ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
აქცია სოხუმში პანდემიის ფონზე - მომიტინგეებმა ვეტერანების ცემა გააპროტესტეს
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების გამო, რამდენიმე სკოლა, თეატრები და მუზეუმები დაკეტილია, ხოლო ვაქცინაციის ტემპი შენელებული, მოქალაქეები მაინც არ არიდებენ თავს ხალხმრავალ შეკრებებს, თუ საქმე პოლიტიკური მოვლენებს ან ტრადიციულ ღონისძიებებს ეხება. სოხუმში ოქტომბერი საპროტესტო აქციით დაიწყო. ორშაბათს პარლამენტის შენობასთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, შს მინისტრის დმიტრი დბარის გადადგომის მოთხოვნით. პარალელურად, პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც 30 სექტემბერს მომხდარს განიხილავდნენ.

როგორც გაირკვა, აფხაზმა დეპუტატმა გარი კოკაიამ, რომელიც ერთ-ერთ რესტორანში, ომის ვეტერანებთან ერთად დღესასწაულს - გამარჯვების დღეს აღნიშნავდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ ის არ დაემორჩილა ადგილზე მისული შს მინისტრის დმიტრი დბარის მოთხოვნას, ჩაებარებინა იარაღი, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. უწყების თანამშრომლებმა, რომლებიც დბარს ახლდნენ, სასტიკად სცემეს გარი კოკაიას და მასთან მყოფ რამდენიმე პირს, 1992-1993 წლების სამამულო ომის ვეტერანებს, ომის ინვალიდებს.

ამ ამბის ერთ-ერთი თვითმხილველი ნუგზარ კაცია ყვება, რომ მანქანაში ჯდებოდა, როდესაც სროლის ხმა გაიგონა, მოტრიალდა და ნახა, რომ მილიციის თანამშრომლები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოქალაქეებს, რასაც იქვე მყოფი სხვა სამართალდამცვების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. "ჩოჩქოლი ატყდა, მოვიხედე და იქ უკვე ჩხუბი იყო... ჩხუბიც არ ერქვა ამას. ერთი მხარე მეორეს ურტყამდა გამეტებით. სამართალდამცავები იქვე იდგნენ, თუმცა, არ ჩარეულან და რეაგირება არ მოუხდენიათ. არ ვიცი ვინ იყო, ერთ-ერთმა მითხრა, შენები დაამშვიდეო, რაზეც, ვუპასუხე, რომ აქ ყველა ჩვენიანია, ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი ერი ვართ...", - იხსენებს მამაკაცი.

ვეტერანების ცემის ფაქტმა, მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. 1 ოქტომბერს სოხუმში გარი კოკაიას მხარდამჭერები, ომის ვეტერანები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. მათ შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  თათბირი, ხოლო პარლამენტში საგანგებო სხდომა მიმდინარეობდა, თუმცა, საკითხთან დაკავშირებით, კენჭისყრა ორშაბათამდე გადაიდო.  

3 ოქტომბერს, შს მინისტრი დმიტრი დბარი გადადგა. თავის მხრივ, გარი კოკაიამ განაცხადა, რომ მზად არის აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, თუმცა, ამავე დროს, ის გმობს სამართალდამცავი სტრუქტურების ძალადობას ვეტერანებზე.  

ორშაბათს, 4 ოქტომბერს პარლამენტის წინ ისევ შეიკრიბნენ მომიტინგეები, რომლებიც ვეტერანთა ცემაში მონაწილე  თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ. მათთან უსაფრთხოების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა მივიდა. "თუ ვფიქრობთ სახელმწიფოზე, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არ შევრცხვეთ მსოფლიოს დასანახად, მოდით კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ", - უთხრა მან პროტესტის მონაწილეებს და მოუწოდა, რომ ისინი პროკურატურის მოკვლევის შედეგებს დალოდებოდნენ.

1992-1993 წლების კონფლიქტის მონაწილეებმა ასევე სცადეს ვითარების განმუხტვა და აქციის მონაწილეებს ინცინდენტის სამართლებრივი გზით გადაწყვეტის წინადადებით მიმართეს. ერთ-ერთმა მათგანმა, ახრა ბჟანიამ მათ დაშლისკენ მოუწოდა. "მოდით, მივცეთ პარლამენტს, რომელმაც ჩემი აზრით სწორი პოზიცია დაიკავა, ერთი კვირა და ამ ერთი კვირის შემდეგ, პარლამენტის კონტროლის ქვეშ, რასაც შეგვპირდნენ, ასევე თქვენი, ახალგაზრდების და აფხაზეთის მოქალაქეების კონტროლის ქვეშ, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ვკითხავთ მათ შედეგების შესახებ", - განაცხადა მან.

აფხაზი ოპოზიციონერების ლიდერმა ადგურ არძინბამ, ვეტერანების პოზიციიდან გამომდინარე,  აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია უფროსი თაობის აზრის გათვალისწინება. "თქვენი, ვეტერანების გადასაწყვეტია, ჩვენ თქვენი შვილები ვართ! როგორც იტყვით, ისე მოვიქცევით, სწორედ თქვენ, ვეტერანებს მინდა გთხოვოთ, ამასთან დაკავშირებით, ან გვითხარით, რა გეგმები გაქვთ და როგორ იმოქმედებთ, ან მოვიცადოთ ერთი კვირა, როგორც პრეზიდენტმა თქვა და შემდეგ ისევ შევიკრიბოთ", - უთხრა არძინბამ მომიტინგეებს.  

აფხაზმა დეპუტატებმა საგანგებო სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ საკითხზე მას შემდეგ განაგრძობენ მსჯელობას, რაც ინციდენტის დეტალებს გენერალური პროკურატურა გამოიკვლევს. "საკმაოდ მოცულობითი სამუშაო ჩატარდა, ამ ეტაპზე სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებთ, ჯერ მხოლოდ მესამე დღეა, რაც გამომძიებლები მტკიცებულებებს აგროვებენ. ვფიქრობ, ამას კიდევ რაღაც დრო დასჭირდება, რომ საბოლოო შეფასება მიეცეს. ეს უახლოეს დროში გაკეთდება, იმედი მაქვს, 15 დღე ეყოფა", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ.

დღის ბოლოს მომიტინგეები იმ პირობით დაიშალნენ, რომ 11 ოქტომბერს ისევ შეიკრიბებიან იმის გასარკვევად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.