მულტიმედია
ოტობაიადან "ოტობაიამდე" - როგორ ასწავლის მაქსიმე კვიტია ქართული ცეკვას საფრანგეთში
თითქმის ორი წელია, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, ქართული ცეკვის სამოყვარულო ჯგუფი - "ოტობაია" არსებობს. ქართველი ემიგრანტების ბავშვებს ეროვნულ ცეკვებს 21 წლის მაქსიმე კვიტია ასწავლის. მეცადინეობენ კვირაში ორჯერ, უქმეებზე. ჯერ დარბაზი არ აქვთ, თუმცა პატარები გარე პირობებშიც მონდომებულად ცდილობენ ილეთების დამახსოვრებას. 

"ოტობაია" ჩამოყალიბდა მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში პანდემიის გამო არსებული არეულობა და შიში სუფევდა. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, ალბათ, ყველა ახალგაზრდისთვის და შეიძლება ითქვას, ამან განაპირობა, შემექმნა ქართული ნაციონალური ცეკვების სამოყვარულო ჯგუფი. გადავწყვიტე გამეფერადებინა ის შავ-თეთრი ფონი, რომელიც ჩვენ გარშემო იყო და მცირე დოზით მაინც შემეტანა პოზიტივი ყოველდღიურ რუტინაში", - იხსენებს მაქსი. 

საკუთარ გამოცდილებას, დაახლოებით, 20-მდე ბავშვს უზიარებს. მისი მოსწავლეები, ძირითადად, ქართველები არიან, თუმცა ცეკვას ერთ-ერთი ორგანიზაციაშიც ასწავლის, სადაც ყველა ეროვნების მოზარდი იყრის თავს.

"ვიღებ ნებისმიერს, ვისაც აქვს სურვილი შეისწავლოს ქართული ცეკვა. მალე გვექნება დარბაზიც, ძალიან მინდა, რომ ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება ნორმალურ პირობებში იმეცადინონ", - გვეუბნება მასწავლებელი.

მაქსიმემ ბავშვობა გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში გაატარა. ცეკვა 8 წლისამ დაიწყო. იხსენებს, რომ წრეზე სასიარულოდ მდინარეც გადაულახავს.

"ბებიამ და დედამ შემიყვანეს გალში ცეკვაზე, მაგრამ მალევე დაიშალა ჯგუფი. იმდენად მინდოდა გამეგრძელებინა, გადავედი ზუგდიდის სოფელ ახალკახათში არსებულ ანსამბლ "ყილოშტყებამში". რეპეტიციებზე მისვლა ხშირად იყო დაკავშირებული რისკთან, საყვარელი საქმისთვის მიწევდა ე.წ საზღვრის კვეთა ენგურით და რამდენჯერმე რუსებმა დამიჭირეს კიდეც. არ ვჩერდებოდი, ვაგრძელებდი სიარულს გარკვეული პერიოდი, თუმცა მას შემდეგ რაც მოიმატა "მესაზღვრეების" რაოდენობამ და გამკაცრდა ზომები, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა გადასვლა. ანსამბლიდან გამოსვლა მომიწია, რაზეც დღემდე მწყდება გული. ამ მოცემულობას დიდხანს ვერ შევეგუე".  

ახალგაზრდა მოცეკვავემ მშობლიური სოფელი 16 წლისამ დატოვა. იქ გატარებული წლები მისთვის ყველა სირთულის მიუხედავად ძვირფასია. 

"ადრეულ ასაკში გამოვიარე ის, რაც ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს არც ერთი მოზარდის ცხოვრებაში. მახსოვს ყველა დეტალი და წვრილმანი, რომელიც არ ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან... მაგალითად, ტანკების მისვლა-მოსვლა, ეზოში შემოჭრილი რუსი ჯარისკაცები, რომლებიც გვავალდებულებდნენ შეგვესრულებინა გარკვეული მოთხოვნები. პატარა რომ ვიყავი, სკოლაში მიმავალი სიხარულით ვეგებებოდი "ჯარისკაცებს", ალბათ მეშინოდა. მახსოვს ირინა მასწავლებელი, რომელიც აფხაზურს გვასწავლიდა და არეული სახით მწიწკნიდა თმას საქართველოს დროშის დახატვისთვის. ალბათ ამ ყველაფერმა ძლიერ ადამიანად მაქცია და დღეს მიადვილდება ბრძოლა გარემო პირობებთან".

საფრანგეთში წასვლა მაქსიმემ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 2018 წელს გადაწყვიტა. საწყის ეტაპზე ემიგრაციის ბევრი მძიმე დღე გადალახეს, თუმცა დღეს მიიჩნევს, რომ დედის გადასარჩენად, ეს ერთადერთი სწორი გზა იყო. 

"დედაჩემი შეუძლოდ გახდა, აწუხებდა ხერხემლის ტკივილები და ფეხზე ვერ დგებოდა, დაუდგინდა სარკომა და საქართველოში გვითხრეს, რომ არ შეეძლოთ არანაირი დახმარება. მეგონა ჩემი ცხოვრებაც დასრულდა, რადგან დედაჩემის გარეშე არაფერს ექნებოდა აზრი. დავუკავშირდით საფრანგეთში მცხოვრებ ნათესავს, იმ იმედით რომ დაგვაკვალიანებდა და მალევე გავემგზავრეთ. რაღაც პერიოდი ქუჩაშიც კი გვიწევდა ცხოვრება, თითქმის 2 კვირა არ გვქონდა თავშესაფარი, ახლობლებთან დიდხანს ვერ გაჩერდები - მათ აკონტროლებს სახელმწიფო. შეიძლება ითქვას, დავიწყეთ ბრძოლა გადარჩენისთვის - დედას ხელახლა ჩაუტარდა გამოკვლევები, დაუდგინდა სიმსივნის მე-4 სტადია, დავიწყეთ მკურნალობა. უფლის წყალობით, დედა გამოკეთდა და გვერდით მყავს, რის გამოც ცხოვრება მიხარია და მგონია, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. დედას გამუდმებულად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უწევს ყოფნა, ამიტომაც ვრჩებით აქ".

ჩვენი რესპონდენტის ყველა გეგმა ახლა დედას და მის გამოჯანმრთელებას უკავშირდება, თუმცა თუ ყველაფერი რიგზე იქნება, საკუთარ მოწაფეების წარმატებაზე ოცნებობს. 

"გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ერთადერთი ოცნება მაქვს - დედაჩემი საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს და როგორც ადრე, ისე განვაგრძოთ ცხოვრება. მჯერა, რომ ასეც იქნება და ამ ყველაფრის შემდეგ მე და ჩემი პატარა ბავშვები მსოფლიოს თუ არა საფრანგეთს დავიპყრობთ".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
12 / ოქტომბერი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით ფოთის ტერიტორიაზე ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი.
12 / ოქტომბერი 2024
სამეგრელოში, 8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული 14 წლის მოზარდი სასამართლომ დანმაშავედ ცნო და მას 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
11 / ოქტომბერი 2024
პარლამენტის დეპუტატის და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტებზე შსს-ს
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.