რეგიონი
სეს: დევნილთა დასახლებაში არსებული ჭაბურღილის წყალი ჯანმრთელობისთვის არ არის უსაფრთხო
ხზუგდიდში ლაღიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება აღუდგა, თუმცა მისი დალევა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, დასახლებაში არსებული ჭაბურღილის წყალი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ "სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტს" არ შეესაბამება. ამავე დოკუმენტში წერია, რომ წყალში აღმოჩნდა კოლიფორმები ანუ ნაწლავის ჩხირი.



"აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წყლის ხარისხის კეთილსაიმედო შედეგების მიღებამდე მოსახლეობა გაფრთხილებული უნდა იქნეს, რომ სასმელად მხოლოდ გადადუღებული წყალი მიიღოს. ამასთან, ხარისხიანი სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად აუცილებელია უმოკლეს ვადაში განხორციელდეს რეზერვუარების რეცხვა-დეზინფექცია და მოხდეს გაუსნებოვნება საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად", - ნათქვამია სეს-ის დასკვნაში.

აღნიშნული დასკვნა მიმდინარე წლის 5 დეკემბრით თარიღდება და ის ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას სახელზეა გამოგზავნილი.

რას ამბობენ დევნილები


დასახლებაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ ორი წლის განმავლობაში უვარგის წყალს სვამდნენ და აქვე სვამენ კითხვას, ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს. ამასთან, ისინი უარს ამბობენ იმ დავალიანების გადახდაზე, რაც ეზოში მოწყობილი წყალსაქაჩისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოხმარებისთვის დაირიცხა.

"რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ სულ წყლის პრობლემაა. ეს თავიდანვე იყო, რადგან ამ კორპუსებში მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობდა და ისე ჩაიბარეს. შიდა კომუნიკაციები არსწორადაა დამონატაჟებული და ვვარაუდობთ, რომ სასმელ წყალში ხვდება ფეკალური მასა. ჭაბურღილი, რომელიც თავიდან გაითხარა, ერთხელ გაწმინდეს, ამანაც არ უშველა და მეორე გათხარეს, ახლა ისევ უვარგისია. ამას ის დავალიენებაც დაემატა წინა თვეს, რომ იყო გადასახდელი. მაინტერესებს უვარგის წყალში, რატომ უნდა გადავიხადოთ 20 000 ლარი? თუ ამ ობიექტს წყალკანალი აიყვანს თავის ბალანსზე და ქვითრები ინდივიდუალურად მოვა, იმას გადავიხდით. ეს რატომ უნდა გადავიხადოთ არ მესმის. ორი წელი გვწამლავდნენ ამ წყლით", - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ინეზა ფარულავა.



ჭაბურღილის წყალს, არც ირინა გამსახურდია ენდობა, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს. ის ამბობს, რომ სასმელ წყალს მარკეტში ყიდულობს.



"ამ წყალს მე ადრეც არ ვენდობოდი, ამას მარტო სარეცხად თუ გამოიყენებ. ბავშვები მომეწამლა და ვმკურნალობდი. კერძო სახლებიდან მომქონდა წყალი ისინიც უკვე აღარ მაძლევენ, დავღალეთ ხალხი. ამდენი წყლის საყიდი ფული კი არ გვაქვს", - უთხრა რადიო "ათინათს" ირინა გამსახურდიამ.

გასულ წელს მოწამლულ დევნილთა შორის, რომლებიც მკურნალობას ინფექციურ საავადამყოფში გადიოდნენ, ეთერ ხუბუას შვილიშვილიც იყო. ხუბუა ამბობს, ფაქტი ჩასახლებიდან რამდენიმე თვეში მოხდა.

"ავადმყოფი ვარ და წყლის ამომტანიც არავინ მყავს. ამ წყლის დალევაც არ შეიძლება... გადახარშეთო, მაგრამ მე პირადად ამას ვერ ვახერხებ. ყოველთვის მეზობელს ხომ არ შევაწუხებ, რომ გარედან ამომიტანონ წყალი. ამდენი ხანი რატომ ვერ მოგვარდა ეს პრობლემა არ მესმის, დაგვიავადდა ორგანიზიმი", - გვითხრა ეთერ ხუბუამ.

დევნილებთან სასმელი წყალი მეორე დღეა მუნიციპალიტეტის მერიას სპეციალური მანქანით დააქვს, თუმცა დევნილთა ნაწილი ამ წყალსაც არ ენდობა.


"არავინ იცის საიდან მოიტანეს ის წყალი. რატომ უნდა ვენდოთ, როცა ორი წელი გვწამლავდნენ",- ამბობენ დევნილები.

დევნილთა რეგიონული სამმართველოს პასუხი

აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და ლაღიძის ჩასახლებას საკუთარ ბალანსზე თვის ბოლოს აიყვანს. მისივე თქმით, დევნილებს წყლის პრობლემა ამის შემდეგ მოუგვარდებათ.


