საზოგადოება
საპატრიარქო ღვთისმშობლის კვართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ზუგდიდში ღვთისმშობლის სამოსელის ქალაქიდან შესაძლო გატანასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. "ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ უკანასკნელ წლებში, სამწუხარო გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: 

"მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ათეისტური იდეოლოგიის გაბატონების ჟამს, მრავალი სიწმიდე იქნა გატანილი ეკლესია-მონასტრებიდან; ამ სიწმიდეთაგან ნაწილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ნაწილი კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა შესანახად. ასე აღმოჩნდა ზუგდიდის მუზეუმის საცავში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც, სავარაუდოდ, (ყველაზე გვიანდელი ვერსიით) კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ჩამოუტანიათ საქართველოში, კერძოდ კი სადადიანოში. მსოფლიო მნიშვნელობის ეს უდიდესი სიწმიდე ვერცხლის კიდობანში ყოფილა დაცული და სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის და კათოლიკოსის ბეჭდით დალუქული.

1923 წლამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი სხვა სიწმიდეებთან ერთად ხობის მონასტერში ინახებოდა; 1923 წელს კი, ისინი დადიანების სასახლეში განთავსებულ მუზეუმში გადაიტანეს.

ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ათწლეულების განმავლობაში მათ მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობის, პროფესიული თავდადებისა და სამოქალაქო გმირობის ფასად ათეისტურ დროს გადაურჩა ყოვლადწმიდა კვართი და არაერთი სხვა სიწმიდე.

დღეს, ღვთის მადლით, დადგა დრო, როცა განსაკუთრებულ შემთვევებში ხდება ხოლმე ამ სიწმიდის გადმოსვენება ტაძარში, სადაც ტარდება საღმრთო ლიტურღია და მორწმუნე ადამიანებს მასთან რწმენითა და სიყვარულით მიახლების საშუალება ეძლევათ.

ზუგდიდის მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევს იმას, რომ მათ ქალაქში ინახება საქრისტიანოს გამორჩეული სიწმიდე და შესაბამისად, მტკივნეულად რეაგირებს ამ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებზე.

შექმნილ ვითარებას სწავლობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომლის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან შესაბამისი დარგის მკვლევარები, ზუგდიდისა და ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფალთა პასუხისმგებელი პირები: მათი ერთობლივი მუშაობის შედეგი შემდეგ წარედგინება საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს. მანამდე კი ჩვენს სულიერ შვილებს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და მოთმინებისკენ; საეკლესიო სიწმიდეები, ღვთის მადლის მაძიებელთ აერთიანებს და არ განჰყოფს; ჩვენს შემთხვევაშიც, ძმათა შორის წამოჭრილი გაუგებრობა ქრისტიანული სიყვარულით და ერთობით უნდა დაიძლიოს. ჩვენი ძალა ჩვენსავე სულიერ ერთობაშია.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა აღსრულდეს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "მიუტევე ზრუნვაი შენი უფალსა და მან გამოგზარდოს შენ…"(ფს. 54. 23)

"წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს–უყვეს."(ფს. 84,11)"- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის წერილი შევიდა, სადაც ის კვართის მოსალოცად ხობის დედათა მონასტერში გადაბრძანებას ითხოვდა.ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში მეუფისა და საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარეს მეუფე ვახტანგი მეუფე გერასიმე შეხვდა. მისი თქმით, ზუგდიდში წმინდა სინოდის დავალებით საზოგადოების აზრის მოსასმენად ჩამოვიდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1923 წლიდან კი დადიანების სამთავროს სასახლეში გადაუსვენებიათ. ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.