ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
Covid-19: როგორ დაიწყო წელი აფხაზეთში (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ ეპიდვითარება გაუარესდა, როგორც ამას მედიკოსები და ეპიდემილოგები ვარაუდობდნენ. მთავარ კოვიდ-ლაბორატორიას, რომლის მუშაობა, დღესასწაულების გამო, დროებით შეჩერებული იყო, 3 იანვრიდან რესპუბლიკის ყველა სტაციონარში დაგროვილი ანალიზების დამუშავება ერთბაშად უწევს. მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის წარმომადგენელი ალისა მატუა, ამბობს, რომ ლაბორატორიის გადატვირთვას, ხშირ შემთხვევაში, ვირუსის სიმპტომების არმქონე მოქალაქეების მომართვიანობის ზრდაც იწვევს. "სანამ პაციენტი სისხლს ჩააბარებს, მას უნდა დაუდასტურდეს პასუხი PCR ტესტირებით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის დადებითია, რომ არ გადავტვირთოთ კოვიდპაციენტებთან მომუშავე ლაბორატორიები. ასე უბრალოდ არ შეიძლება, რადგან სამუშაოს მოცულობა კოლოსალურია", - აღნიშნავს მატუა.

იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებულთათვის საჭირო ანალიზების ჩასატარებლად აუცილებელი რეაქტივები დაზოგონ, სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ანალიზებს მხოლოდ ექიმის მიმართვის საფუძველზე და მხოლოდ კოვიდდადებითი პაციენტებისთვის აკეთებენ. "სისხლის საერთო ანალიზი გაშლილი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, პროკალციტონინი, ჰემოსტაზი, გაშლილი ბიოქიმიური და რა თქმა უნდა, ანტისხეულებზე", - ამბობს ლაბორატორიის ექთანი თ
ამარა ხაჯი-ოღლი.

ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში ყველა კვლევის ჩატარებას ვერ ასწრებენ. გამონაკლისს სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტები წარმოადგენენ. სხვა შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება მხოლოდ ბიოლოგიურ მასალას იბარებს, რომელიც შემდგომ ორ ლაბორატორიაში იგზავნება: რესპუბლიკური საავადმყოფოს მეორე ბლოკში და შიდსის ცენტრის ლაბორატორიაში, განმარტავს ალისა მატუა. "დიდი მადლობა კოლეგებს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ, მე მათ უხილავი ფრონტის მეომრებს ვუწოდებ, ეს ადამიანები, ისევე, როგორც სხვა კოლეგები, დღე და ღამე მუშაობენ... ეს ოცდაოთხსაათიანი სამუშაოა, პაციენტი შეიძლება ნებისმიერ დროს შემოვიდეს და შენ ვალდებული ხარ ის გამოიკვლიო", - ამბობს ოპერატიული შტაბის წარმომადგენელი.   

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა, ახალი წლის დადგომასთან ერთად, ქუჩებში ხალხმრავლობა მაინც შეიმჩნევა, მათ შორის ბევრია რუსი ტურისტიც, რომელიც სოხუმში ახალი წლის შესახვედრად და დასასვენებლად ჩავიდა. - ნახევარი მსოფლიო დაკეტილია ჩვენთვის და კარგია, რომ აქ ჩამოსვლის საშუალება მოგვეცა. ჯერ ერთი - სითბოა, ზღვა, სივრცე და მართალი გითხრათ, გაცილებით უფრო იაფია აქ ყველაფერი, ვიდრე სხვაგან.  

- კარგად გვმასპინძლობენ, აქ შესანიშნავად ვატარებთ დროს, არაჩვეულებრივი გარემოა, რაც მთავარია, თბილა, როცა მოვფრინავდით, ჩვენთან მინუს 32 გრადუსი იყო, აქ კი პლიუს 15 დაგვხვდა.


სოხუმის სანაპიროზე ბევრი ადგილობრივიც სეირნობს. მათ უმრავლესობას დაინფიცრიების ეშინია, ნაწილი თვლის, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო გასამკაცრებელია, ზოგი ფიქრობს, რომ ზომების გატარება უკვე დაგვიანებულია. არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში, ვირუსი ყველამ უნდა გადაიტანოს. - მე ვთვლი, რომ საშიშია, აი, მივდივარ დღეს და ვფიქრობ, ნეტა სადმე ვირუსს არ ავიკიდებდე.

- ხომ ხედავთ, ინფექცია გეომეტრიული პროგრესით ვრცელდება, ყოველ ჯერზე, სულ უფრო მეტი ადამიანი გადის ტესტირებას, ამიტომ, ძალიან მკაცრი ზომებია მისაღები.

- კარანტინი საქმეს ვერ უშველის, რადგან უკვე ძალიან ბევრია ინფიცირებული, სტატისტიკა თქვენ ჩემზე უკეთ იცით ალბათ.  

- მე ვფიქრობ, ყველამ უნდა გადავიტანოთ, სანამ ყველა არ გადაიტანს ამ დაავადებას, ალბათა მანამდე გაგრძელდება ეპიდემია, სავარაუდოდ, ასეა, მაგრამ, ეს ჩემი აზრია მხოლოდ.


ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, აფხაზეთში 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. ამ პერიოდში Covid 19 - ით გამოწვეული გართულებებისგან 19 ადამიანი გარდაიცვალა.

მათ შორის, ვინც რესპუბლიკაში კორონავირუსით დაინფიცირდა, პრეზიდენტი ასლან ბჟანია და მთავრობის მეთაური ალექსანდრე ანქვაბიც აღმოჩნდნენ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასლან ბჟანიას შემთხვევაში დაავადება მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს, ალექსანდრე ანქვაბი კი მკურნალობის გასაგრძელებლად 4 იანვრიდან გუდაუთის საავადმყოფოში მოათავსეს.

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 9 613 შემთხვევა გამოვლინდა.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
































Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.