სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სხვა რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 12 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებულია 12 პირი.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - პისტოლეტები, რევოლვერები, ავტომატი, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და მაყუჩი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები