მულტიმედია
"ცისარტყელას" მკერავები ზუგდიდიდან (ფოტო/ვიდეო)
კორონავირუსს რომ ჩვენს ცხოვრებაში პირბადე არ შემოეტანა, ალბათ, სრულიად უსაქმოდ აღმოჩნდებოდნენ. ზუგდიდელ მკერავებთან, რომლებიც მანამდე საქმისა და მომხმარებლის ნაკლებობას არ უჩიოდნენ, წელიწადზე მეტია, თითქმის აღარავინ მიდის. ზოგმა საკუთარი ნახელავის გაყიდვა ინტერნეტითაც მოახერხა, ზოგმა ესეც ვერ. ნაჭრებითა და თარგებით სავსე ოთახებში ისევ უწყვიათ ჯერ კიდევ პანდემიამდე შეკვეთილი და შეკერილი ტანსაცმელი, რომელიც დღემდე პატრონს ელოდება.



ლამარა

"პანდემია? აი ნახე, ეს ორი ყუთი სავსეა შეკერილებით, რომელიც არ მიაქვთ...არ აქვთ ფული, თორემ ასეთ ჯინსებს და კაბებს მე დამიტოვებენ? ოდესმე წაიღებენ ალბათ, მაგრამ ახლა არ აქვს ხალხს და რა ქნან? გამიხარდება, რომ მოვიდნენ და მითხრან, ეს ჩემიაო. უკვე არც მახსოვს, რომელი ნივთი ვისია. მითხრან ფული არ მაქვსო, მივცემ... მაინც შეკერილია უკვე, გეფიცებით, მართლა გამიხარდება. ზოგი ნივთის პატრონი ალბათ საზღვარგარეთ წავიდა, ზოგს კი ფული არ აქვს..."

გვეუბნება 70 წლის ლამარა მესხია და სამუშაო მაგიდის გვერდით, მზა ტანსაცმლით სავსე ორ შეკვრას გვიჩვენებს. ის ზუგდიდის უკვე ყოფილი "საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის", ყველა ზუგდიდელისთვის ნაცნობი "ცისარტყელას" ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მკერავია. ოღონდ, თუ ადრე 3-სართულიანი შენობის კედლებში რამდენიმე ათეული მკერავი იყრიდა თავს, ახლა სამკერვალოებს მეზობლობას ლომბარდები, ოქრომჭედელი, ტექნიკის შემკეთებლები და სილამაზის სალონები უწევენ.

"პირველი ატელიე იყო იქ, სადაც ახლა პროკურატურაა, ეს კი შენდებოდა. 19 წლისაც არ ვიყავი აქ რომ მოვედი. რომ გადმოვყავდით, მშენებლებსაც კი ვეხმარებოდით, ბლოკებსაც ვეზიდებოდით, ვალაგებდით აქაურობას. ეს შენობა ისეთი კარგი იყო, სავარძლებით, მოსასვენებელი ადგილებით, კატალოგები იდო მაგიდებზე, ნაჭრების ნიმუშები. მაშინ სოხუმი გვამარაგებდა, იქიდან მოჰქონდათ ნაჭრები. იყო წესრიგი, კონტროლდებოდა მოსვლა-წასვლა, ფორმებში ვიყავით, ბეიჯებიც გვეკეთა. ახლა რომ ვზივარ, ის ოთახი იყო გასახდელი, საკიდს ხომ ხედავთ? იმდროინდელია, ძველებური. იყო მოლარე, ქვითარს წერდა, მომხმარებელი მიდიოდა მერე საგამომჭრელო ოთახში, იქ აიღებდა შეკვეთას, მერე ჩვენ ვიყავით ერთ დიდ ოთახში და გვინაწილებდა გამომჭრელი", - იხსენებს ნახევარი საუკუნის წინანდელ ამბებს ჩვენი რესპონდენტი.

"ცისარტყელას" თანამშრომლები

"ცისარტყელა" პირველად აფხაზეთის ომის შემდეგ დაიკეტა. ლამარასა და მის სხვა თანამშრომლებს რამდენიმე წლით სამუშაო ადგილის დატოვება მოუხდათ, რა დროსაც, როგორც თვითონ ამბობს, შენობა გაიძარცვა და სამკერვალოების ინვენტარი სრულად განადგურდა. მოგვიანებით,აქ დაბრუნებულ ქალებს ფართის შესაბამისად იჯარის გადახდა მოუწიათ.

