართველო ამ კარში უნდა შევიდეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ეს ჩვენ ინტერესშია, ჩვენ გულითადად ვეპატიჟებით საქართველოს ევროკავშირში, მაგრამ არსებობს წესები და საქართველომ ეს წესები უნდა დაიცვას. და თუ მას ეს არ სურს, მაშინ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ამგვარად დღეს სამწუხაროდ ასეთი მდგომარეობა გვაქვს. ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, 30 წელი ჩვენ კარგები ვიყავით და უცებ გაჩნდა პრობლემა.

ასევე ცოტა ხნის წინ, გააკეთეთ განცხადება, რომ გერმანიის საელჩოს საქართველოს განვითარების თანამშრომლობის პროცესის გადახედვის პროცესშია - როგორ აისახება ეს იმ პროგრამებზე და შესაძლებლობებზე, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, ახალგაზრდები.

როგორც უკვე ვთქვი: უცებ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, ამიტომ ჩნდება კითხვა - როგორ უნდა გავაგებინოთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს პრობლემა არსებობს? ამისთვის ერთ-ერთი გზაა იმის განცხადება, რომ ჩვენ ახალ დაფინანსებებს ვაჩერებთ. ჩვენ ამჟამად აქტიური პორტფოლიო გვაქვს 1 მილიარდი ევროს ოდენობის პროექტებით, ეს პროექტები გაგრძელდება, რადგან არსებობს ხელშეკრულებები, პროექტები, რომლებიც 5-6 წელი გრძელდება. ჩვენ ხელშეკრულებებს ვიცავთ და პროექტების განხორციელება გაგრძელდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ თუ შეიცვლება ჩვენი ურთიერთობების საფუძველი, თუ საქართველოს სხვა პარტნიორობა სურს, თუ პარტნიორობა აღარ იქნება დამყარებული დემოკრატიაზე, საბაზრო ეკონომიკაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაშინ გვექნება სხვაგვარი პარტნიორობა, მაშინ ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა შევცვალოთ პარტნიორობა. ქვეყნებში, რომლებთანაც არ გვაქვს ასეთი მჭიდრო პარტნიორობა, როგორიც აქამდე საქართველოსთან გვქონდა, ნაკლებად ვთანამშრომლობთ მთავრობებთან, მაგრამ მხარს ვუჭერთ ადამიანებს. თქვენ განათლების სფერო ახსენეთ. განათლების სფეროს ეს ცვლილებები არანაირად არ შეეხება, რადგან ჩვენ გვსურს პარტნიორობა საქართველოსთან, ჩვენ ხომ 30 წლის განმავლობაში ინვესტიციებს ვახორციელებდით, ჩვენ ვმეგობრობთ ქართველ ხალხთან, სტუდენტებთან, მოსწავლეებთან. ჩვენ ამ მეგობრობის გაგრძელება გვსურს და ამიტომ ამ სფეროში, ასევე გარემოს დაცვის, კულტურის სფეროებში პროექტები გაგრძელდება და გაფართოვდება.

რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რისთვისაც მიილტვოდა ქვეყანა და რაც გათავლისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის?

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულიად გამჭვირვალეა. ყველაფერი შავით თეთრზე წერია. არსებობს ევროპული ხელშეკრულებები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, სადაც წერია, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. ევროკომისიაყოველ წელს აქვეყნებს დასკვნას ათივე კანდიდატ ქვეყანაზე. ათი კანდიდატი არსებობს, არა მხოლოდ საქართველო. გასულ წელს გვქონდა ცნობილი 12 პრიორიტეტი. ყველაფერზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ევროკომისიის ვებგვერდზე. ახლა გვაქვს 9 პუნქტი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, მათზე კამათი შეუძლებელია. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რატომ არ შეიძლება გარკვეულ საკითხებზე კამათი. არსებობს ევროკავშირში გაწევრების წესები, მაგალითად რამდენად სუფთა უნდა იყოს წყალი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ზებრა-გადასასვლელი ქუჩაზე, როგორი უნდა იყოს უსაფრთხოება, მაგალითად, რადიოს ტუდიაში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროკავშირის ცენტრალური თემა არის დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს კითხვით, როგორი არის ამ ქვეყანაში მდგომარეობა დემოკრატიის კუთხით, ტარდება თუ არა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არსებობს თუ არა სამართლებრივი სახელმწიფოს მიდგომები, ფუნქციონირებენ თუ არა დამოუკიდებელი, სამართლებრივი ინსტიტუციები და არსებობს თუ არა ქვეყანაში თავისუფალი საზოგადოება, რომლის მოქალაქეებიც მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და თავისუფლად წყვეტენ, რა მიმართულებით წავიდეს ქვეყანა. თუ ეს ყველაფერი არ არის ქვეყანაში, მაშინ ასეთი ქვეყანა წევრი ვერ გახდება. ამგვარად საქართველო ისევ უნდა დაუბრუნდეს იმ გზას, რომელიც გაწერილია ზემოთ ნახსენებ დოკუმენტებში, კრიტერიუმებში და მან ეს გამჭვირვალობის კანონი უნდა გააუქმოს.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე სამოქალაქო სექტორის და მედიის როლი, იმ ფონზე, როდესაც, მიუხედავად მოქალაქეების დიდი პროტესტისა, მიღებულია კანონი („გამჭვირვალობის შესახებ“), რომელიც ბევრად გაართულებს მათ მუშაობას?

