სარეკლამო მასალა
65 წლის ნანის ამბავი ადასტურებს, რომ სიმსივნის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
65 წლის ნანი საღრიშვილმა ჩეხეთის კარიტასის მიერ აშენებული "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის" წყალობით, მკერდის სიმსივნე ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინა და დაავადების დამარცხებაც შეძლო. "როგორც ექიმი მეუბნება, ამიერიდან შემიძლია სამუდამოდ დავემშვიდობო სიმსივნეს", - აღნიშნავს ნანი.

65 წლის ნანი სამუდამოდ ემშვიდობება სიმსივნეს

გურიის რეგიონის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნანი საღრიშვილი იხსენებს, რომ დაბანისას მკერდზე შემთხვევით შენიშნა პატარა ბურთი, თუმცა, თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია და მხოლოდ შვილების თხოვნით გადაწყვიტა ექიმთან მისულიყო:

"რაღაცნაირი შიში მქონდა, სიტყვა "კიბო, სიმსივნეც" კი ძალიან არასასიამოვნოდ ჟღერდა ჩემთვის. თავდაპირველად მშვიდად ვიყავი, რატომღაც ცუდის მოლოდინი არ მქონდა. თუმცა, როდესაც ჩემი მეგობრის დაჟინებული მოთხოვნით "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში" გამოკვლევები ჩავიტარე, დასკვნაში დამიწერეს, რომ მეორე სტადიის სიმსივნე მქონდა. ცხადია, ამ დიაგნოზმა ძალიან შემაშინა. თუმცა, ექიმებმა თბილად ამიხსნეს, რომ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და მას აუცილებლად ექნებოდა დადებითი შედეგი".

ნანი ამბობს, რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ, 4 კურსი ქიმიოთერაპია დასჭირდა, რათა დაავადება სრულად დაემარცხებინა.

"რომ არა "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი", რომელმაც რამდენიმე ასეულობით ლარის უფასო გამოკვლევები უზრუნველყო, ჩემი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამის გადახდას ნამდვილად ვერ შევძლებდი", - ამბობს ნანი.

დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მნიშვნელობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2015-2019 წლების ანგარიშში – "ავთვისებიანი სიმსივნეები საქართველოში" აღნიშნულია, რომ 2019 წელს საქართველოში კიბოს ყველა ლოკალიზაციის 10 339 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 4 578 (44.3%) – კაცებში, ხოლო 5 761 (55.7%) – ქალებში. აღსანიშნავია, რომ ლოკალიზაციის მაჩვენებლით, ყველაზე მეტი შემთხვევა (1 629) სარძევე ჯირკვლის კიბოზე მოდის.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ უსიმპტომო პაციენტების სიმსივნურ უჯრედებზე შემოწმებას (ან იმ ანომალიური უჯრედების გამოვლენას, რომლებიც, შესაძლოა, სიმსივნურ უჯრედებად იქცნენ), დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და ამ გზით, სიკვდილიანობის ალბათობის შემცირებას, ალტერნატივა არ გააჩნია.

კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ქვეყანაში 2015 წლიდან ფუნქციონირებს, 2015-2019 წლებში საქართველოს გადარჩენის მაჩვენებელი უმჯობესდებოდა. ეს, უმეტესწილად, გამოწვეულია ქვეყანაში დანერგილი უფასო სკრინინგ პროგრამით, რომელიც 10 წელია ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყანა გადარჩენის მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

"თბილისის სკრინინგ ცენტრის" 10-წლიანი მუშაობის პარალელურად "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის" დაარსების, ასევე, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საინფორმაციო კამპანიების ფონზე, მოსალოდნელია სკრინინგ პროგრამაზე მომართვიანობის კიდევ უფრო ზრდა. მოსახლეობის უფრო და უფრო მეტი ნაწილის სკრინინგ პროგრამაში ჩართვა სტატისტიკას უკეთესობისკენ შეცვლის, რამაც შესაბამისად უნდა შეცვალოს გადარჩენის მაჩვენებელიც.