"რაღაცა ვაუჩერებიო, ამოსყიდვას შეძლებთო, პრივატიზაციაზე იყო საუბარი, მაგრამ დღემდე ვიხდით ამ ფართის საფასურს. პირველი დღიდან აქ ვარ და ვქირაობ აქაურობას... არა და ჩემი სახლივითაა, აქ გავზარდე შვილები. შეფერხებებიც ხომ იყო, მაგრამ არ მიმიტოვებია აქაურობა, აქ ვიყავი სულ", - წუხს ლამარა და კედელზე ჯერ კიდევ წლების წინანდელი პრეისკურანტის გახუნებულ ფურცელს ასწორებს.

ცისარტყელა დღეს

ახლა უკვე პენსიონერი ცდილობს გამომუშავებული თანხა ოჯახის უმცროსი წევრების განათლებას მოახმაროს და ამაყად გვიყვება შვილიშვილების წარმატებებზე. დარდობს, რომ პანდემიის გამო მომხმარებლების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, საკუთარზე მეტად კი სხვა სამკერვალოების ბედი აწუხებს.

"შვილიშვილებისთვის ვმუშაობ, ოჯახისთვის. თბილისში ცხოვრება, ხომ იცით როგორია? რამდენი გადასახადია, კვება და სხვა. აქაც გვინდა, იქითაც ხომ გააგზავნი და ამიტომ ვარ აქ მე. კოვიდის დროს ჩაკეტილები რომ ვიყავით, დიაბეტის ცენტრიდან დამირეკეს, მთხოვეს პირბადეების შეკერვა. 3 თვის განმავლობაში დაახლოებით 2 700 პირბადე შევკერე. კომპენსაციის 300 ლარის მოცემაც პრობლემა გახდა. მაშინდელი მაჟორიტარის მადლიერები ვართ რომ დაგვეხმარა. ყველასთან შემცირდა რეგულარული მომხმარებელი, იმათაც ხომ უჭირთ? ახლა შეკერვა აწუხებს ვინმეს? სად აქვთ ფული? კაბასა და საჭმელს შორის რომელზე გააკეთებთ არჩევანს? ადრე ფოლკლორულ სტუდიებს ვემსახურებოდი, ვმუშაობდი კაბებზე, კოსტუმზე, ტყავზე... 75 კაბა მიწყვია ახლა შეკერილი, ქორეოგრაფიული წრეებისთვის რაც იყო განკუთვნილი. არასდროს მითქვამს სამუშაო არ მაქვს-მეთქი. სტაჟიანი ვარ და ბევრი ადამიანი მიცნობს. აქ არიან მკერავები, მოვლენ 1 ლარიც ვერ მიაქვთ. ზოგჯერ შეიძლება 5-10 ლარი გააკეთონ. ცუდი მდგომარეობაა... გაქირავებაზე ვინც მუშაობდა გამოსაშვები კაბების, საქორწილოების, საერთოდ ვერაფერი, რა უნდა გააკეთოს? რესტორანი არა, სუფრები არა...  რესტორანში ვინც მიდიოდა, ან იკერავდა, ან გადააკეთებდა ტანსაცმელს, ახლა? არავის არც ხალისი აქვს, არც სიტუაციაა საამისო“, - ამბობს ლამარა.




ლელა

მკერავის პროფესიას 48 წლის ლელა ჯიქია თავის დროზე დედის თხოვნით დაეუფლა. "ცისარტყელაში" მოსულმა 17 წლის გოგომ ჭრა-კერვის კურსი საკუთარ ნათესავთან გაიარა და უკვე 30 წელია მისთვის საყვარელ საქმეს აკეთებს.

"საკმაოდ რთული იყო თავიდან, რაღაცებს სკოლის პერიოდში ჩემითაც ვიკერავდი, დის დახმარებით, ფორმებს, წინსაფარს... ვისთანაც მოვედი, ქალბატონი მანონი, ყველაფერს მასწავლიდა, მიჩვენებდა...თანდათან ჩემითაც ვისწავლე რაღაცები. ის 2 წელიც, როცა პატარა მყავდა და სახლში ვიყავი, მაშინაც ვკერავდი და დედამთილი ყიდდა ამ ჩემს შეკერილებს, 92-93 წლებში ხდებოდა ეს, აფხაზეთის ომის დროს. ასე ვირჩენდი თავს. წლებმა მომიტანა გამოცდილება, მაგალითად პალტოების, ქურთუკების, პიჯაკების კერვა ხომ საკმაოდ რთულია.... ღამე რომ დავწვებოდი, ვფიქრობდი, ეს ხვალ ასე უნდა გავაკეთო, ის სხვანაირად. თარგებს არ ვიყენებ, ჩემით ვკერავ ყველაფერს", - გვეუბნება ლელა.
მის სამკერვალოში ყველა ასაკის ადამიანი მოდის. ხშირად იკერება სამოსი მოცეკვავეთა ანსამბლებისთვის. ღიმილით გვიყვება, რომ თაობების ცვლილებასთან ერთად მოდის წარსულში არსებული ტენდენციებიც ბრუნდება.

"ძველი დრო დაბრუნდა თითქოს, რაც მოდაში იყო 20 წლის წინ, რასაც მაშინ ვკერავდით, ის შემობრუნდა. ერთს რომ შევუკერავ და ლამაზია, მეორე მომხმარებელი ამას მოჰყავს. 22 წელია ანსამბლ "თუთარჩელას" ვუკერავ ფორმებს... შეიძლება ითქვას, ბევრი მომხმარებელი მყავს, 30 წლის განმავლობაში დაგროვდნენ. ყველასთან მეგობრული ვარ, ოჯახის წევრებივით ვექცევი", - გვიზიარებს საკუთარი წარმატების ფორმულას მკერავი.

მასთან ერთად უკვე 10 წელია მუშაობს მისი უკვე ყოფილი შეგირდი მარიც. ახლა ლელა საკუთარ გამოცდილებას კიდევ ერთ ახალგაზრდას უზიარებს.

"წლების განმავლობაში რამდენიმე ქალს ვასწავლე ეს საქმე და მათი უმეტესობა დასაქმებულია, რაც ძალიან მიხარია, დამოუკიდებელი მკერავები არიან. 1 წელი სჭირდება ადამიანს, ალბათ, საბაზისო ცოდნა რომ მიიღოს, მონდომებული უნდა იყოს და უყვარდეს საქმე, ხედვა ჰქონდეს", - გვიხსნის ლელა.

პანდემიის გამო მომხმარებლები მის ოთახსაც შემოაკლდა. თუკი კორონავირუსის გავრცელებამდე კვირიდან კვირამდე აქ 7-10 კაბა იკერებოდა, ახლა შეკვეთების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა ლელა იმედს არ კარგავს და ცდილობს გამოუვალ სიტუაციაშიც იპოვოს გამოსავალი.

"პანდემიის დროს 5 თვე ვიყავი სახლში და პირბადეებს ვკერავდი, 2000- მდე პირბადე შევკერე. რომ ჩაგვკეტეს, ყველასთვის იყო რთული პერიოდი. 300 ლარით როგორ უნდა გვეცხოვრა? მე დისტანციურად ვიღებდი შეკვეთებს, ვაწარმოებდი ტანსაცმელსაც და სოციალური ქსელით ვყიდდი, ეს ძალიან დამეხმარა. მაინცდამაინც დიდ უკეთესობას ვერ ვხედავ ახლაც, მაგრამ თითქოს ცოტათი დაიწყო მოძრაობა, იმედია, დალაგდება ყველაფერი", - ამბობს ლელა ჯიქია.

2 შვილიშვილის ახალგაზრდა ბებია ზუგდიდში საკუთარი სამკერვალოს გახსნაზე ოცნებობს და ფიქრობს, რომ პანდემიის შემდეგ, როცა ადამიანები ისევ ისწავლიან დღეების ბედნიერად გატარებას, ის ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს.






Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი იჟი სკვორი ესტუმრა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს უხვი ნალექის შედეგად გარკვეული სახის ზიანი მიადგა.
სენაკში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში მცხოვრებლებისთვის წლებია მიუსაფარი ძაღლების თემა გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. აქ ჩასახლებული დევნილები ამბობენ,
კორონავირუსი
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული 2 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 142 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაინფიცირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 507 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 156 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
საზოგადოება
რა თქმა უნდა ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ.
დღეიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება. მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან  ექვსი წელი გავიდა. სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / ივლისი 2021
ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა.
30 / ივლისი 2021
Как кризис, вызванный пандемией, отразился на экономике, положении населения в регионах - эпидситуация, прогнозы и ожидания - об этом вы услышите в нашей передаче.
30 / ივლისი 2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა წალენჯიხაში, რუსთავსა და თბილისში 646 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 22 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.