მულტიმედია
როგორ ემზადებიან ტურისტული სეზონისთვის ანაკლიასა და განმუხურში (ფოტო/ვიდეო)
ანაკლიასა და განმუხურში მდებარე სასტუმროებისა თუ ჰოსტელების მეპატრონებმა, ზაფხულის სეზონისთვის მზადება ერთი თვეა დაიწყეს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტურისტებისთვის გახსნილი სამეგრელოს ზღვისპირეთი თითქმის ცარიელია.
სანაპიროსთან სიახლოვეს მდებარე სასტუმრო ,,თეთრი სახლი ანაკლიაში’’ სტუმრების მისაღებად განსაკუთრებულად მოემზადა.

სასტუმრეს მეპატრონემ მარინა თოდუამ, რადიო ,,ათინათს’’ უთხრა, რომ ზაფხულის სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განაახლა და დაგეგმა ღონისძიებები, რომლებიც აქ ჩამოსული მოგზაურებისთვის მიმზიდველი უნდა აღმოჩნდეს.

,,ძალიან კარგად მოვემზადეთ წელს, დავამატეთ კვების ობიქტი, უფრო უკეთ მოვამზადეთ ყველაფერი, დავამატეთ ახალი თანამშრომლები. გვყავს ძალიან ცნობილი ბარმენი, რომელსაც დავტოვებ საიდუმლოდ, საინტერესო რომ იყოს უფრო და ამიტომ არ ვიტყვი სახელსა და გვარს. ძალიან კარგი რაღაცები გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობთ, რომ ბევრი აქტივობა გვექნება და ბევრად საინტერესო და მიმზიდველი ვიქნებით წელს ვიდრე შარშან’’.

ნომრების წინასწარი ჯავშნები ახლაც აქვს, თუმც ისე აქტიურად არა, როგორც პანდემიამდელ პერიოდში.

მარინას ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სასტუმროს ნომრის ფასი არ გაუზრდია. ამბობს, რომ, შარშან მისი ბიზნესი ადგილობრივი ვიზიტორების ხარჯზე გადარჩა.

,,მე ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი ქართველების, ამ შიდა ტურიზმმა გადაგვარჩინა და ბევრმა აღმოგვაჩინა, სხვათა შორის. გვეგონა, ჩვენ გვიცნობდნენ უკვე და ჩვენი სტუმრები ბევრს გადასცემდნენ და მოდიოდნენ, მაგრამ ბევრმა ანაკლია აღმოაჩინა და ძალიან მადლიერი ვარ ქართველების, რომ ასე მხარში დაგვიდგნენ’’, - ამბობს საოჯახო სასტუმროს მეპატრონე.
მარინა თოდუა ზღვაზე დამსვენებელს პირველი ივლისიდან ელოდება. აპრილსა და მაისში თითო-ოროლა სტუმარი მიიღო, საქმიანი ვიზიტით ჩასულ სტუმრებსაც გაუმასპინძლდა. ამბობს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად სვანეთისკენ მიმავალი ტურისტების სიმრავლე, მის ბიზნესზეც მოქმედებს.

,,როცა სვანეთში მიდის ტურისტი და მეტი დამსვენებელია, ეს ჩვენზეც გავლენას ახდენს , იმიტომ რომ სვანეთში ბევრი წამსვლელი შემოივლის ჩვენთან, ერთი ან ორი დღე რჩება და შემდეგ მიდის სვანეთში, უკანა გზაზეც შემოდიან. ჩვენ უფრო საქმიანი ვიზიტით გვყავდა სტუმრები, ზღვაზე ჩამოსული ტურისტი ჯერ არ მიმიღია. სხვათა შორის პანდემიიდან გამომდინარე, როცა დათბა ბევრი ჩამოვიდა, რომ სუფთა ჰაერზე ყოფნილიყო და დაესვენა“.

მარინა თოდუა, წინა წელთან შედარებით, წელს უფრო იმედიანადაა. მიიჩნევს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა და დაგეგმილი ფესტივალი უცხოელ ტურისტებსაც შემოიყვანს ანაკლიაში. ფიქრობს, რომ Echowaves-ის ფესტივალი უფრო ხანგრძლივი დროით უნდა ტარდებოდეს ანაკლიაში.

,,წელს ცოტა უკეთესი პირობებია ამ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით, უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე შარშან და ვნახოთ, შეიძლება, უფრო უცხოელებიც შემოვიდნენ. ახლა ავია-ხაზები როგორც ვიცით, აღდგა, კიდევ ახალი დაემატა და ამიტომ იმედი გვაქვს. თუმცა არ არის ეს საკმარისი, 4-დღიანი ფესტივალი ვერ ,,ამოქაჩავს’’ ჩვენს ბიზნესს. ეს არის ძალიან მინიმალური, ისიც კარგია, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთკვირიანი მაინც რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა. უფრო შედეგი იგრძნობოდა და ხელჩასაჭიდი იქნებოდა ჩვენთვისაც, მაგრამ სულ არაფერს ჯობია’’.

ანაკლიაში საოჯახო ტიპის სასტუმროს, ,,ოქროს სახლს’’ ჯერჯერობით არც სტუმრები ჰყავს და არც ჯავშნები აქვს. სასტუმრომ ცოტა ხნის წინ, მხოლოდ რუსეთიდან ჩამოსული ოჯახი მიიღო ერთი კვირით.

,,ამჟამად ტურისტები არ გვყავს. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიაა, საგრძნობლად იგრძნობა ჩვენთან, რომ ხალხის სიმრავლე არ არის და კანტიკუნტად თუ ჩამოვა ვინმე, ერთი დღით ან ორი დღით მაქსიმუმ. ორი დღის წინ წავიდნენ ტურისტები, რუსეთიდან იყო ჩამოსული ოჯახი, ერთი კვირით. სეზონი გახსნილია უკვე, თუმცა ჯავშნები არ მაქვს’’, - გვითხრა საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ ელისო კვარაცხელიამ.

ელისო ამბობს,რომ მისი ბიზნესიც შარშან შიდა ტურიზმმა გადაარჩინა. გასულ ზაფხულს ჩასული ტურისტების ძირითადი ნაწილი დედაქალაქიდან იყო.

,,ოქროს სახლი’’ მესამე წელია მუშაობს. სასტუმროს ათი ოთახი აქვს. წელს ტურისტებს სიახლეებით ხვდება - ეზო გაალამაზეს და ზედა სართულზე ვერანდა დაამატეს.
,,წინა წელს გაცილებით უფრო მეტი დამსვენებელი, იყო წელს ალბათ გამომდინარე იქიდან,რომ საქართველოში უფრო დაფიქსირდა ეს ვირუსი, ამის გამო ცოტა შენელდა. საოჯახო ტიპის სახლია და ტურისტებს მოსწონთ იმიტომ, რომ ჩვენ ბაღი გვაქს, ეზო. დამსვენებელს აინტერესებს, ათვალიერებენ, ეცნობიან აქაურ ადათ- წესებს. ტურისტები უკმაყოფილონი არ რჩებიან’’, - გვიყვება ელისო.
 საოჯახო სასტუმრო კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული სავალდებულო რეკომენდაციების დაცვით მუშაობს. მის მეპატრონეს იმედი აქვს, რომ ეს ზაფხული შარშანდელზე უკეთესი იქნება.

სასტუმრო ,,ანაკლიაში’’ ვიზიტორების სიმრავლე შევნიშნეთ, თუმცა როგორც სასტუმროს მენეჯერმა, ლევან ჩხიკვაძემ გვითხრა, ერთდღიანი საქმიანი ვიზიტით საფეხბურთო გუნდი მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე წელია სასტუმროში მომსახურების ფასები გაანახევრეს და მინიმალური დატვირთვით მუშაობენ, ივნისში დამსვენებელიც და წინასწარი ჯავშნებიც ძალიან ცოტაა.


,,დამსვენებელი ჯერჯერობით არ ჩანს. ამინდები, აი დღეიდან გამოვიდა ფაქტობრივად და იმედია, აწი უკვე იქნება ტურისტი. ჯავშნებს რაც შეეხება, წინასწარი ჯავშნები ცოტა გვაქვს. ივლისი, აგვისტო - ამ თვეებში ყოველთვის არის ტურისტი ჩვენთან’. ნომრებიც არ გვაქს იმდენი, სულ ორმოცი ნომერია. ფასები რაც წინა წელს გვქონდა, იგივეა ახლაც“ - გვიხსნის ლევან ჩხიკვაძე.


,,ყველანაირ რეკომენდაციას ვიცავთ აბსოლუტურად, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის მოწოდებული, გავიარეთ აკრედიტაცია და გვაქვს ლიცენზია, გვაქვს უფლება მუშაობის“, - ამბობს საოჯახო სასტუმროს მფლობელი მაია ფიფია.


სხვების მსგავსად, ტურისტებს ისიც ივლის-აგვისტოში ელოდება. ჯავშნები ახლაც აქვს, მაგრამ არა იმდენი, რაც 2019 წელს ჰქონდა. მისი სასტუმრო სახლი რვა ნომრიანია და ერთდროულად 20 სტუმრის მიღება შეუძლია.

,,ივნისის თვეში ნაკლები იყო ჯავშნები. მაისის თვეში გვყავდა სტუმრები, ძირითადად ქართველები, თუმცა იყო სამი ჯავშანი უცხოელებისგან. რა თქმა უნდა, შემცირებულია ტურისტების ნაკადი 2019 წელთან შედარებით, თუმცა უცხოელი ტურისტების ჯავშნები გვაქვს. 2020 წელს ქართველი ტურისტები იყვნენ, მეგონა რომ არ იქნებოდა მოთხოვნა, მაგრამ ზაფხულის სეზონი ვიყავით დატვირთულები, სულ ცდილობ რომ განვაახლოთ და ჩვენი მომსახურების სერვისი გავაუმჯობესოთ. ვიმედოვნებთ, რომ კარგი სეზონი გვექნება საზაფხულოდ’’, - გვითხრა მაია ფიფიამ.განმუხურში მდებარე 5–ვარსკვლავიანი კოტეჯური კონცეფციის სასტუმრომ Anaklia Resort Pratap’s Signature-მა ახალი ტურისტული სეზონი 1 ივნისს გახსნა. ,,პრატაპ’ ს სიგნიჩას’’ ოპერაციული მენეჯერის, მაია ჭიჭინაძის თქმით, მანამდე სასტუმრო მთელი ერთი წელი საკარანტინე სივრცედ გამოიყენებოდა. მას შემდეგ, რაც სასტუმრო განაახლეს და სეზონი გახსნეს, საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტების ჯავშნებმაც მოიმატა.

,,ჯავშნები გვაქვს საქართველოდან, ძალიან აქტიურობს „გალფის“ ქვეყნები, აქტიურობს რუსეთი, პოლონეთი, ყაზახეთი. ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ქუთაისში ახალი ფრენები დაემატა ხელმისაწვდომი ფასებით. ივლისი - აგვისტო დატვირთული გვაქვს. მოგეხსენებათ, აგვისტოში ასევე იმართება ფესტივალი. 19 აგვისტოდა 23-მდე და სასტუმროს 70% თითქმის უკვე გაყიდულია’’.


როგორც მაია ჭიჭინაძე განმარტავს, თანამშრომლები სრულად შეინარჩუნეს, მომსახურების ფასები კი დაწიეს, თუმცა მისი თქმით, ეს მიდგომა ცუდად აისახა სასტუმროს ბიუჯეტზე.

,,ფასები, რა თქმა უნდა, დავწიეთ. ეს მარტო ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, მთელ საქართველოში მოხდა ფასების გადაკორექტირება და ჩვენც შესაბამისად მოვერგეთ წლევანდელ ბაზარს. თუმცა ეს სასტუმროს ბიუჯეტზე ძალიან ცუდად აისახება. თანამშრომლები სრულად შევინარჩუნეთ, რაც ნამდვილად ჩვენი მფლობელების დამსახურებაა იმიტომ, რომ თუნდაც საკარანტინე პერიოდშიც „სტაფი“ სრულად იყო დასაქმებული. წელს დავიმატეთ კიდეც თანამშრომლები, რადგან სასტუმროში ბევრი რამ განვაახლეთ’’.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით სანაპირო ზოლი პერიოდულად სუფთავდება.

შპს ,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS-ის” დირექტორის, ბესიკ თოდუას თქმით, განახლდა სპორტული მოედნები, შეიცვალა ელექტრო მოწყობილობის სისტემები, მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები და აკვაპარკის რეაბილიტაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ანაკლია-განმუხურში საზაფხულო სეზონი 1 ივლისს გაიხსნება. მათივე თქმით სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა სახის სპორტულ-კულტურული ღონისძიება, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. 1 ივლისს მიიღებს დამსვენებლებს განმუხურში მდებარე აკვაპარკი „ანაკლიაც“.

რიგით მესამე Echowaves - ის ფესტივალი, რომელიც წელს დაგეგმილი იყო, აღარ გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორები ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია დღეს გაავრცელეს და მიზეზად კოვიდვითარებას ასახელებენ. მათივე განმარტებით, ფესტივალი 2022 წლამდე გადაიდო. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 2020 წელსაც პანდემიის მიზეზით არ ჩატარებულა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.