ახალი ამბები
„ეს ქვეყანა 9 აპრილის შვილია“ - დემოსტრანტების მოგონებები 29 წლის შემდეგ
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველზე, სადაც საბჭოთა ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიებმა, სხვა ათასობით ქართველთან ერთად ოჩამჩირელი ნონა ქობალია და კახათელი მანანა მებონიაც იყვნენ. ორივე მათგანი თბილისში საგანგებოდ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. მათ მიტინგებზე ერთმანეთი არ ახსოვთ და დეტალებსაც განსხვავებულად იხსენებენ.

ნონა ქობალია, რომელიც მაშინ 35 წლის იყო, აქციებზე 18 წლის დასთან და მის კურსელთან ერთად დადიოდა. ამბობს, რომ გამოსვლების შესახებ სწორედ დამ შეატყობინა და გააფრთხილა, რომ თბილისში „დიდი ამბები“ მზადდებოდა.

„ეს არ იყო პირველი დიდი აქცია, რომელშიც ვმონაწილეობდი. მანამდე იყო თებერვლის, ნოემბრის... არ შეიძლებოდა, რომ იქ არ ვყოფილიყავი. დაიწყო აფხაზეთის, ლიხნის ამბებით. ხუთი აპრილისთვის კი მოხდა გარდატეხა: უცებ მოიხსნა ყველა და დადგა საკითხად ერთადერთი მოთხოვნა - საქართველოს დამოუკიდებლობა“, - იხსენებს ქობალია.

დებს და მათ მეგობარს აქციის არცერთი დღე და არც ღამე გამოუტოვებიათ. ღამით მოშიმშილე ბიჭების სოლიდარობის ნიშნად რჩებოდნენ, იხსენებს, როგორ ჭამდა ათეულობით ადამიანი ერთ პურს, როგორ მოჰქონდათ პლედები და სჯეროდათ, რამე რომ მომხდარიყო, ეს პლედები გადაარჩენდათ. აქციების დარბევა იშვიათად მხოლოდ ტელევიზორში ენახათ და ფიქრობდნენ, რომ მათი ამბიციური მიზნის მისაღწევად „ერთი ხელკეტის“ დარტყმისთვის უნდა გაეძლოთ.



„8 აპრილს დავრჩით ცოტა, 800 კაცამდე. ხმა დაირხა, რომ მეტროდან ამოვიდნენ უცნაურ ფორმებში გამოწყობილები და ქართულ სპეცრაზმს არ გავდნენ... თუმცა პატარა ჩოჩქოლის შემდეგ სიტუაცია დაწყნარდა. მაშინ გვეგონა, რომ ეს ძალის დემონსტრირება იყო, აღმოჩნდა, რომ მათ გაცილებით მასშტაბური დარბევა სურდათ, რომ არასოდეს გაგვჩენოდა პროტესტის გამოხატვის სურვილი“, - გვიყვება ქობალია.

ყველაზე მძიმე გასახსენებელი მისთვის 9 აპრილის გამთენიაა, როცა წინა ღამის შემდეგ თბილისის ცენტრში, დაახლოებით, 8 000-მდე ადამიანმა მოიყარა თავი. ახლა ამბობს, რომ მაშინდელ მისი მოქმედებების ახსნა ფიზიკური კანონებით შეუძლებელია. დღემდე ვერ ხსნის, როგორ არ მოიწამლნენ ქიმიური ნივთიერებით, ან როგორ შეძლო ჭყლეტისგან საკუთარი თავისა და ორი ადამიანის დაღწევა.



