ახალი ამბები
ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ანა წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მათ 2000-2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა, ოპოზიცია პოლიტიკურ "ფარსს" უწოდებს. სხდომის დასრულების შემდეგ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ენმ“-ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი დაკავებიდან დაწყებული პროცესი „ფარსია“ და მხოლოდ პოლიტიკურ დევნას ემსახურება.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოა აქ და რაც ვიხილეთ, არის კომედია. მთელი ეს პროცესი იყო ჩვეულებრივი ფარსი, რომელიც ემსახურება პოლიტიკური ოპონენტების დევნას და საარჩევნო კამპანიისთვის ხელი შეშლას. მოსამართლეები არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები და სადაც უნდა გავასაჩივროთ, არ ვიცი, რამდენად ექნება აზრი“, - თქვა წითლიძემ.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმება გიორგი პატარაიაც.

„არცერთი არგუმენტი და ფაქტი იმის დასადასტურებლად, რომ რომელიმე ჩვენგანმა რამე სამართალდარღვევა ჩაიდინა, არ წარმოუდგენიათ. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ადამიანებს მხოლოდ დაშინებით, ტყუილებით ესაუბრება, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ. ზუგდიდელები პასუხს გასცემენ „ქართულ ოცნებას“ 19 მაისს“, - უთხრა ჟურნალისტებს პატარაიამ.

თავის მხრივ, ზუგდიდის რაიონული პოლიციის უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის შალვა ჭედიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა მტკიცებულება წარადგინა და მოსამართლემაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება ჩვენ მიერ წარდგენილი განიხილა სასამართლომ და მიიღო გადაწყვეტილება. შსს ყველა მსგავს ფაქტზე, როდესაც კონკრეტული პირები ხელს შეუშლიან პოლიციას საქმიანობის განხორციელებაში, მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“, - აღნიშნა ჭედიამ.

კითხვაზე, რატომ არ წარუდგინეს გიორგი პატარაიას დაკავების ოქმი, ჭედიამ აღნიშნა, რომ პატარაიას დაკავების მომენტში უთხრეს, რომ ის დაკავებული იყო და საკუთარი უფლებებიც განუმარტეს.

პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე ფოტო და ვიდეომტკიცებულებები განიხილეს, რომელიც 11 აპრილს ნარაზენში მომხდარ ინციდენტს ასახავდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები, რომელთა შორის, სამართალდამცავების თქმით, განსაკუთრებით ანა წითლიძემ გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია აქტიურობდნენ, აგრესიულად იქცეოდნენ და პოლიციას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ. მათივე თქმით, დაკავებამდე მათ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

„ყველა მათი სიტყვა იყო პოლიციის დამცირება. მაგალითად, იყო ასეთი რეპლიკა: სად გაქვს მაგის გამბედაობა, რომ დაგვაკავოთ და ასე შემდეგ. ასევე, ქალბატონი წითლიძე იჯდა პოლიციელების მანქანაზე და მათ არ აძლევდა გადაადგილების საშუალებას“, - თქვეს პროცესზე სამართალდამცავებმა.

აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად არ დაეთანხმნენ თავად პატარაია და წითლიძე და გამომძიებლებს სთხოვეს, წარედგინათ კონკრეტული ფაქტები, სადაც შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის ან წინააღმდეგობის გაწევა იკვეთება.

„ანა წითლიძე ცდილობდა, რომ, როგორც შემდეგ გაირკვა, პოლიციელები, რომლებიც უთვალთვალებდნენ, არ წასულიყვნენ ადგილიდან, რადგან მათ არ ისურვეს საკუთარი ვინაობა გაემხილა. სწორედ ამიტომ გამოიძახა პოლიცია ანა წითლიძემ. რაც შეეხება პატარაიას, კადრებშიც ჩანს, რომ ის არათუ აგრესიით გამოირჩევა, არამედ, პირიქით, ამშვიდებს პოლიციელს და ეუბნება, რომ „ძველი ბიჭივით“ არ მოიქცეს“, - თქვა ენმ-ის წევრების ადვოკატმა მირანდა გოგოხიამ.

საბოლოოდ, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ განმარტა, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებში ის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნებს ხედავს და სარეზოლუციო ნაწილი ადგილზე გამოაქვეყნა.

ნარაზენში 11 აპრილს დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას საქმეზე კი გადაწყვეტილება ხვალ, 19 აპრილს გახდება ცნობილი.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.