მულტიმედია
ზუგდიდის ბაზარი მყიდველის გარეშე (ფოტო/ვიდეო)
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში მომხმარებელთა ნაკლებობაა. აქ მომუშავე ადამიანები მყიდველების სიმცირეზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ პანდემიაზე მეტად ისინი ენგურის ხიდის ჩაკეტვამ დააზარალა.

"აფხაზეთიდან ხალხი რომ გადმოდიოდა, მაშინ გვქონდა კარგი მუშაობა. ძირითადად, გალის მოსახლეობა რომ შემოდიოდა, 2-3 ყველი მიჰქონდათ, ვმუშაობდით ყველა, ეტყობოდა ხალხს. არამხოლოდ ჩვენ, მთელ ბაზარს. ხალხს ფული არ აქვს, ხშირად საქონელი გვიფუჭდება. მე პირადად დილიდან მოვედი და აგერ 2-ის ნახევარია, 2 ყველიც არ მაქვს გაყიდული", - გვეუბნება მანანა კურდღელია, რომელიც 17 წელია ბაზრის ყველის სექციაში მუშაობს.
გვიყვება, რომ პანდემიის გამო "ცენტრალური სუპერმარკეტის" ადმინისტრაციამ მათ გარკვეული შეღავათები დაუწესა, თუმცა პროდუქციის შესასყიდი ღირებულება გაძვირდა, რაც მდგომარეობას დღითიდღე ართულებს.

"ვერ უარვყოფთ, პატივი გვცეს, მაგრამ გვირჩევნია, მუშაობა იყოს და იჯარა გადავიხადოთ. ყველაფრის ფასი იზრდება, ცუდ დღეში ვართ, ძალიან გვიჭირს. პანდემია გასაგებია, მაგრამ სანამ ზოგადი სიტუაცია არ დალაგდება, არაფრის მომცემი არაა ჩვენთვის ახალი დღე. არც ქარხანაა, არც საწარმო, 53  000 ადამიანი რომ გერმანიაში წასვლაზე მოაწერს ხელს, ნორმალურია? რამე რომ ამუშავდეს, ეს ხალხი აქ იმუშავებს. ქალაქი დაცლილია, აგერ რამდენი ხანია აქ ხართ? ვისთან ხედავთ მყიდველს, ვის გაეყიდა რამე?", - გვეუბნება მანანა და გვერდით დახლებისკენ მიგვითითებს.  

ოჩამჩირელი მარინა მებონია დევნილობის შემდეგ, თითქმის, 30 წელია, ბაზარში მუშაობს. მეტწილად მწვანილს, ზაფხულობით კი კიტრსა და პომიდორს ყიდის. გვეუბნება, რომ ზუგდიდის ბაზარში ასეთი ცუდი პერიოდი არ ახსენდება.
"ხალხი არ მოდის, საქონელიც ძვირად შემოდის, ვერ ყიდულობს მოსახლეობა. დღეს 5 ლარია, ხვალ 6-7...  ენგურის ხიდის ჩაკეტვამ გვაზარალა. იქაური ხალხი გადმოდიოდა, საბითუმოდანაც გაჰქონდათ, ჩვენგანაც მიჰქონდათ, რეალიზაციას კარგად ვახერხებდით, ახლა არაფერია. რომ გახსნეს, ვინც გადმოვიდა, ყველა კარანტინში გაუშვეს, როგორ მოვიდოდა აქ?", - გვითხრა მან.

განახევრებულ ვაჭრობასა და გაზრდილ საბანკო ვალდებულებებზე წუხს 70 წლის გულო ბენდელიანი. პროფესიით სამთო ინჟინერი, რომელმაც წლების განმავლობაში ტყვარჩელის მაღაროებში იმუშავა, მიიჩნევს, რომ პენსიის თანხით მას მედიკამენტების ყიდვა უნდა შეეძლოს და თავის სარჩენად ბაზარში მუშაობა არ უნდა სჭირდებოდეს. 
"ბანკის ვალები გვაქვს, იძულებულები ვართ, ფაქტობრივად, აქ ვიყოთ. ვწვალობ, ჯერ შეზღუდვების გამო სოფლიდან ქალაქში მოსვლა რამდენი გვიჯდებოდა, ხან გამვლელებს მოვყავდით, იქით ტაქსით მივდიოდით. განახევრებულია ვაჭრობა, არ აქვს ხალხს, მოხუცები მოდიან თითო კარტოფილს და თითო ხახვს ყიდულობენ. გაჭირვება გაჭირვებას ემატება. თუ დღეში ხანდახან 200 ლარს ვვაჭრობდით, ახლა 100 ლარიც არა გვაქვს. გალიდან გადმოსულებს მთელი კვირის მარაგი მიჰქონდათ ხოლმე, ძალიან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. პენსიონერები რომ გამოუშვეს, 2-3 დღე დაგვეტყო ცოტა. უნდა შეიცვალოს მთავრობა და ხალხისადმი მიდგომა. აი, პანდემიის დროს ნებისმიერ ქვეყანაში სახლში ყოფნისთვის გადაიხადეს ფული, 1000  დოლარები ... ჩვენ ვინ დაგვეხმარა? საცოდაობა არაა აქ მწვანილს ვყიდდე? არ უნდა მქონდეს იმდენი პენსია, რომ დავჯდე სახლში? წამლის ფულად მაინც გვყოფნიდეს პენსია", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

