მულტიმედია
"გადარჩენილზე კარგი ჯიში არ არსებობს" - ვინ ზრუნავს პანდემიის დროს მიტოვებულ ცხოველებზე ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
"პატარა ვიყავი, მაგრამ კადრები მკაფიოდ მახსოვს - ძაღლი მოგვიკლეს, რომელიც ავადმყოფობდა და მეზობლებს ვერ დავაჯერეთ, რომ ცოფი არ ჰქონდა. არარსებული ცოფის შიშით მოგვიკლეს. მას მერე ძაღლი ცნობიერ ასაკამდე არ მყოლია"

ასე იხსენებს თავის ბავშვობის პირველ ძაღლს ზუგდიდელი მარიამ შეყილაძე, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა დაახლოებით 5 წლის წინ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ბასა იშვილა. ბასასთან განშორება მალევე მოუწია. მისი დატვირთული სამსახურის გამო ძაღლი მთელი დღე მარტო იყო შინ, ამიტომ დედასთან წაიყვანა, თვითონ კი თბილისში "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარს მიაკითხა.  

"მთელი დღე მისი სახლში მარტო დატოვება იმისთვის, რომ დაბრუნებულზე მე არ მეგრძნო სიცარიელე, დიდ უსამართლობად ჩავთვალე და ძაღლი დედაჩემს დავუტოვე. დეპრესიის დასაძლევად კი გადავწყვიტე მივსულიყავი იქ, სადაც მრავლადაა ძაღლები, რომლებიც ადამიანების მხრიდან უდიდესი სისატიკის მსხვერპლები არიან და მაინც გულუბრყვილოდ ელოდებიან წლობით პატრონებს. ბასას სახლში არყოფნის სიცარიელის შევსების ძიებაში, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ყველაზე სევდიან სფეროში. სფეროში, სადაც უნდა იყო ხმა უხმოებისთვის", - გვიყვება მარიამი.

ახლა თვითონაც "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" წევრია და გვიყვება, რომ მისი ცხოვრებისეული ინტერესები მკაფიოდ არის განსაზღვრული. განათლებით იურისტმა და გარემოსდაცვითი მმართველობისა და პოლიტიკის მაგისტრანტმა კარგად იცის, რომ მისი საქმიანობა მომავალშიც აუცილებლად ცხოველებისა და ბუნების დაცვასთან იქნება დაკავშირებული. ძალიან უნდა, სიტუაციის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ახლა მარიამი ზუგდიდშია, სწავლობს და მუშაობს დისტანციურად. საკუთარ ორგანიზაციასთან და სხვა მოხალისეებთან ერთად ცდილობს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე რაც შეიძლება მეტი მიუსაფარი ცხოველი გადაარჩინოს შიმშილისა და ავადმყოფობისგან. ცხოველთა მოყვარულის დაკვირვებით, პანდემიის გამო ადამიანების მიერ ცხოველების ქუჩაში დატოვების ფაქტები საგრძნობლად გახშირდა. სწორედ ამიტომ, მარიამის თქმით, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში, ასობით მიუსაფარი ცხოველის შიმშილით სიკვდილისგან გადასარჩენად "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ" საკვების გამოგზავნა დაიწყო. ეს დახმარება დღემდე გრძელდება.

"ყველაზე პრობლემურ ადგილებში ვკვებავდით ცხოველებს ყოველდღიურად, თუმცა, მხოლოდ ასეთი დახმარება სრულყოფილ შედეგს ვერ გვაძლევს. შესაბამისად, ორგანიზაცია გეგმავს, საქართველოს რეგიონებში, მათ შორის, ზუგდიდში გაზაფხულზე ჩამოიყვანოს 15 ესპანელი ვეტერინარი (Global Vets Aids) და მათი დახმარებით შევძლებთ რეგიონებში არსებული მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაციას, ასევე ვაქცინაციას, რაც პოპულაციების მართვაში უმნიშვნელოვანესია", - ამბობს მარიამი.
"ყოვლისშემძლე სუპერგმირი ქალები" - ასე მოიხსენიებს მარიამი ზუგდიდელ მოხალისეებს. მაშინ, როცა ქალაქში პანდემიის გამო საკვები ობიექტები დაკეტილია და ცხოველები ნარჩენებითაც ვერ იკვებებიან, ზუგდიდელი ცხოველთა მოყვარულები მიუსაფარ ცხოველებს საკვებს უნაწილებენ და ასე ცდილობენ მათ გადარჩენას. მათთან ერთად მარიამმა სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა და ოთხფეხა მეგობრების გადარჩენისა თუ გაჩუქების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, მიტოვებული ცხოველების ახალ მეპატრონეებთან ცხოვრების შესახებ ისტორიებსაც ხშირად აქვეყნებს.

