სტატია
ზუგდიდელი, წალენჯიხელი და მესტიელი მოხალისეები სტიქიის ზონაში და მეოთხე დღე შოვის ტრაგედიიდან (ფოტო)
ზუგდიდელი თამარ კანკავა ერთ-ერთი პირველია, რომელიც შოვში მეწყერის ჩამოწოლისას პირველი შოკიდან გამოსვლის შემდეგ დაფიქრდა, რომ დაკარგულების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ადგილობრივებს პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები ან თბილი ტანსაცმელი დასჭირდებოდათ. იხსენებს, რომ ემოციური ფონი უმძიმესი იყო, თუმცა დილით, გამთენიისას რაჭველების ჯგუფში დაპოსტა, რომ შოვში წასვლა და დაზარალებულების დახმარება სურდა. თამარს, რომელიც, ოთხი წელიწადია, რაჭაში, ამბლორალურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, მაშინვე უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ასე შეიკრა მოხალისეთა ერთ-ერთი პირველი ჯგუფი.

„პირველივე დღიდან აქ ვარ ,თუმცა პირველ დღეს იმდენად ქაოსი იყო და ისეთი საშინელი სიტუაცია, ფაქტობრივად, ძალიან მძიმე ემოციური ფონი გვქონდა ყველას და შესაბამისად, აქტივობებზე ფიქრის არც დრო და არც უნარი არ გაგვაჩნდა . როცა რაღაც მოქმედებებზე ფიქრი დავიწყე, იმავე ღამეს, როცა სტიქიური უბედურება დაგვატყდა თავს, ცხადია, არ მიძინია. ბევრ რაღაცას ვფიქრობდი ბევრი მიმართულებით, დაველოდე გათენებას. გვაქვს რაჭველების ჯგუფი. სადაც ძალიან ბევრი ადამიანია გაწევრიანებული, გამიჩნდა სურვილი რაღაც მომემოქმედებინა იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო ერთ ადგილას გაჩერება. დავწერე რაჭველების ჯგუფში პოსტი, რომ სურვილი მქონდა შოვში წამოსვლის და რაღაცა ფორმით მხარდაჭერა გამოგვეხატა ადგილობრივი მოსახლეობისა და მაშველებისთვის,რომლებმაც დაიწყეს, პირველ რიგში, ცოცხალი ადამიანების ძებნა იმ იმედით, რომ ბევრ ადამიანს გადაარჩენდნენ, დროულად გამოიყვანდნენ სტიქიური უბედურების ზონიდან. იმ ბევრი ადამიანიდაც, ვინც მომწერა, პირველ რიგში იყო ჩემი მეგობარი ადგილობრივი აქტივისტი, რომელიც არის რაჭის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი ეთერ ვარსანიძე. მწერდა ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი, როგორც აღმოჩნდა, უმეტესობა იყო დამსვენებელი. ერთად დავორგანიზდით, რამდენიმე მანქანა, სწრაფად მოვახერხეთ თანხების მობილიზება. შევიძინეთ პირველადი მოხმარების ნივთები, წყალი, პროდუქტები რაც უცბად შეიძლებოდა ადგილზე გამოგვდგომოდა“, - უყვება რადიო „ათინათს“ თამარი.

უკვე მეოთხე დღეა, თამარი მეგობრებთან ერთად უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრის მიმდებარედ, სოფელ გლოლასა და შოვის გასაყართანაა დაბანაკებული და იქ მყოფებს პირველად მოხმარების პროდუქტით, მედიკამეტებითა და ცხელი საკვებითაც უზრუნველყოფს. ამბობს, რომ ბევრი ადგილობრივებთან ერთად უცხოეთიდანაც უამრავ შეტყობინებას იღებს. ყველას უნდა, მძიმე ტრაგედიის დროს ვინმეს რაიმეთი დაეხმაროს.

ასე ყოველდღე ამოვდივართ , რომ, რითაც შეგვიძლია, მხარში დავუდგეთ მაშველებს, ადგილობრივებს. მათთან შეთანხმებით ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა არის საჭირო და აუცილებელი ნივთები, იმის მიხედვით ვყიდულობთ. მინდა ხაზი გავუსვა, ნეგატიური გამოხმაურება იყო, რადგან ცხელი საკვების მომზადება დავიწყეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკვები არ აქვთ, მშივრები არიან და არ ამარაგებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ადგილზე ცხელი საკვები მნიშვნელოვანია. ჩვენ უფრო მივხვდით, რომ მაშველებსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ უნდა შეექმნათ, კვება არის მნიშვნელოვანი და ამ ფორმით გვინდა, რომ წვლილი შევიტანოთ. აქ ვართ დაბანაკებულები და ვიქნებით, სანამ საჭირო იქნება. ძალიან ვაფასებ ყველანაირ მხარდაჭერას, მორალური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ,თითოულ სიტყვას და გვერდში დგომას აქვს ფასი და მადლობა ამისთვის ყველას“ - ასრულებს ჩვენთან საუბარს და საქმეს დაზარალებულების და სტიქიის ეპიცენტრში მომუშავეებისთვის აგრძელებს.