სამოქალაქო საზოგადოებაზე მინდა შემდეგი მნიშვნელოვანი რამ ვთქვა: როგორც უკვე ვახსენე, ევროკავშირი ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და დემოკრატიის, კერძოდ კი ლიბერალური დემოკრატიის იდეებს. შემიძლია მხოლოდ ვურჩიო ყველა ქართველს, დაინტერესდეს და წაიკითხოს ევროპული ხელშეკრულებები. იქ წერია, რა არის ევროკავშირი, რატომ შეიქმნა ევროკავშირი. ევროკავშირი პირველ რიგში არის თავისუფალი და დემოკრატიული ორგანიზაცია, რაც ნიშნავს, რომ მთავარს ამ ორგანიზაციაში წარმოადგენს ინდივიდი ანუ თითოეული ადამიანი. ყველა ადამიანი არის თანასწორი და თავისუფალი. დემოკრატიაში თითოეული ადამიანი არის მეფე და ჩვენ, მოქალაქეები ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით წავა ჩვენი ქვეყანა. ამისათვის კი მოქალაქეები უნდა იყვნენ თავისუფალნი და მათ უნდა ჰქონდეთ უფლება და საშუალება, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში. ზოგი პოლიტიკურ პარტიაში მიდის, ზოგი პარლამენტში, ზოგი ჟურნალისტი ხდება, როგორც თქვენ, ზოგიც ამბობს, ქალთა უფლებები მაინტერესებს, ან უმცირესობათა უფლებებიო. ზოგს გარემოს დაცვის ინტერესი აქვს ან კიდევ ტრადიციული კულტურის შენარჩუნების საკითხები აინტერესებს. ერთნაირი ინტერესების ადამიანები ერთიანდებიან, აყალიბებენ ორგანიზაციებს და თავიანთი ინტერესებისათვის იბრძვიან. ეს აუცილებელი პირობაა დემოკრატიისათვის. ეს ორგანიზაციები არის სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები და ლიბერალურ დემოკრატიაში მათი შეზღუდვა დაუშვებელია. კიდევ ერთს ვიტყვი გამჭვირვალობის კანონზე: საქართველოში ხშირად ამბობენ: რატომ არ შეიძლება ეს კანონი გვქონდეს, ასეთი კანონი ხომ არის აშშ-ში, საფრანგეთში, ევროკავშირშიო, კანადასაც აქვსო. ეს არასწორია. ამ კანონებს აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ვერ შევადარებთ საქართველოს კანონს, რადგან ამ ქვეყნების კანონები მიზნად ისახავს უცხოური ინტერესების დაცვას, რაც ნიშნავს, რომ ის ეხება ორგანიზაციებს აშშ-ში თუ საფრანგეთში, რომლებიც საზღვარგარეთის რომელიმე ორგანიზაციასთან დებენ ხელშეკრულებას და უცხოელი ეუბნება მათ, ახლა ჩემი ინტერესები უნდა გაატარო, მე გაძლევ ფულს, დავალებას, რათა ჩემთვის, ჩემი ინტერესისთვის გააკეთო რაღაცო. ჩვენ ამას ლობირებას ვუწოდებთ. ეს ლეგიტიმურია, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს რეესტრი, რომ გამჭვირვალედ ხდებოდეს ყველაფერი, მაგრამ აქ, საქართველოში არსებობს 25 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთის ინტერესებს კი არ ატარებენ, არამედ თავიანთი ინტერესებით მოქმედებენ, მაგალითად მუშაობენ ქალთა უფლებებზე, გარემოს დაცვაზე, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესი და ამისათვის ისინი ფულს იღებენ უცხოეთიდან. ეს კანონი არის უხეშად არაპროპორციული ჩარევა საქართველოს მოქალაქეების ისეთ ძირითად უფლებებში, როგორებიცაა შეკრების თავისუფლება (არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა) და ინტერესების გამოხატვა (სიტყვის თავისუფლება). ამის შესახებ ვენეციის კომისიამაც განაცხადა, ამიტომ ამ კანონებს ერთმანეთს ვერ შევადარებთ. ლიბერალურ დემოკრატიაში, რომელსაც ევროკავშირში ვაფასებთ და ვიცავთ, მთავრობას ასეთი კანონით ვერ მივცემთ ინსტრუმენტს ხელში, რომლითაც მთავრობას შეუძლია შეზღუდოს და შეავიწროვოს სამოქალაქო საზოგადოება. მნიშვნელობა არ აქვს, როცა მთავრობა ამბობს, ამას არ ვიზამთ, ჩვენ ხომ კარგები ვართ, ყველა გვიყვარს და ყველას კეთილგანწყობილად ვექცევითო. არა, თავისუფალი საზოგადოება იცავს მოქალაქეების უფლებებს მთავრობის წინაშე. ამას ძალაუფლების გადანაწილებას ვეძახით. ამიტომ არის ეს კანონი ცუდი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება კარგია დემოკრატიისა და საზოგადოებისთვის. სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, აქტიური მოქალაქეების გარეშე არ იქნება დემოკრატია, ჩვენ კი გვჭირდება ინტერესების მრავალფეროვნება. მრავალფეროვნებას მოაქვს ინოვაციები და პროგრესი. როდესაც ყველა ერთნაირად ფიქრობს, იდეები არ წარმოიქმნება, არ მოდის კეთილდღეობა. ეს დემოკრატიაში არის თეორიული მიზეზი, რომელიც ამ კანონს ცუდს ხდის.

