ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმელი და ზუგდიდელი სპორტსმენები - იზოლაცია და პანდემიის გამო გადადებული შეჯიბრებები (ფოტო/აუდიო)
სოხუმში, პანდემიის გამო, ამ დრომდე აკრძალულია დახურულ სივრცეებში მასობრივი და სპორტული ღონისძიებების ჩატარება, ასევე სპორტული კლუბების და სექციების ფუნქციონირება. თუმცა, ნაწილმა, შეზღუდვების მიუხედავად, უკვე განაახლა მუშაობა. ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო, სპორტსმენები მკაცრ იზოლაციაში აღმოჩნდნენ.  

კარატე კიუკუშინკაიში აფხაზეთის დამსახურებული მწვრთნელის საველი ჭითანავას თქმით, არსებული რეგულაციების გამო, წვრთნები ამ პერიოდის განმავლობაში, ღია სივრცეში ტარდებოდა, რაც უარყოფითად აისახა მისი მოსწავლეების შედეგებზე. ამასთან, როგორც ის ამბობს, ასეთ პირობებში შეუძლებელი იყო, სპორტსმენების უსაფრთხოების დაცვაც. "ჩვენი სახეობა კონტაქტური კარატეა სრულად. იყო პერიოდი, როდესაც ტატამის გარეშეც ვვარჯიშობდით, თუმცა, როდესაც ორთაბრძოლაა, ხალიჩა აუცილებელია. ჩაფხუტი კი ახურავს სპორტსმენს, მაგრამ, ფეხით თავში დატყმისას, ის შეიძლება დაეცეს და ასფალტზე დაარტყას თავის, ეს კი დაუშვებელია", - ამბობს სოხუმელი მწვრთნელი.  

მისი თქმით, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, სპორტის ამ სახეობით  დაკავებული ახალგაზრდების რიცხვი, მხოლოდ სოხუმში, 120-დან 30-მდე შემცირდა. ჭითანავა თვლის, რომ ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ადრე ათვისებული უნარების აღდგენა მოზარდებს ძალიან გაუჭირდათ. "ბევრი ბავშვი, რომელიც სპორტული დარბაზების გახსნას ელოდებოდა, ამოვარდა ჯგუფებიდან. გამოდის, რომ სადღაც ნახევარი წელი არ უვარჯიშიათ... ჩვეულებრივ, ჩვენ ივნისსა და ივლისში ვვარჯიშობთ და მხოლოდ აგვისტოში დავითხოვდით ხოლმე ბავშვებს, რადგან აღმოსავლური ორთაბრძოლისთვის, 1 თვეც დიდი დროა, მერე რთულია დაწევა, ჩათვალე, რომ ნახევარი წელი დაკარგე", - განმარტავს ის.

ძიუდოში აფხაზეთის დამსახურებული მწვრთნელი ანდრეი პოღოსოვი რესპუბლიკაში პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციას ომისშემდგომ პერიოდს ადარებს, როდესაც სპორტსმენებს ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდათ ფორმის აღსადგენად. "ჩვენთან აქ ომი რომ იყო, ერთი წელი გაგრძელდა და დიდი ჩავარდნა გვქონდა მაშინ სპორტში და ყველაფერში საერთოდ, ძალიან ბევრი სპორტული დარბაზი  დაზიანდა. მთელს მსოფლიოს ჩამოვრჩით მომზადების დონით, ბევრი გუნდი დაიშალა, არაფერს ვამბობ უფროს ჯგუფებზე, უმცროსი ჯგუფები საერთოდ გაქრა ახლა და დაახლოებით იგივე სიტუაციაა ახლაც.  პირველი შედეგები, როდესაც აქ მეტნაკლებად დალაგდა სიტუაცია, სადღაც 10-15 წლის შემდეგ მივიღეთ", - ყვება ძიუდოისტი.   

კიდევ ერთი მწვრთნელი სერგეი დემიანოვი თვლის, რომ ხანგრძლივი პაუზა  უახლოეს მომავალში აისახება სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე, რადგან ამ ეტაპზე უმცროსი ასაკის ბავშვებით ახალი ნაკადის შევსება ფაქტობრივად არ ხდება. "სპორტსმენები, რომლებიც, უკვე ორი წელია ემზადებიან, ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ფორმას, ჩვენ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა და სპორტულ ასპაროზობებზე გაყვანა. მაგრამ, ახალი ნაკადში დიდი დანაკარგი გვაქვს, ჩვენ, ფაქტობრივად, დავკარგეთ ის ბავშვები, რომლებიც, ორიენტირებულები იყვნენ სპორტის ამ სახეობაზე. აღმოსავლური ორთაბრძოლა ხომ ადრეული სპორტული სპეციალიზაციაა, რადგან რთულია აიყვანო 15 წლის მოზარდი და გაწვრთნა ისე, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს", - ამბობს სპეციალისტი.  