5 აგვისტოს, დილას დაიძრა შოვისკენ ორი მსუბუქი ავტომობილი ზუგდიდიდან. მთის გიდი მესტიელი ვიკა ფილფანი და მისი მეგობარი წალენჯიხელი გიდი ალექსანდრე შანავა დატვირთული ავტომობილებით რაჭაში გაემგზავრნენ.
ზუგდიდიდან მათ პროდუქტები, მედიკამენტები, წყალი და სხვადასხვა საჭირო ნივთები გაატანეს. მომარაგება ახლაც გრძელდება. ვიკას და მის მეგობრებს საკვები შეაქვთ დამეწყრილ შოვში იმ ჯარისკაცებისა და მაშვეელბისთვის, რომლებიც სამაშველო სამუშაოებში, უკვე რამდენიმე დღეა, ჩართულები არიან. ვიკა ლაპარაკობს, რომ აქ იმდენი ხანი გაჩერდება, რამდენიც საჭირო იქნება.

„ჩვენ ახლა ვდგავართ შოვის შესასვლელში. რომ ამოვედით, დაგვხვდნენ ადგილობრივი მოხალისეები. ადგილზე გავშალეთ ბანაკი და ტენტი. ყოველდღე ვამზადებთ მზა საჭმელს და შეგვაგვს შიგნით, ჯარისკაცებთა და მაშველებთან ყველაფერი, რაც სჭირდებათ: ხელსახოცები, ფავერბანკები, მედიკამენტები, რასაც გვაბარებენ. ჩვენ ჩამოვდივართ, ვიღებთ ამ პროდუქტებს და მიგვაქვს უკან.
მეოთხე დღეა, აქ ვართ და სანამ საჭირო იქნება ვიქნებით, შეიძლება ერთმანეთს ჩავენაცვლოთ.

ბევრი ადამიანი გვირეკავს და გვეუბნება, რა გვჭირდება და გვიგზავნიან შემდეგ.

როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია მომხდარის შესახებ, გადავწყვიტეთ დასახმარებლად წამოსვლა, რადგან ვიფიქრეთ, რომ ჩვენი რესურსით შესაძლებელი იქნებოდა მივხმარებოდით, ვინაიდან აქამდეც გვქონია მოხალისეობრივი გამოცდილება“, - გვეუბნება ვიკა ფილფანი.

არც მისთვის არის მარტივი რთულ დღეებში სტიქიის ეპიცენტრში ყოფნა, თუმცა ემოციები გვერდზეა გადადებული. გვიზიარებს ნანახს და ყვება, რომ უზარმაზარ მასაში მუშაობა დილიდან საღამომდე მიდის, თუმცა, სავარაუდოდ, პროცესი ხანგრძლივი იქნება.

„ალბათ, ცხედრების პოვნა გაგრძელდება დიდი ხანი იმიტომ, რომ ხმება ჩამოშლილი მასა“ - დასძენს მესტიელი მოხალისე.

ვიკა და ალექსი ღამეს იქვე ათევენ, თუმცა დილით, 9 საათისთვის ისევ ველზე გადიან, რადგან დრო არ უნდა დაკარგონ. ალექსი ამბობს, რომ იქ არიან მანამ, სანამ მიმდებარე ტერიტორიას ბოლო ადამიანი არ დატოვებს. ალექსი იმასაც იხსენებს, როგორ შეიტყვეს რაჭის ტრაგედიის ამბავი.

„მე და ვიკა ტურზე ვიყავით ერთად და ჩამოსვლის დღეს გავიგეთ ტრაგედიის შესახებ. გადავწყვიტეთ თანხის შეგროვება და რაჭაში მოხალისეებად წასვლა. მეორე დილიდან გავავსეთ ორი მანქანა ჩვენს მეგობრებთან ერთად.
იქვე გვაქვს ბანაკი, ეს არის ბოლო გამშვები პუნქტი, ასე ვთქვათ, ბლოკ-პოსტი, საიდანაც ხალხს აღარ უშვებენ. იქ ერთ-ერთმა ადგილობრივმა, კეთილმა ადამიანმა შეგვიფარა მე და ვიკა და იქვე ვართ ორი წუთის გზაზე, დილით ცხრისკენ გავდივართ და საღამოს, სანამ ბოლო კაცი გამოვა, მანდ ვართ“ - ამბობს ალექსი, რომელსაც რაჭიდან დაბრუნება მოუწია, მაგრამ ახლა ისევ შოვისკენ მიმავალ გზაზეა.

თამარის, ვიკასა და ალექსის მსგავსად, შოვის სტიქიური უბედურების ზონაში მაშველებთან, ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან და ადგილობრივებთან ერთად მოხალისეების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ისინი საკუთარი თვალებით უყურებენ დამეწყრილ კურორტ შოვსა და დაკარგული, დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების განსაცდელს, თუმცა მათი მთავარი საზრუნავი ახლა სწორედ ეს ადამიანებია, ამიტომაც ზრუნვას მათზე დაუღალავად განაგრძობენ.


დღეს, 7 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღეა.


ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი ნაპოვნი. დაკარგულების საძებნად გრძელდება სამაშველო სამუშაოები.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / მაისი 2024
დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების 79 - ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს, რომელიც ვლადიმირ პუტინმა ჩაიბარა, არ ესწრებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია.
09 / მაისი 2024
სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლოცვა მიმდინარეობს.
08 / მაისი 2024
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.