"მონატრებას ვერ აქარწყლებს ვირტუალური კომუნიკაცია" - პანდემიის გამო ენგურს გაღმა და გამოღმა ჩარჩენილები (ფოტო/ვიდეო)
16:34 / 15.02.2021
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ სულ ცოტა ხნის წინ, 11 თებერვალს, ისევ ცალმხრივად გახსნა ათი თვის წინ ჩაკეტილი ენგურის ხიდი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გადასასვლელი პუნქტით თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიის მოქალაქეები ისარგებლებენ. პირველ ეტაპზე უპირატესობა მიენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და პენსიონერებს, თუმცა ჯერ არავინ იცის, კვლავ როდის დაიკეტება დროებით გახსნილი ენგურის ხიდი.
ჩვენ გალიდან სამეგრელოს რეგიონში გადმოსულ მოქალაქეებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გავესაუბრეთ. პენსიის ასაღებად გადმოსული მგზავრები, რომლებიც წითელბანერიან სამარშრუტო ,,მობილურ ბანკთან’’ რიგში იდგნენ, ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე კამერის წინ საუბარს თავს არიდებდნენ.
ერთ-ერთი მათგანი, გალის რაიონის სოფელ თაგილონში მცხოვრები 71 წლის ლიანა ზაქარაია დაგვთანხმდა ჩაწერაზე და მოგვიყვა, რომ გალიდან პენსიის ასაღებად გადმოვიდა, ცოტა ხანში თანხის მიღებისთანავე კი უკან უნდა დაბრუნდეს. ამბობს, რომ პანდემიამდე საზღვრის კვეთას ოჯახის წევრების მოსანახულებლად და სხვადასხვა საჭიროებისთვის ხშირად ახერხებდა. ახლა კი ენგურს გამოღმა მცხოვრებ ოჯახის წევრებს ტელეფონის საშუალებით უკავშირდება. ახლახან ნათესავი გარდაეცვალათ, ოჯახის წევრებმა მიცვალებული დისტანციურად დაიტირეს.
"ტელეფონით ვუკავშირდები ჩემებს, ტელეფონის ანგარიშზეც ფულს ისინი მირიცხავენ, რადგან აქ არც არის ჩასარიცხი აპარატი. 46 წლის ახლობელი კაცი გარდაგვეცვალა და დამ მისი ძმა ვერ დაიტირა, ბიძაშვილმა ვერ დაიტირა და ტელეფონით ტიროდნენ. სიკვდილის მეტი არაფერი არ ხდება ჩვენთან... თავისუფლად გადმოვედი, პენსიის ასაღებად ვარ მოსული აქ, რიგში ვდგავარ, ძალიან გვიჭირდა და სულზე მოგვისწრო ამ პენსიამ, ეს პენსია რომ არ იყოს, იქით რასაც ვიღებთ (500 რუბლი) ის არც გვყოფნის, აქაური დახმარებებით ვსულდგმულობთ, ძალიან გვიჭირს. ოჯახის წევრები, შვილები, შვილიშვილები ყველა ზუგდიდში მყავს, ჩვენ თითქმის მოხუცები ვართ გალში დარჩენილები, აქ ახალგაზრდებისთვის არავითარი პერსპექტივა არ არის", - ამბობს გულისტკივილით ლიანა ზაქარაია.
მოქალაქეების ენგურის ხიდზე ტრანსპორტირებას, ორივე მიმართულებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს. ოკუპირებული გალიდან ხიდის გადაკვეთა და უკან, გალში დაბრუნება, ჯერჯერობით, კვირაში სამჯერ - ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს იქნება შესაძლებელი.
გოგუცა ჯახაიას, რომელიც მეუღლესთან ერთად აფხაზეთიდან იძულებით წამოსვლის დღიდან ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, ენგურის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ, გალში გადასვლა არ უცდია. იქ დარჩენილ ნათესავებს ყოველდღე ტელეფონით ელაპარაკება და წუხს, რომ მათთან აუცილებელი მედიკამენტების გაგზავნას ვერ ახერხებს.