სხვა მოვაჭრეების მსგავსად გალიდან დევნილი იამზე ბულიაც გვეუბნება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ბაზრის მომხმარებელთა რაოდენობაზე არ აისახა. პენსიონერი, რომელიც ზუგდიდის ბაზარში სანელებლებს ყიდის, ყველაზე მეტად ბანკში წინსწრებით აღებული პენსიის გამო ნერვიულობს. "მორალურად დაცემულია ხალხი, არ ვიცი, ფაშისტები თუ მოგვექცეოდნენ ასე. 150 ლარი უნდა გადავიხადო, არც პირველი პანდემიის პირობებში უპატიებია მთავრობას, არც მეორე ჩაკეტვის დროს. პენსია 18 თვიანი აღებული მაქვს და 2026- ში ასრულებო გადახდას. არავის უკითხავს, გადავადება მინდოდა თუ არა... თუ ადგილის ფულს არ გადავიხდი, სახლში უნდა წავიდე, იქ 100 წლის დედა მყავს, შშმ შვილი, ობოლი შვილიშვილი და რითი გამოვკვებო? დღეში ვვაჭრობთ 11-12 ლარს", - გვეუბნება იამზე ბულია.

კორონავირუსი გადაიტანა და ბაზარში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა 70 წლის გოგონა ცაავა, რომელიც, სამი ათეული წელია, სასურსათო პროდუქციით ვაჭრობს. იჯარის 350 ლარის გადახდა უჭირს, თუმცა უსაქმოდ ყოფნას, როგორც თვითონ უწოდებს, "სახლში 2 კაპიკის მიტანა" ამჯობინა. "ხიდი ჩაიკეტა, ხალხს იქით პროდუქტი მიჰქონდა. იკლო მომხმარებლების რაოდენობამ, სოციალურს იღებდნენ, პენსიას და ის 2-3 დღე ძალიან გვეტყობოდა ხოლმე. დადექით აქ ნახევარი საათი, ნახეთ, მოვა თუ არა ვინმე. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გაიხსნას გალის გზა. ამის ინტერესი არავის არ აქვს, აქაური გუბერნატორი და მერი ვერ გადაწყვეტენ ამას. ყველამ უნდა იბრძოლოს ამისთვის", - ამბობს გოგონა ცაავა.

პანდემიის გამო თითქმის ერთი წლის წინ ჩაკეტილი ენგურის ხიდის გამშვები პუნქტი მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირებისთვის 11 თებერვლიდან გაიხსნა. მიმოსვლა მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს შეუძლიათ. მანამდე, "ჰუმანიტარული დერეფანი" ცალმხრივად, აფხაზეთის მიმართულებით, რამდენჯერმე გახსნეს.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამაქაცარიოს უბანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
დედაენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
კორონავირუსი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 238 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 37 -ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 9 750 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
საზოგადოება
წალენჯიხის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა "დედა ენის" დღესთან დაკავშირებით ნახატები გამოფინეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის ეკონომიკურად, სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანია.
CNN-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანს შორის ქართული ხარჩოც მოხვდა. კერძის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ტყემალი ტრადიციულ წვნიანს უფრო გემრიელ არომატს სძენს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2021
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, კორონავირუსის გამო ამ დროისთვის 27 საჯარო სკოლა დაიხურა და სწავლება დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
19 / აპრილი 2021
მესტიის სოფელ ხაიშში პოლიციელის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
19 / აპრილი 2021
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 238 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 37 -ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.