"პანდემიამ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩვენს გაერთიანებაში. ჩუმად, ცალ-ცალკე ყველა ჩვენგანი ეხმარებოდა ძაღლებს შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ ახლა გაერთიანებული ძალებით მეტი შეგვიძლია. აქამდე ვიზიარებდით იდეას, რომ სიკეთე ჩუმად უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამავდროულად მივხვდით, რომ საზოგადოების ცნობიერებაზე სოციალური ქსელები დიდ გავლენას ახდენს და გადავწყვიტეთ, გასაჭირში მყოფი ცხოველების შესახებ ინფორმაციებს ერთ ჯგუფში მოვუყაროთ თავი. მინდა გითხრათ, რომ აქაური მოხალისეები მაქსიმუმს აკეთებენ ზუგდიდის მიუსაფარი ცხოველებისთვის ქუჩის სასტიკი ცხოვრების შესამსუბუქებლად მით უფრო კარანტინისა და შეზღუდვების პირობებში. მას მერე, რაც ამ ადამიანებს ვიცნობ, თბილისში ყოფნის პერიოდში შედარებით მშვიდად ვარ. ჯგუფის მეშვეობით ძალიან ბევრი სასიკვდილოდ განწირული ლეკვი და კნუტია დაბინავებული მზრუნველ პატრონებთან“, - წუხს მარიამი და ზუგდიდელი მიუსაფარი ძაღლების ისტორიებს გვიყვება.  

მათ შორისაა მოლი, ძაღლი, რომელმაც ათობით ქუჩაში მიტოვებული ლეკვი გამოკვება და გამოზარდა. მარიამმა მოგვითხრო ბორიაზეც, რომელიც, პანდემიის დაწყებისას ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩამოსვეს და რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ახალი პატრონი არ გამოჩნდა, ძაღლს ეს ადგილი არ მიუტოვებია. განსაკუთრებული ისტორია აქვს რეის - ასაკოვან ნაგაზს, რომლის ამბავიც გულგრილს არავის დატოვებს.

"რეის ნამდვილი ამბავი ასეთია: ამ გერმანულ ნაგაზს ჰყავდა პატრონი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო მოუწია ქვეყნის დატოვება. საკუთარი ძაღლი მეზობელს მიაბარა და სთხოვა მისთვის ეპატრონა. სამწუხაროდ, რაღაც პერიოდის შემდეგ ძაღლი აღმოჩნდა ქუჩაში, რამაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია - მოგეხსენებათ დიდია ზომით და შიშის ფაქტორიც იყო. ბევრიც დახმარებას ცდილობდა და საკვების მიწოდებას... პირველად ვნახე პანდემიის დასაწყისში, როცა ყველა საკვები ობიექტი იყო დაკეტილი და მიუსაფარ ცხოველებს არანაირი საკვები წყარო არ ჰქონდათ რომ გადარჩენილიყვნენ. ამ პერიოდში ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო გამოკვების პროგრამა და პირველად სწორედ მაშინ ვნახე, ეძახდნენ "შალვოვიჩს". მიკედლების ტერიტორიაზე ვაკითხავდით, ვკვებავდით, კანის პრობლემა ჰქონდა - ვუმკურნალეთ, ასევე, ყურის ანთებაც. შემდეგ მომიწია დაბრუნება თბილისში, თუმცა 8 თვის მერეც იქ დამხვდა, უკვე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, რაც მოწმობდა რომ მასზე ზრუნავდნენ გარშემო არსებული ობიექტების თანამშრომლები. მერე უბრალოდ გამოვაქვეყნეთ მისი ფოტო, რამდენად საწყლად გამოიყურებოდა როცა მიატოვეს. ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა და საბოლოოდ გამოჩნდა ისეთი, რომელმაც წაიყვანა თბილისში. ახლა ის თავის ახალ პატრონთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს ნატახტარში. მისი სევდიანი ისტორია გადაიქცა ერთგვარ საახალწლო სასწაულად ჩვენთვის და ბევრი ადამიანისთვის. ძალიან გვიხარია, როცა გვიგზავნიან ფოტოებს და ვხედავთ როგორი ბედნიერია რეი დღეს".

რეის მსგავსად გაუმართლა კიდევ რამდენიმე ძაღლს, თუმცა ზუგდიდში კიდევ ასობით მიტოვებული ცხოველია. ახლა მარიამს ქუჩიდან დროებით აყვანილი 2 ძაღლი ჰყავს, რომლებიც მალე ნიდერლანდებში დაიდებენ ბინას. მიუსაფარი კატები და ძაღლები ქუჩიდან პერიოდულად სახლში მოჰყავს და ცდილობს მათ მზრუნველი პატრონი უპოვოს. "გადარჩენილზე კარგი ჯიში არ არსებობს!" - ეღიმება ჩვენთან საუბრის დასასრულს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი ერთგული მეგობრები, რომელთა ბედი პანდემიის გამო დაწესებულმა სხვადასხვა შეზღუდვამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა, ახალი პატრონების მოლოდინში არიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
29 / მარტი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
29 / მარტი 2024
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.