ახალი ამბები
ხურჩისა და ფახულანის მოსახლეობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ე.წ. გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლები ხურჩა და ფახულანი მოინახულეს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორივე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათი უფლებრივი და სოციალური ყოფა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამძიმდა და ვითარება წლების განმავლობაში უფრო და უფრო რთულდება.

"გაუარესება განსაკუთრებით აისახება აფხაზეთის რეგიონთან მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვაში და მასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაში. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ორივე სოფლიდან მაღალია მიგრაცია, რაც მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას იწვევს. ამ სოფლებში მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო თხილის მეურნეობაა, რომლის ფასიც მოსავლის ხარისხის შესაბამისად წლიდან წლამდე მცირდება. ადგილობრივებს არ აქვთ საკმარისი რესურსი რომ მეურნეობას სათანადოდ მოუარონ და ხარისხიანი მოსავალი მიიღონ, სახელმწიფოს კი მათ მხარდასაჭერად არ აქვს საკმარისი შეღავათიანი პროგრამები დანერგილი", - ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

დოკუმენტში განმარტავენ, რომ ფახულანი-საბერიოს გამშვები პუნქტი ერთ-ერთია იმ ორ გამშვებ პუნქტს შორის, რომელიც აფხაზეთის რეგიონთან საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას აკავშირებს. თუმცა, ადგილობრივებს საჭირო "სამგზავრო დოკუმენტების" არარსებობის გამო, არ შეუძლიათ გალის მეზობელ სოფლებში გადაადგილება და საკუთარი ნათესავების მონახულება.

რაც შეეხება ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტს, ის 2017 წლის მარტის შემდეგ გაუქმებულია და ამით სრულიად გაწყდა კავშირი ხურჩასა და გალის სოფლების მოსახლეობას შორის.

"სოფელ ხურჩას მაცხოვრებლები იხსენებენ წარსულში სოფელ ნაბაკევთან მჭიდრო და ყოველდღიურ კავშირებს და ამბობენ, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ ნაბაკეველი ბავშვები ვეღარ გადმოდიან ხურჩის საბავშვო ბაღში, ხოლო თვითონ წლებია ვეღარ მიდიან ნაბაკევში მათი ნათესავებისა და საფლავების მოსანახულებლად.

ორივე სოფელში გვიყვებოდნენ, რომ ომისა და კონფლიქტის ზონაში ცხოვრება აისახება მათ ყოველდღიურობაზე და მათ მოწყვლადს ხდის. მაგალითად:

1. ადგილობრივებში მაღალია კონფლიქტის განახლების და მათ ყოველდღიურობაზე მისი გავლენის რისკები. ადგილობრივები ყვებიან, რომ ისინი კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ და სწორედ ამ ადგილებიდან დაიწყო კონფლიქტი ყველა ჯერზე. მაგალითად, სოფელმა ხურჩამ 1993, 1999 და 2008 წლების კონფლიქტები საკუთარ თავზე გადაიარა და სწორედ მათ სოფელში იდგა აფხაზური და რუსული სამხედრო ძალები და შეტაკებებიც აქ ხდებოდა. ხურჩას მოსახლეობა ომმა სამჯერ აყარა საკუთარი სახლებიდან. ამ ტრავმატული გამოცდილების მეხსიერება დღემდე ცოცხალია და ძლიერი;

2. ამ სოფლების მაცხოვრებლების ნაწილმა ე.წ. საზღვრის გავლების გამო დაკარგა მიწები/თხილნარები და ხშირად კარგავენ საქონელსაც, რაც მათ მძიმე სოციალურ ზიანს აყენებს. დაკარგული მიწების სანაცვლოდ სახელმწიფოს მათთვის სხვა მიწის ნაკვეთები არ გადაუცია;

3. ე.წ. საზღვრის კვეთის გამო ხშირია ადგილობრივების უკანონო დაკავების ფაქტები აფხაზეთის ძალების მხრიდან, რაც მათ ფინანსურ ტვირთად აწვება.

გამყოფი ხაზის სოფლებისთვის ამ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფოს არ აქვს სპეციალური სოციალური პროგრამები, რომელიც ომის ზიანს და კონფლიქტის ზონაში ცხოვრების მოწყვლად რეალობას დააკომპენსირებდა. ამ სოფლებს არ აქვთ მთის სტატუსიც კი, რომელიც მაგალითად, შიდა ქართლის გამყოფი ხაზის სოფლებს, მათი გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად ეძლევათ და მთელი რიგი სოციალური შეღავათების მინიჭებას განაპირობებს. ომის ტრავმის გამოცდილების მიუხედავად, ამ სოფლებში არ ფუნქციონირებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სპეციალური პროგრამები.

სოფელ ფახულანის საჯარო სკოლის შენობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. იმ პირობებში როცა ამ სოფლის სკოლით სარგებლობის ინტერესი გამყოფი ხაზის მიღმა სოფელ საბერიოში, გალის რაიონში მცხოვრებ ბავშვებსაც აქვთ, სკოლის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადგილობრივები სკოლის დროულ რეაბილიტაციას ითხოვენ.

სოფელ ხურჩაში კი ადგილობრივები სანიაღვრე გზების გაყვანას, სოფლის შიდა გზების დაგებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართვას, ასევე სოფლის სამედიცინო ცენტრში ექიმებისა და ექთნის რეგულარული მუშაობის დაწესებას და სოფელში სკოლის გახსნას ითხოვენ. მათი თქმით, სოფელში დასაქმების ადგილების გაჩენა მიგრაციის შეჩერების საშუალება გახდება და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ამაზე პროაქტიულად იფიქროს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.