ახალ მოსწავლეებს დამრიგებელმა ოთახში სხვადასხვა დეკორაცია და ფერადი ბუშტები დაახვედრა.
ლია ხუბუას, რომელიც 15 წელზე მეტია დაწყებითი კლასების მასწავლებელია, ამით სურს, რომ ბავშვებს საზეიმო განწყობა შეუქმნას.
ბავშვებიც კმაყოფილები არიან და მერხებთან საკუთარ ადგილებს ინტერესით ირგებენ.
მოსწონთ კლასიც, დამრიგებელიც, წიგნებიცა და ლეპტოპებიც.
მიზეზები, რის გამოც სოფლის სკოლაში წელს შვილის მიყვანა მხოლოდ ოთხმა ოჯახმა გადაწყვიტა, სხვადასხვაა.
მაგალითად, დერეფანში მყოფმა მშობლებმა გვითხრეს, რომ უმეტესად ბავშვები ქალაქის სკოლებში მიჰყავთ, რადგან დედ-მამა ზუგდიდში მუშაობს და შვილების დღის წესრიგს საკუთარ გრაფიკს არგებენ.
უმთავრესი მიზეზი კი, რის გამოც სოფლის სკოლაზე უარს ამბობენ, არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემებია.
მშობლები ამბობენ, რომ სკოლაში გათბობის სისტემა და სველი წერტილები მოუგვარებელია, ამიტომაც სულ უფრო და უფრო მეტი ადგილობრივი ამბობს უარს აქ შვილების მოყვანაზე.
სულ უფრო ცოტა პირველკლასელი ჰყავს წლიდან წლამდე ჯიხაშკარის მეორე საჯარო სკოლასაც.
წელს აქ ხუთი პირველკლასელია.
შენობა ინფრასტრუქტურულად შედარებით გამართულია, თუმცა სკოლამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია, რის გამოც, განსაკუთრებით, ზამთარში მოსწავლეებს სკოლაში მისვლა უჭირთ.
პირველი სასწავლო დღე აქაც ღონისძიებით დაიწყო.
მოგვიანებით ისინი სასკოლო ოთახში დამრიგებელმა წაიყვანა.
ახალ მოსწავლეებს მერხებზე სასკოლო კომპიუტერები და წიგნები დახვდათ და ახლა ისინიც, თანატოლების მსგავსად, სწავლისთვის ემზადებიან.
5 ახალი მოსწავლე ირიცხება ონარიის საჯარო სკოლაშიც.
კლასელებმა ერთმანეთი აქაც დღეს გაიცნეს და სასწავლო წლის პირველ დღეს განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით შეხვდნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, 2022-23 სასწავლო წლისთვის ზუგდიდის საჯარო სკოლებში 1297 პირველკლასელი დარეგისტრირდა.


მასალის გამოყენების პირობები