ჩვენის საუბრის ბოლოს, მინდა რეგიონს დავიბრუნდეთ, გერმანიის საელჩო ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა რეგიონის, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, მათ შორის, დეცენტრალიზაციის საკითხებს, დღეს როგორ ხედავთ, რეგიონის განვითარების და გაძლიერების შესაძლებლობებს, რა პოტენციალი აქვს მას?


მინდა იგივეს დავუბრუნდე, რაზეც ვისაუბრე: ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვნება, გვჭირდება რეგიონული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს მისცემს თავისი პოტენციალის გამოვლენის ქვეყნის და ერის განვითარებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სუბსიდიარულობაზე, ანუ იმ მიდგომაზე, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება მოქალაქეებთან რაც შეიძლება ახლოს ხდება. ასე არის გერმანიაში: ჩვენ არ ვართ ცენტრალიზებული ქვეყანა, არამედ ვავითარებთ რეგიონებს თავისი თავისებურებებით, მრავალფეროვნებით და ამ პოტენციალის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია - ყველა რეგიონი უნდა იყოს მიმზიდველი. ზოგიერთ ქვეყანაში საპირისპირო განვითარებას ვხედავთ - ყველა მოქალაქე დედაქალაქში მიდის, ან დიდ ქალაქებში, და ეს ტენდენცია სხვათა შორის გლობალურია. ამიტომ სოფლებში აღარ არის რკინიგზა, თეატრი, კინო, განათლება, ბანკი, აფთიაქი. რა ხდება მერე? ყველა გადადის დიდ ქალაქებში და ამით წაგებული რჩება საზოგადოება. ამიტომ ისეთი რეგიონები, როგორიცაა სამეგრელო, მნიშვნელოვანია. აუცილებელია ქვეყნის მრავალფეროვნების ხელშეწყობა, რათა გამოყენებული იყოს ყველა რეგიონის პოტენციალი. ჩვენ საუბარი იმით დავიწყეთ, რომ რისკებით აღსავსე სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი არასასურველი ტენდენციაა, გლობალური ტრენდები, მაგალითად კლიმატის ცვლილება, ავტორიტარიზმი, პოპულიზმი, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიან და ჩვენთვის იმის წართმევა სურთ, რისთვისაც ამდენი გვიბრძოლია. თუ გვინდა ბედნიერი განვითარება, მაშინ მთელი პოტენციალის გამოყენება გვჭირდება.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
Rakuten Viber-მა, გლობალურმა უსაფრთხო შეტყობინებების პლატფორმამ და სუპერ აპლიკაციამ, კომუნიკაციის დაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ახალი გადაწყვეტილებები გამოუშვა. ამიერიდან, ბიზნესს შეუძლია სწრაფად
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
08 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 6 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.