ახალი ამბები
წარმოშობით ზუგდიდელი ფეხბურთელი, რომელიც უეფას ქალთა ლიგის ბომბარდირია
ზუგდიდის სოფელ რუხში დაბადებულ ნათია ფანცულაიას, რომელიც უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გარკვეული მიზეზების გამო სამშობლოს დატოვება 1 წლის ასაკში მოუწია. მას შემდეგ უკრაინაში ცხოვრობს და საქართველოში იშვიათად ახერხებს ჩამოსვლას. ფეხბურთს კი ბავშვობიდან თამაშობს და ამბობს, რომ ეს სპორტი მხოლოდ კაცების არ არის.
"ფეხბურთი ბავშვობიდან ჩემთანაა. პირველი ნაბიჯები სპორტის ამ სახეობაში ჯერ კიდევ სკოლაში გადავდგი. პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ სოფელში ვცხოვრობდი, სადაც სულ თამაშობდნენ ფეხბურთს. ბიჭებმა კარგად მიმიღეს თავიანთ შემადგენლობაში და ყველა შეჯიბრზე დავყავდით. ასე გახდა ფეხბურთი ჩემი ცხოვრების სიყვარული", - გვიყვება სპორტსმენი.


ნათიას არაერთ კლუბში უთამაშია, მათ შორის, "ატლეტიკო მადრიდში". ახლა კი ხარკოვის "ჯილსტროი 2"-ში თამაშობს და ამბობს, რომ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში იბრძვის.
"ბევრ საბავშვო ტურნირში მიმიღია მონაწილეობა, მოგვიანებით კი უკრაინის უმაღლეს ლიგაში წამიყვანეს. ისეთ უკრაინულ გუნდებში მითამაშია, როგორიცაა "როდინა კოსტოპილი", "ტერნოპოლიანკა", "ჟილსტროი 2" და "ლეგენდა". შემდეგ თურქულ ჩემპიონატში გადავედი და "ალგ სპორში" ვთამაშობდი, იქიდან გადავედი ესპანურ "ატლეტიკო მადრიდში". 4 თვის წინ დავბრუნდი უკრაინაში "ჯილსტროი 2"-ში, რომელთან ერთადაც ვიბრძვი ჩემპიონთა ლიგაში", - ამბობს ფეხბურთელი.


იმ ფაქტისთვის, რომ ის უეფამ ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აღიარა, განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, რადგან მისთვის გუნდის გამარჯვებაა მთავარი.
"რა თქმა უნდა სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ გუნდმა გაიმარჯვოს, პირადი მიღწევები კი მეორეხარისხოვანია. რაც შეეხება ჩემს გუნდს, რომელშიც ბოლო 4 თვეა ვთამაშობ, უკვე მოვასწარით უკრაინის თასის მოგება,  მაგრამ ეს ჩემი გოგონების, თანაგუნდელების დამსახურებაა", - მიიჩნევს ნათია.


უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაში, რომელშიც ისტორიაში პირველად ქართველი ქალი ფეხბურთელები ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ, ლანჩხუთელებს გულშემატკივრობს და ამბობს, რომ "ჩვენს გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია".

"ძალიან მომწონს ქართველი ფეხბურთელი ქალები, ყველა მათგანს აქვს ინდივიდუალიზმი და სიძლიერე. ეს არ არის მხოლოდ კაცების სპორტი, ამაზე ღიად შეიძლება საუბარი. ქალებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ითამაშონ მაღალ დონეზე, რომლის ყურებაც საინტერესოა. არ უნდა შევუქმნათ ქალთა შესაძლებლობებსა და სურვილებს ჩარჩოები", - თვლის ფეხბურთელი.

ჩვენს კითხვაზე, ქალები უფრო რთულად აღწევენ თუ არა წარმატებას სპორტის ამ სახეობაში, ამბობს, რომ რა თქმა უნდა კი, თუმცა ეს დამოკიდებულია ქვეყანაზე და მის კულტურაზე.

"თითქმის ყოველი ჩემი დღე გაწერილია და დატვირთულია. ყოველდღე გვაქვს ვარჯიში, წვრთნა, ტაქტიკის შემუშავება და ა.შ. რა თქმა უნდა გვაქვს თავისუფალი დღეებიც, როცა ვაკეთებთ ჩვენს საქმეებს", - გვიყვება ის.

საქართველოში ჩამოსვლას პირველივე შესაძლებლობაზე აპირებს. გვითხრა, რომ ქართულ სამზარეულოზე შეყვარებულია და მეგობრებთან ერთად ქართულ რესტორნებსაც ხშირად სტუმრობს.

"2-3 წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ, რადგან უფრო ხშირად ამის შესაძლებლობა არ მაქვს. ძალიან მიყვარს საქართველო და ვამაყობ რომ ეს ჩემი სამშობლოა. მომწონს ჩვენი კულტურა და ტრადიციები. ასევე სიგიჟემდე ვარ შეყვარებული ქართულ სამზარეულოზე. მიყვარს ყველაფერი , მაგრამ ხაჭაპური ჩემთვის არის ერთგვარი სიწმინდე.  უკრაინაში ხშირად ვსტუმრობ ქართულ რესტორნებს. ჩემს მეგობრებსაც უყვართ ქართული კერძები. იმედი მაქვს ზაფხულში  ჩამოვალ საოცარ ქვეყანაში - ჩემს ქვეყანაში", - ამბობს ქართველი ფეხბურთელი ქალი.
29 წლის ნათია ფანცულაია უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. ფანცულაია და სერბი ვიოლეტა სლოვიჩი ოთხ-ოთხი გატანილი გოლით რეიტინგის სათავეში არიან. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.