"დავალიანება კი ნახევარ ან ერთ წელზე გადანაწილდება და მას დევნილები ეტაპობრივად გადაიხდიან. რაც შეეხება დევნილთა ვარაუდს, რომ წყლის დაბინძურების პრობლემა მშენებლობის დროს დაშვებულ შეცდომას უკავშირდება, არამგონია სიმართლე იყოს, რადგან სამინისტრო ასეთ ობიექტს არ გადაიბარებდა", - აღნიშნა ჩილაჩავამ.

მერიის გეგმები

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ სანდოობის მიზნით აღნიშნული ჭაბურღილი წყალს ანალიზი ხელახლა უნდა ჩაუტარდეს.



"ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში მივაწოდეთ ეს ინფორმაცია მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადახარშული წყალი მიიღონ. წყლის შემოწმება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერაც მოხდა, მაგრამ მათი ლაბორატორიული კვლევით იქ საფრთხის შემცველი ბაქტერიები არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ საუბარია იმაზე, რომ წყლის ნიმუში აღებულ იქნა ბოლოსწინა შეწყვეტიდან, როდესაც  წყალი მყისიერად აღდგა, ხოლო სანდოობის თვალსაზრისით ნიმუში აღებული უნდა იყოს მინიმუმ 24 საათის შემდეგ. ჩვენ მივაწოდეთ ეს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს. შესაბამისად, უახლოეს დღეებში მოხდება ორივე უწყების მიერ ( წყალმომარაგება და სეს) ხელახალი კვლევა. დაველოდოთ, თუ ისევ განმეორებით მოვიდა პასუხი, რომ წყალი არ შეესაბამება სტანდარტებს, მოხდება ყველა ის გაწმენდითი და სადენზიფექციო სამუშაოები, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით", - აღნიშნა წოწერიამ.

რა რის კოლიფორმები


რაც შეეხება კოლიფორმებს, კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფი აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს. მათ პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები ეწოდებათ, ვინაიდან მოწამვლა ვითარდება მხოლოდ გარკვეულ პირობებში, კერძოდ, როდესაც ნაწლავის ჩხირი ადამიანის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად.



ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის გარეთ კოლიბაქტერიები ძირითადად ფეკალურ მასებში არსებობენ. ისინი ხასიათდებიან მაღალი გამძლეობით არახელსაყრელი პირობების მიმართ (ყინვა, მჟავე არე), შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა წყალში, ნიადაგსა და სხვადასხვა ნივთებზე. ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები მრავლდებიან, როგორ აერობულ ასევე ანაერობულ პირობებში, განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებიან 37გრადუს C-ზე, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს ოთახის ტემპერატურაზეც. თუმცა ამ ბაქტერიების განადგურება საკმაოდ იოლია - საკმარისია პროდუქტის (წყლის) 15 წუთით 60ºC-ზე გაცხელება.

კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს - ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა. შესაბამისად ნაწლავის ჩხირით გამოწვეული მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით - გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან უმადობით. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც.


როდის დაიწყო

აღნიშნულ დასახლებაში 2015 წელს ახლადაშენებულ კორპუსებში 320-მა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი. პროექტის ღირებულებამ 14,5 მილიონი ლარი შეადგინა. შესახლებიდან რამოდენიმე თვეში წყლის დაბინძურების შედეგად, ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს აღენიშნებოდათ.მათი ნაწილი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.

სასმელად ვარგისი წყლის მიწოდების მოთხოვნით თაბუკაშვილზე მცხოვრები დევნილები პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მათი პროტესტის შემდეგ გასული წლის აპრილში სასმელი წყალი, რომელიც მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული იყო გაწმინდეს, თუმცა დასახლებაში აღნიშნულმა პრობლემამ კვლავ იჩინა თავი. ამის შემდეგაც, აუცილებელი გახდა ახალი ჭაბურღილის გათხრა. ჯერ კიდევ მაშინ დევნილთა სამმართველო მოსახლეობას პირდებოდა, რომ ობიექტს "გაერთიანებული წყალმომარაგების" კომპანია უახლოეს მომავალში ჩაიბარებდა და წყლის უსაფრთხოებაზე კომპანია იზრუნებდა.



ამჟამად, დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ორი პრობლემის წინაშე დგანან. ჯერ კიდევ გაურკვეველია ვინ გადაიხდის დავალიანებას, რომელიც 20 ათას ლარს შეადგენს და როდის ექნებათ სუფთა წყალი, რომლის დალევა უსაფრთხო იქნება.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო ქიმიოტერაპია, ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება.
18 / აპრილი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
18 / აპრილი 2024
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს მთავრობასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ სადავო კანონპროექტის გაწვევით ქვეყანას საფრთხე ააცილოს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.