ჩვენს ქვეყანაში სახელწიფო სკრინინგული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოსტირება უფასოდ ხორციელდება, 2008 წლიდან ამოქმედდა. 2019 წლამდე, დასავლეთ საქართველოს მოსახლებისთვის სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაზე ხელმისაწვდომობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რადგან სკრინინგ ცენტრი მხოლოდ დედაქალაქში ფუნქციონირებდა.

ჩეხეთის კარიტასის ინიციატივითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, 2019 წელს "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი" აშენდა. დაარსებიდან ორი წლის განმავლობაში ცენტრი 5 845 პაციენტს მოემსახურა, რომელთაგან 4 035-ს მკერდის, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის სკრინინგი ჩაუტარდა. სკრინინგ პროგრამის წყალობით, კიბოთი დაავადებულ ასობით პაციენტში დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა, რამაც მათ საშუალება მისცა დროულად დაეწყოთ მკურნალობა და დაემარცხებინათ სიმსივნე.

"ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის" სამედიცინო დირექტორი – ირინა ფოჩხუა განმარტავს, რომ ადგილობრივი ცენტრის დაარსებამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა, ფაქტობრივად, დაუცველი იყო კიბოს მიმართ. სტატისტიკის გათვალისწინებით, ის განსაკუთრებულ აქცენტს ძუძუს კიბოს პრევენციაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ ცენტრის დაარსებიდან დღემდე, ძუძუს კიბოს 124 საეჭვო შემთხვევაა გამოვლენილი:

"მზარდ სტატისტიკას აქტიური საინფორმაციო კამპანია განაპირობებს, რომელიც პირდაპირ კავშირშია მომართვიანობის სიხშირესთან".

საინფორმაციო კამპანიის როლი

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეგრელოში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობა“ ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასი მუშაობს საინფორმაციო კამპანიაზე კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და უფასო სკრინინგ პროგრამების ხელმისაწვდომობის საკითხებზე. ორგანიზაციის თემის მობილიზატორები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მობილიზებას ახდენენ და მათ "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში" ორგანიზებულად ტრანსპორტირებაში ეხმარებიან. აღნიშნული მიმართულებით კარიტასი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან.

ჩეხეთის კარიტასის პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე მიიჩნევს, რომ სწორედ საინფორმაციო კამპანია ახდენს უდიდეს გავლენას ცენტრში მომართვიანობის ზრდაზე. თუმცა, განმარტავს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მნიშვნელობას:

"მომართვიანობის ჯერ კიდევ დაბალ მაჩვენებელზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას: პირველი, ცხადია, ინფორმირებულობის ჯერ კიდევ დაბალი დონე და კიბოს შემთხვევაში, დაავადების მიმართ დამკვიდრებული შიშია – ამ მიმართულებით, თუმცა, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კარიტასი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დაბალია პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარების კულტურა."

"პრობლემა კოპლექსურია და ყველანაირად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობა ამ პროგრამებში იყოს მაღალი, რათა მივიღოთ ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ხვედრითი წილის გაზრდა, შემდგომ კი გადარჩენის მაჩვენებელთა გაზრდა" ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ქრონიკული დაავადებების და ტრავმატიზმის სამმართველოს უფროსი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი – ნანა მებონია.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი „სამეგრელოში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობა“ ხორციელდება ჩეხეთის კარიტასის მიერ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია "ონკოპრევენციის ცენტრთან" თანამშრომლობით. პროექტის შედეგად, "ზუგდიდის სკრიგნინგ ცენტრი" ეროვნულ სკრინინგ პროგრამას "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან" თანამშრომლობით ახორციელებს და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ სკრინინგ სერვისებს უფასოდ უზრუნველყოფს.

"ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი" 2019 წლის ნოემბერში გაიხსნა და მიზნად სკრინინგ პროგრამაში ჩართულობის გეოგრაფიულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას ისახავს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში პროგრამით სარგებლობის საშუალება აფხაზეთში, ე.წ. საზღვრის მიღმა მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ.

"ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის" საკონტაქტო ინფორმაცია: კ. გამსახურდიას 198, ზუგდიდი. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია წინასწარ - გთხოვთ, ცენტრს დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 032 247 00 99. სამუშაო საათები: 09:30 - 17:00. 

ამავე თემაზე:




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.