"რაც პანდემია დაიწყო ჩემს ნათესავებთან კავშირი მაქვს ტელეფონით, იქით გადავიტანთ ამ ვირუს თუ აქით გადმოვიტანთ არც ვიცით, თავშეყრის ადგილებშიც არ დავდივართ მე და ჩემი მეუღლე, იმიტომ რომ გვეშინია. ხშირად ვურეკავ "მაგთიფიქსით" ნათესავებს. იქაც, ვინც მოხუცია, ოჯახში რჩებიან არ დადიან არსად, ძვირია, მაგრამ იქ ყიდულობენ წამლებს, აქიდან ვინ გადაუტანს", - გვიყვება გოგუცა.
კონფიდენციალობის დაცვით დაგვთანხმდა საუბარზე გალელი პირველი კურსის სტუდენტი, რომელიც თბილისიდან გალში ოქტომბერში დაბრუნდა და ოკუპირებულ რეგიონში ჩარჩა. გვიყვება, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად, ჩაკეტილი პუნქტის პირობებში, შეიძლება, საკუთარი ენგურის გადაცურვა დასჭირვებოდა.
"აქ ჩავრჩი. ინტერნეტი ცუდად იჭერს და ხშირად ონლაინ ლექციებს ვერ ვესწრები. ენგურის ხიდი ჩაკეტილია, მიმოსვლა არაა, ამიტომაც იძულებული ვართ ენგური წყლით გადმოვცუროთ, დავემალოთ რუსებს, რომ არ დაგვიჭირონ და არ დაგვაჯარიმონ. ახლა ენგურზე წყალი მომატებულია და ვერ გავრისკავდი. მალე უნივერსიტეტში მეწყება ფინალურები, ჯერ პრაკტიკულებზე გვიწევს მისვლა უნივერსიტეტში და პრაკტიკულებზე თუ არ მოხვალთ გამოცდაზე ვერ დაგიშვებთო", - გვეუბნება ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები სტუდენტი. მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 12-დღიანი საკარანტინო ვადა 5 დღემდე შეამცირა, კარანტინის ვადის სრულად გაუქმების მოთხოვნით, ინტერნეტში ონლაინ პეტიცია გამოჩნდა. პეტიციას ახლა 300-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
"მოვითხოვთ რომ გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინი აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის. საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეუქმნას ადამიანური პირობები გალის მოსახლეობას! მოვითხოვთ რომ შეიმუშაოთ ახალი გეგმა და დროულად მოახდინოთ რეაგირება", - აღნიშნულია პეტიციაში.
ოჯახის დახმარების გარეშე დარჩა 21 წლის სტუდენტი ნიკა ჯახაია, რომელსაც გალიდან მშობლები პროდუქტებსა და ფულს უგზავნიდნენ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი პანდემიამდე სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობდა, სასტუმროს დახურვის შემდეგ კი ეს მცირე შემოსავალიც დაკარგა. ნიკამ გვიამბო, რომ სახელმწიფომ მას ერთჯერადი დახმარება გაუწია საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენის ნივთებით.
"ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნა იმ ადამიანებს, ვინც საზღვარს აქეთ დავრჩით. ჩემი პრობლემები მდგომარეობდა იმაში, რომ არანაირი საარსებო წყარო არ მქონდა, შემიწყდა ყველაფერი, ბინის ქირას ვერ ვიხდიდი, მშობლები ფიზიკურად ვერ მიგზავნიდნენ ფულს აფხაზეთიდან . არ იყო საკვები რაღაც პერიოდი, დევნილთა სამინისტრო დაგვეხმარა მე და ჩემს მეგობრებს საჭმლის პაკეტებით . ამ პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენზე, იმ ბავშვებზე რომლებიც აქ დავრჩით ოჯახის გარეშე. ვერ ჩავდივარ საზღვარი სულ ჩაკეტილია, რომ გადავიდე და ისევ იქ ჩავრჩე, არამგონია გადავიტანო, არც მაქვს სურვილი გადმოპარვით გადმოვიდე", - ამბობს ნიკა.
მისივე თქმით, "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის" არც სურვილი აქვს და არც ჯარიმის გადახდა შეუძლია. და და დედა აფხაზეთიდან სამი თვის წინ თბილისში წავიდნენ, გალში დარჩნენ მამა და ბებია, რომლებიც თვეებია აღარ უნახავს. მათ ძირითადად ინტერნეტით უკავშირდება. ამბობს, რომ ბებიის კუთვნილ პენსიას, როგორც მინდობილი პირი, თვითონ იღებს და ნაცნობის დახმარებით გალში აგზავნის.
ერთი წელია მშობლები და ძმები არ უნახავს ზუგდიდში მცხოვრებ ნათია ეხვაიას. მისი განმარტებით ენგურის გამშვები პუნქტის დაკეტვამდე, აფხაზეთში დარჩენილი ოჯახის წევრები სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ. გალში მარტივად ვერც ჯანმრთელობის ცნობას იღებენ და საავადმყოფოში მისულებსაც გრძელ რიგში დგომა უწევთ. ვიდრე მისი ოჯახის წევრები აფხაზეთიდან გადმოსვლას მოახერხებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ტელეფონის ან ინტერნეტის საშუალებით იგებს და ძალიან წუხს, რომ ერთი წელია ვერაფრით ეხმარება.
"მამაჩემს რამდენჯერმე აქვს გადატანილი ინსულტი მსუბუქ ფორმებში, ძირითადად სამედიცინო მომსახურებას უწევდნენ ზუგდიდში, ხან ქუთაისში დავდიოდით. ეხლა რაც გზები ჩაიკეტა საერთოდ ვერ გადმოდიან. შემოვლითი გზებით მათი გადმოსვლა არის შეუძლებელი, შიშის ფაქტორია, მდინარე ან წყალი უნდა გადმოცურონ და ვერ ახერხებენ. დედაჩემს აქვს არანაკლები პრობლემა ჯანმრთელობის, იმიტომ რომ კატარაქტის პრობლემა ქონდა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, გზები რომ ჩაიკეტა დარჩა ისე. ერთ თვალზე ქონდა მხოლოდ გასაკეთებელი და ახლა მეორე თვალზე გადავიდა და ფაქტიურად ძალიან მცირე პროცენტებით თუ აქვს მხედველობა. ჩემს ძმასაც ფილტვების პრობლემა აქვს გამოკვლევები უნდა გაეკეთებინა, მკურნალობის კურსი ჩამთვარებული ქონდა, მერე მოუსწრო პანდემიამ გზების ჩაკეტვამ და შემდეგი ეტაპის გამოკვლევები, რაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ვერაფერი ვერ ჩაიტარა’’ – გვეუბნება ნათია.
გალის რაიონის სოფელი ნაბაკევიდან სექტემბერში ზუგდიდში დაბრუნდა სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი ილია გამსახურდია. მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრები ერთი წელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან. მათთან კომუნიკაციას კი დღემდე ტელეფონით ან ინტერნეტის საშუალებით ახერხებს.
"მაშინ, როდესაც ჩვენ წასვლა გვინდა და ახლობლების ნახვა, ამ მონატრებას ვერ აქარწყლებს, ვერც ინტერნეტი და ვერც მობილური, ამიტომაც ეგ ძალიან მტკივნეული მომენტია. ჩემი ოჯახის წევრები დაახლოებით ერთი წელია რაც არ გადმოსულან, ძირითადად შემოსავალი იქ არის თხილი, სიმინდი და რა შემოსავალიც აიღეს ძლივს იკმარეს წელიწადის განმავლობაში, ორ თვეში ერთხელ წამლებს აქიდან ვუგზავნი . ჩემი ოჯახის წევრები ფიზიკურად ვერ გადმოვლენ ახლა აქით და ვინც უკიდურეს მდგომარეობაში იყო და გადმოსვლა გაბედა დაიჭირეს ან ვიღაც კინაღამ წყალმა წაიღო", - ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბარში ილია.
სოხუმმა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარზე ერთადერთი გამშვები პუნქტი, პანდემიის მიზეზით გასული წლის 14 მარტს ჩაკეტა. მას შედეგ, ის დროებით, ხუთჯერ, რამდენიმე დღით, ცალმხრივად გაიხსნა და დაიხურა. ენგურის ხიდს პანდემიამდე ყოველდღიურად ასობით მოქალაქე კვეთდა.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
მთავრობამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოღაში მდებარე 3125 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ, რომელსაც
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები