ავიაკომპანია Nordwind Airlines-მა ყაზანიდან სოხუმში რეისების განხორციელების ნებართვა მიიღო. შესაბამისი ბრძანება „როსავიაციის“ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, წერს „აფსნიპრესი“.
ამავე ცნობით, თათარსტანიდან სოხუმში კვირაში ხუთჯერ შესრულდება ფრენები.
უფრო ადრე, აპრილის ბოლოს, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ყაზანსა და სოხუმს შორის ავიამომოსვლა 4 ივნისიდან იგეგმება.
„ახლა „როსავიაციამ“ UVT Aero-ს მოსკოვიდან და ნალჩიკიდან სოხუმში ფრენის ნებართვა მისცა. Nordwind-ს აფხაზეთში ყაზანიდან და უფიდან ფრენა შეეძლება, „IKAR Airline” -ს კი ნიჟნი ნოვგოროდიდან “, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 7 თებერვალს სოხუმის აეროპორტმა პირველი
სატესტო რეისი მიიღო მოსკოვიდან, რომელიც ავიაკომპანია „UVT Aero“-მ განახორციელა.
1 მაისს, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი რეგულარული რეისი შეასრულა ავიაკომპანია UVT Aero - მ, 13 მაისს კი ნიჟნი ნოვგოროდიდან ჩაფრინდა ავიაკომპანია Ikar Airlines - ის კუთვნილი 100 ადგილიანი თვითმფრინავი - Embraer 190.
2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.
მედიაში გამოქვეყნებული, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეისებს, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“.
თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.
2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.
2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები