მულტიმედია
სათბურების სოფელი (ვიდეო)
აქ თუ ადრე ცარიელი მინდვრები და საძოვრები იყო, ახლა სათბურებია. თერმული წყლებითა და ბალნეოლოგიური კურორტით ცნობილი ცაიში ბოსტნეულის მოსაყვანად საუკეთესო ადგილად იქცა. ბუნებრივი ცხელი წყლის სასათბურედ გამოყენება, ჯერ კიდევ 19 წლის წინ, ერთ-ერთმა ცაიშელმა დაიწყო, დღეს სოფელში შვიდ ჰექტარზე ათობით სათბურია გადაჭიმული.

პირველი სათბური სოფელში 2000 წელს გაჩნდა. პროფესიით ინჟინერმა, გენადი ასათიანმა 500კვ/მ-ზე კიტრი და პომიდორი მოიყვანა და თერმული წყლები სათბურის გასათბობად გამოიყენა. წამოწყებამ გაამართლა. დღეს მის სათბურებში მხოლოდ ზამთრის პერიოდში 35-40 ტონა ბოსტნეული მოდის.

„სათბურის მთავარი ხარჯი გათბობაა, აქ კი ამ მხრივ ეკონომიურად გამოვდივართ. მოგვყავს კიტრი, პომიდორი, ლობიო. ბადრიჯანი. ჩვენი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ორგანულ სასუქებს ვიყენებთ. ახლა გადავედი ნესვზე. ზამთარში აქ მქონდა პომიდრო დარგული, რომ მორჩა მერე ჩავთესე ნესვი. მოსავალი ნორმალურია, ვკრეფთ უკვე“, - გვიყვება, რომ აგრონომია თავისით და ერთ-ერთი მეზობლის დახმარებით შეისწავლა.

65 წლის გენადი ასათიანი სოფელში ასევე პირველი აღმოჩნდა, ვინც 4 ჰექტარზე, სათბურში, ნესვის მოყვანა დაიწყო. თებერვალში ორი ჯიშის ნესვი დარგეს და მოსავალს უკვე იღებენ.


სათბურს აფხაზეთიდან დევნილი, 38 წლის მამუკა ეზუხბაია უვლის. გვიყვება, რომ ნესვი დარგვიდან დაახლოებით სამ თვეში უკვე მწიფდება, სამუშაოც არაა რთული და ანაზღაურებითაც კმაყოფილია.

ნესვის სათბურში მუშაობს ცაიშელი მაია ალმასიაც, რომელსაც ცენტრალურ მაგისტრალზე, ცაიშის ტრაფარეტთან შეხვდებით. მის დახლთან მგზავრები ხშირად ჩერდებიან, გასაყიდად გზაზე ჩამოტანილი პროდუქტის უკან წაღებაც არ უწევს.

„ყოველ დილას 50 ცალს ვკრეფთ. ძალიან ტკბილია და ყველას მოსწონს. ხშირად ჩერდებიან და გვეკითხებიან სადაურიაო, ჰგონიათ, რომ თურქეთიდანაა ჩამოტანილი და მერე ვუხსნი, რომ აქაურია, მე დავთესე, მე დავრგე, ვეუბნები რომ აგერ ას მეტრში გვაქვს ბუნებრივი წყალი “, - გვიყვება მაია და ამატებს, რომ მის მსგავსად, ადგილობრივების დიდი ნაწილი სწორედ სათბურებში მუშაობს.

წლიდან წლამდე სათბურების რაოდენობასთან ერთად ცაიშში სამუშაო ადგილებიც იზრდება. წლის განმავლობაში აქ დაახლოებით 70 ადამიანია დასაქმებული. ადგილობრივების ის ნაწილი, რომელსაც საკუთარი არ აქვს, სხვის სათბურში მუშაობს.

6 თანამშრომელი ჰყავს ზუგდიდელ გიორგი სვირავას, რომელსაც ცაიშში ორი სათბური აქვს. ერთში ახლა კიტრს კრეფენ, მეორეში კი სალათი „აისბერგია“ დათესილი.

„თავდაპირველად სათბური სოფელ კახათში გვქონდა , შემდეგ ჩამოვედით ცაიშში. მოგეხსენებთა, რომ აქ არის თერმული წყლები რისი საშუალებითაც თბება სათბურები. აქ ზაფხულში უფრო მეტად მოგვყავს „აისბერგი “, ზამთარში კი კიტრი და პომიდორი. კიტრი და პომიდორი უფრო სარფიანია, უფრო მეტიც მოდის. ცაიშის ბოსტნეული ნებისმიერ ბაზარზე იყიდება, რადგან ეკოლოგიურად სუფთაა“, - გიორგი სვირავა გვიყვება, რომ ახლა ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებაზე მუშაობს, რათა რუსული ბაზარი ევროპულით შეცვალოს, მანამდე კი ცდილობს სათბურში სიახლეები დანერგოს, - „ჩვენი ერთ-ერთი სათბური მობილურით იმართება, USAID-ის საპილოტე პროექტი იყო ეს. მობილურით შემიძლია ვარეგულირო ტემპერატურა, მოვუმატო, დავუკლო, ძალიან მოხერხებულია, როცა ადგილზე არ ხარ“.

გიორგის ცაიშში ჯერ მხოლოდ სათბურები აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ აუცილებლად დასახლდება ამ სოფელში.


ცაიშის იმ ნაწილში, სადაც თერმული წყლები ხელმისაწვდომია უძრავ ქონებაზე ფასიც გაიზარდა და ნაკვეთის ყიდვაც გართულდა. ცაიშელები ყვებიან, რომ ზოგმა მიწა რომ ვერ შეიძინა, სახლი იყიდა, დაანგრია და მის ადგილას მოაწყო სათბური. კერძო მეწარმეების უმრავლესობამ სასათბურე მეურნეობა „აწარმოე საქართველოს“ სახელმწიფო გრანტით დაიწყო.

„ჩვენთან ოთხი ჭაბურღილია. ერთი ჭაბურღილის დებეტი არის წუთში 2 500 ლიტრი და წნევა აქვს შვიდი ატმოსფერო. არც დამატებითი მატორი სჭირდება, არც არაფერი, თავისი წნევით მიდის ყველგან, მაღალ ადგილებშიც კი, სოფლის სკოლაც მაგით თბება“, - გვიხსნის სოფლის ყვლეაზე სტაჟიანი მესათბურე გენადი ასათიანი.

ცაიში, რომელშიც ახლა 446 კომლია, სათბურების სოფლად სწორედ ბუნებრივი წყლების წყალობით იქცა. საბჭოთა პერიოდში ცაიში განთქმული ბალნეოლოგიური კურორტი იყო. კომპლექსი 1964 წელს გაიხსნა და 80-იანი წლების ბოლომდე იარსება. შეჩერების მიზეზად მაშინ სარესტავრაციო სამუშაოები დასახელდა, თუმცა სამუშაოები 1991 წელს შეწყდა და აღარც გაგრძელებულა. .

დღეს ცაიშის აბანოები დანგრეულია, სოფლის ნაწილში ცხელი წყალი, რომელიც მიწიდან 93 გრადუსი ტემპერატურით ამოდის, ღიად მოსჩქეფს და უმიზნოდ იხარჯება. მისი მოხმარების ლიცენზიას მეწარმეები ეკონომიკის სამინისტროსგან ყიდულობენ, თუმცა ბუნებრივი ცხელი წყალი მხოლოდ სათბურებისთვის არ გამოიყენება. ცხელი წყალი სოფლის ყველა ნაწილში მაინც არ წვდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.