„გამოჩნდნენ მოულოდნელად...დარაზმულები იყვნენ, დიდი ფარებით და კიდევ უფრო დიდები ჩანდნენ... მაინც ვფიქრობდით, რომ გადავრჩებოდით... მახსოვს, ჩემი და და მისი მეგობარი ინსტიქტურად ჩავიკარი გულში და ვუთხარი, ნუ გეშინიათ, თუ მოვიდნენ, აგერაა „ადიალები“- მეთქი... საშინელი ხმები წამოვიდა... უცბად დაიწყო ჭყლეტა და ვიგრძენი, რომ ვკვდებოდი... გოგონები სადღაც ქვევით იყვნენ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამოვათრიე... მახსოვს, მთავრობის სახლის განათებული ფანჯრები და ხალხი, რომელიც ამ ფანჯრებს აწყდებოდა, როცა მოედანზე შუქი ჩამქრალი იყო. შემდეგ უცბად სიცარიელე მახსოვს და ჩვენი აქციის ადგილი, როგორც ბრძოლის ველი... ტალღამ სადღაც წაგვიყვანა. მერე აღმოვაჩინე, ფეხი რაღცას წამოვკარი, სისხლის თქრიალით მომდიოდა... ისიც კარგად მახსოვს, ქაშუეთში არ შეგვიშვა მილიციამ, დაარბევენო და იქვე, პატარა სახლებში შევედით...

ვხედავ, ერთი ბიჭი ზის, შუბლი გატეხილი აქვს, მაგრამ დიასახლისს ხელი უკანკალებს და სხვა უხვევს... ხელი რომ მოვკიდე, ცივი იყო მიცვალებულივით.

მერე ვიღაც ძალიან ლამაზი გოგო სარკეში თვალებს იწმენდს და ამბობს, რომ დედა დაკარგა. გაღიზიანებულები ვიყავით და ვიღაცამ უყვირა, რას იპრანჭები, დედაშენი იქნებ სახლშია უკვეო. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ის ერთ-ერთი გარდაცვლილის მზია ჯინჭარაძის ქალიშვილი იყო...

წავედით ვარაზისხევთან, სადაც მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ირაკლი წერეთელი იყვნენ. მერაბი თვალებს ისრესდა, თურმე, ისიც გაზით მსუბუქად მოწამლულა... მახსოვს, მუხრან მაჭავარიანის და მისი მძღოლის გვერდით ვიდექი, რომელსაც ამაყად ეჭირა საქართველოს დროშა. აბა, სახლში როგორ წავიდოდით... მერე ხმა გაისმა, რომ აქაც მოდიოდნენ და უზარმაზარ ღობეზე გადავძვერით უნივერსიტეტის ეზოდან საავადმყოფოში. ექიმები გაფითრებულები იყვნენ და ერთმა სახლში წაყვანა შემოგვთავაზა. წავყევით, სადარბაზოსთან ჩამოვედით და ისევ უკან მოვბრუნდით... მერე იყო გაუთავებელი გამოსვლები, დაკრძალვები...“, - ყვება ნონა ქობალია.

ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში, გამთენიისას ერთსა და იმავე დროს ეღვიძებოდა. მას შემდეგ ბევრი ტკივილი, ომი გამოიარა, ახლობელი ადამიანები დაკარგა, თუმცა 9 აპრილის ღამის მდგომარეობიდან ახლაც უჭირს გამოსვლა.



„იმხელა შოკი იყო... გეჩვენება, რომ შენია სამყარო, ვერაფერს გაგიბედავენ და ვიღაც ამას 15 წუთში ანადგურებს. მაშინ პირველად ვიგრძენი, რა უმწეო ხარ ამხელა სამხედრო მანქანის წინაშე“, - ამბობს ქობალია, თუმცა, ამის მიუხედავად თვლის, რომ 9 აპრილი ისტორიას, როგორც დამოუკიდებლობის დღე დარჩება.

„ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ტრაგიზმზე აღმოცენებულ დიდი გამარჯვების ქვეყანაში. 9 აპრილი იყო, როგორც „წელი ათასი ვითარცა ერთი დღე და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე”... ყველაფრის მიუხედავად, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, რადგან ასე ერის ნაწილად თავი არასოდეს მიგრძვნია... თითოეული ჩვენგანი, ჯარისკაცი იყო და რომელიმე ლიდერს რომ ეთქვა, დავიშალოთო, ისევე მოვკვეთდით ჩვენგან, როგორც ყველა სხვას... არ დავუჯერებდით, როგორც არ დავუჯერეთ პატრიარქს. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ზოგჯერ დავიჩოქებთ, ხან წინ წავალთ, მაგრამ მთავარია, რომ თავისუფლები ვართ. ეს ქვეყანა 9 აპრილის შვილია, როგორც მინიმუმ 70 წლიანი ომის შედეგი“, - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.

მოგვიანებით, წიგნში, რომელიც ამ ტრაგიკულ ღამეს მიეძღვნა, ქობალიების მამის ლექსიც დაიბეჭდა, რომელსაც რეფრენად ერთი ფრაზა გასდევს: „საქართველოს ღამეს უთევს ჩემი ორი ასული“...

„აპრილის ის დღეები უბადლო და განუმეორებელია საქართველოს ისტორიისთვის“, - ასე აფასებს 29 წლის წინანდელ აპრილის მოვლენებს მისი კიდევ ერთი მონაწილე, ისტორიკოსი მანანა მებონია, რომელიც თბილისში აქციებზე მარტო გაემგზავრა. აპრილის მოვლენებამდე ის უნივერსიტეტში სხვადასხვა ეროვნულ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული, ამიტომაც 28 წლის ისტორიის მასწავლებლის ოჯახს არ გაკვირვებია, როცა თბილისში ჩასვლა გადაწყვიტა. აქციებზე კურსელებთან ერთად დადიოდა.

„ყოველდღე იზრდებოდა ადამიანების ტალღა, ჯგუფი. ჩვენ უკვე ყველანი ახლობლები ვიყავით, ყველა თითქოს ვიცნობდით ერთმანეთს, მე ასეთი ერთობა ქართველი ხალხის, ერთიანი განწყობა არასდროს მინახავს... ასეთი ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში, მერე არ ვყოფილვარ, თითქოს მოახლოებული იყო ის, რასაც ველოდით, ვნატრობდით ამდენი წელი... ყველას გვესმოდა ერთმანეთის, ზოგჯერ უთქმელად... უკვე თითქოს მოწოდებებიც აღარ იყო საჭირო, რაც ისმოდა ტრიბუნებიდან. პროტესტიც გრძნობაც უფრო და უფრო იზრდებოდა, რაც მოდიოდა ტელეეკრანებიდან - მუქარა, დაშინება, რომ მოსალოდნელია საფრთხე, მოწოდებები, რომ უნდა დავშლილიყავით და ა.შ. არ მახსოვს ჩემს იქ ჩემს ახლო წრეში, საახლობლოში ადამიანი, რომელსაც თუნდაც გაეფიქრებინოს გავექცეთ საფრთხეს...“, - ამბობს მებონია.



რეალური საფრთხის შესახებ ინფორმაცია 8 აპრილს მიიღეს. იხსენებს, როგორ გამოჩნდა რუსთაველზე ტანკები, ახსოვს ვერტმფრენების ხმა და საუბარი იმაზე, რომ მოსკოვი რადიკალურ ზომებს მიიღებდა. ამბობს, რომ იქ შეკრებილ საზოგადოებაში, რომელთა შორის სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ, ერთსულოვნება და იმის შეგრძნება იყო, რომ ქართველმა ერმა ნამდვილად იცის თავისუფლების ფასი და შეუძლია მსხვერპლის გაღება...

როგორც წესი, მნიშვნელოვან ამბებს იწერს ხოლმე, თუმცა ამბობს, რომ 9 აპრილის ღამე ცხადად ახსოვს და ვერასოდეს დაივიწყებს.

„ვიდექი კინო "რუსთაველთან", როცა დაიწყო დარბევა. ალბათ ეს მოხდა ღამის 3 საათის მერე... მივხვდი, იქ ყოფნას, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და საჯარო ბიბლიოთეკისკენ ჩასასვლელი გზით, დაახლოებით, 3 კილომეტრი გავირბინე. არასდროს არ დამავიწყდება ის მანძილი, რაც გავიარე... ეს იყო, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი, იყო უსუსურობის განცდაც.

დილამდე სადღაც უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ვიყავით, რუსთაველის იმ მონაკვეთს არ გაგვაკარეს... მახსოვს, დილისკენ მობრუნება ვცადეთ - მსურველი ბევრი იყო და მახსოვს, რომ პირდაპირ ტანკით გამოგვეკიდნენ, დაახლოებით, 2 კილომეტრი მოგვდევდნენ ... დაუნდობლად, დაგეშილები...

დილით აქცია უნივერსიტეტთან განახლდა - ვიღაცეებმა მოახერხეს შავი ნაჭრების დარიგება, რადგან უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ იყო სერიოზული მსხვერპლი და დაუნდობელი ჩეხვა. მახსოვს შავი სამკლავურები და შავი ნაჭრებით თავწაკრული ადამიანები“, - ყვება მანანა მებონია.



საბოლოოდ, სკოლაში, იმავე წელს, კომუნისტური ხელმძღვანელობის პირობებში 9 აპრილის, სამშობლოსთვის დაღუპულთა სტენდი გაკეთაა. გარდაცვლილთა ორმოცზე კი მოსწავლეებთან ერთად ზუგდიდის საპროტესტო აქციაზე დროშებით მივიდა.

9 აპრილის მოვლენების შეფასების დროს ამბობს, რომ ეს გაბედული და სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანების შექმნილი ისტორიაა, რომელთაც შეძლეს, დაეშალათ ბოროტების იმპერია.



„მე ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი ასეთ ადამიანებს. არსებობს ასეთი გამოთქმა - პოლიტოლოგების მიერ დამკვიდრებული - „ძალის უძლურება“. მაშინ, 9 აპრილს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ დააფიქსირა „ძალის უძლურება“. მე მივხვდი, რომ მათ წყალი შეუდგა, ამ იმპერიას და ამას ჰქონდა იმხელა რეზონანსი, რომელიც დააჩქარებდა საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესს“, - დასძენს ჩვენი რესპონდენტი.

ჩვენს კითხვაზე, ახლა თუ იზამდა იგივეს. ეღიმება და გვპასუხობს:

„ოღონდ იყოს, ნეტა იყოს ისეთი ერთიანობა ... იმ იდეის გარშემო, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც მოვიპოვეთ, განვავითაროთ, დავიცვათ ჩვენი ეროვნულობა, ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რაც ყველაზე ღირებულია. ქვეყანას, რომელსაც თავისი ტერიტორიის მესამედი გაქვს დაკარგული, რთულია ილაპარაკო ყველა ასპექტში დამოუკიდებლობაზე... ან და ქვეყანა რომელიც ორ ზე- სახელმწიფოს შორის რჩება საჯილდაო ქვად, ძნელია, ისაუბრო სრულ დამოუკიდებლობაზე... ვისურვებდი, რომ იყონ უკომპრომისო ადამიანები, რომლებიც ერს, ქვეყანას ერთი იდეის, საერთო მიზნების გარეშემო გააერთიანებდნენ. სიამოვნებით ჩავერთვებოდი ამ ასაკშიც“...

მანანა მებონიას და ნონა ქობალიას, ისევე, როგორც იმ ათასობით ქართველს, რომელიც 29 წლის წინ თბილისში აქციებში მონაწილეობდა, მთავარი - საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაზე გავლილი ერთი და იგივე გზა აერთიანებთ, რომელიც ორი წლის შემდეგ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა.



ფოტო: ინტერნეტი
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში, გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, ლესიჭინეს, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღას მოსახლეობას შეხვდა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს ჭაქვინჯში იმყოფებოდა, დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო:
კორონავირუსი
სოხუმში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 198 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს,
ფოთში რეფერალური საავადმყოფო, უკვე მესამე დღეა, covid მიმღებ კლინიკად გადაკეთდა.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
დღის სიახლეები
22 / სექტემბერი 2020
სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში, გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
22 / სექტემბერი 2020
სოხუმში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 198 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს,
22 / სექტემბერი 2020
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.