საველი ჭითანავა თვლის, რომ ამ შემთხვევაში, აფხაზეთმა იმ ქვეყნების გამოცდილება უნდა გამოიყენოს, რომლებმაც, მკაცრი რეგულაციების დაცვით, მაინც მოახერხეს სპორტული სექციების გახსნა. "ჯგუფში 20 კაცია დაშვებული, ჩვენც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ. დისტანციას ისედაც ვიცავთ 2-3 მეტრს. კარატეში ბელარუსის ფედერაციიდან ჩემმა მეგობარმა ალეხნოვიჩმა მირჩია ასეთი რამ - ისინი ვარჯიშის დროს მეწყვილეებს არ ცვლიან. იმ შემთხვევაში, თუ მათგან რომელიმე დაავადდა, ორივეს უშვებენ დასასვენებლად, დანარჩენები კი მუშაობას განაგრძობენ და პროცესი გრძელდება", - ამბობს სპორტსმენი.

ამ ეტაპზე, აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია, ნაწილი კი  12 აპრილამდეა გაგრძელებული. ჯერჯერობით უცნობია, დაიშვება თუ არა მასობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარება და სპორტულ დარბაზებისა და კლუბების მუშაობა.  





ზუგდიდელი სპორტსმენი, კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია გვიყვება, რომ სხვა სპორტსმენების მსგავსად, ისიც დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. პანდემიის გამო ჩაიშალა სამი ოფიციალური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას გეგმავდა.

"31 დეკემბერს ჩინეთში, შემდეგ იყო 14 მარტს ესპანეთში და გასული წლის 20 ნოემბერს მქონდა ჩანიშნული სინგაპურში ტურნირი, რისთვისაც ვემზადებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში როდესაც ეს გავრცელება მოხდა და სწრაფი ზრდა დაინფიცირების, ჩვენი ქვეყანა "გაწითლდა" და იქაც, სინგაპურშიც ვერ გავემგზავრე შეჯიბრზე", - ამბობს კიკბოქსიორი. 

მისი თქმით, ამ პირობებში, სპორტსმენისთვის ძალიან ძნელია ტონუსის და მოტივაციის შენარჩუნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაფრის დაგეგმვა არ შეიძლება.

ყველა რეკომენდაციის დაცვის მიუხედავად, ვერც ვირუსით დაინფიცირებას ასცდა. 5 დეკემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც, როგორ ყვება, არცთუ ისე მარტივად გადაიტანა.

"მივხვდი იმას, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ყველამ აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ და ერთმანეთს გავუფრთხილდეთ", - ამბობს მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ სპორტსმენებს შორის, ვინც საყოველთაო კარანტინის დროს გულშემატკივრებისა და გამომწერებისთვის ონლაინ-ვარჯიშებს ატარებდა. ახლა ამ შეხვედრებმა, ფეისბუქ ლაივიდან ღია სივრცეში გადაინაცვლა. მსურველთა ჯგუფი კვირაში ერთხელ, სუფთა ჰაერზე, პარკში იკრიბება და იქ ვარჯიშობს მსოფლიო ჩემპიონთან ერთად.

პანდემიის პირობებში, პირველი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, 26 თებერვალს სინგაპურში შედგა. ამჯერად, გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ, როგორც ამბობს, მთავარია, რომ ტურნირები დაწყებულია მსოფლიოს მასშტაბით და აუცილებლად ჩაერთვება ამ პროცესში და "ქვეყნის დროშას ღირსეულად გაიტანს".

ახლა ინტენსიურად ვარჯიშობს  და ემზადება ზაფხულისთვის. გარდა ამისა, აქტიურადაა ჩართული, სპორტის ამ მიმართულების პოპულარიზაციაში. როგორც გვითხრა, ნოემბრისთვის  ზუგდიდში კიკბოქსინგში "კოლხეთის თასის" მე-12 ტურნირის ჩატარებაც იგეგმება, რაც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.