სარეკლამო მასალა
ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე - ჩეხეთის კარიტასი ზუგდიდის სკრინინგ ცენტრთან ერთად კიბოს პრევენციის შესახებ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი იჟი სკვორი ესტუმრა. ის ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და თანამშრომლებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია ცენტრში არსებული მომსახურებებისა და მიღწევების შესახებ.გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში კარიტასის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე სათემო მობილიზატორებს შეხვდა, რომლებიც რეგიონის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ და სკრინინგ პროგრამებზე მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას.  "ბოლოს აქ სამი წლის წინ ვიმყოფებოდი და მიხარია, რომ შენობა უკვე დასრულებულია, სრულად აღჭურვილია და ფუნქციური. ასევე აღსანიშნავია, რომ მქონდა შესაძლებლობა გამეცნო სათემო მობილიზატორები, რომლებიც სკრინინგის შესახებ ინფორმაციას საკუთარ სოფლებსა და ქალაქებში ავრცელებენ. მათი როლი ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით დიდია, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რომ სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. სკრინინგ ცენტრი მომავალშიც უფასოდ შესთავაზებს სერვისებს რეგიონის მოსახლეობას", - აღნიშნა იჟი სკვორმა.
ვიზიტის ფარგლებში ის ახალკახათის სოფლის ამბულატორიაშიც იმყოფებოდა, სადაც უბნის ექიმებს შეხვდა და მათგან მიიღო ინფორმაცია პირველადი ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

თავის მხრივ მედიკოსებმა იჟი სკორს მადლობა გადაუხადეს კოვიდ პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნეს, რომ კარიტასთან თანამშრომლობის შედეგად მათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს პროფესიული უნარები.

"ჩეხეთის კარიტასთან გვაკავშირებს ხანგრძლივი და სასარგებლო ურთიერთობა. თანამშრომლობა დავიწყეთ 2010-2011 წლებში როცა ონკოპრევენციის ფარგლებში განხორციელდა ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროგრამა, აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი პაციენტი და აღმოვუჩინეთ დახმარება, დავაკვალიანეთ ისინი. შემდგომ წლებში ჩვენი ურთიერთობა განვითარდა უწყვეტი განათლების ფარგლებში, კარიტასის თაოსნობით ჩატარდა ტრენინგები ონკომომართულებით. ასევე კარიტასი აქტიური იყო ჩვენთან მიმართებაში კოვიდ სიტუაციის მართვის პერიოდში. ჩატარდა კორონავირუსთან დაკავშირებული ტრენინგების ციკლი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და დიდი მონაპოვარია, დასაფასებელია და მადლიერების გრძნობა რაზეც შეიძლება გამოვხატოთ ეს არის სკრინინგ ცენტრი, რომელიც კარიტასის პროექტის ფარგლებში გაიხსნა და განხორციელდა ზუგდიდში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არა მარტო სამეგრელოსთვის, არამედ მთლიანად მთელი საქართველოს მაშტაბით. აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ჰყავს არაჩვეულებრივი პერსონალი. ჩვენ პერიოდულად ვაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას ამ ცენტრის არსებობის შესახებ, ვურიგებთ საინფორმაციო ბუკლეტებს და მოსახლეობა სარგებლობს ამ სერვისით - მიდიან, იტარებენ გამოკვლევებს და აგრძელებენ მკურნალობას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერების გრძნობით მოვიხსენიო კარიტასი და მადლობა გადაუხადო მათ ასეთი უანგარო თანამშრომლობისთვის", - თქვა ახალკახათის საექიმო ამბულატორიის უბნის ექიმმა ნანა კვესელავამ.
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ოფისის ხელმძღვანელი იან ბლინკა მიიჩნევს, რომ დაავადების ადრეული გამოვლენისთვის სკრინინგის უფასო პროგრამები რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას სამეგრელო-ზემო სვანეთის და სხვა მეზობელი რეგიონების მოსახლეობას. აქ მოსულ ადამიანებს მომსახურებას უწევენ განათლებული და ინფორმირებული სპეციალისტები. მსგავსი სერვისით სარგებლობა მხოლოდ თბილისსა და ზუგდიდში არის შესაძლებელი. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ასეთი ცენტრი არსებობს და ადამიანები იღებენ სკრინინგ პროგრამებს, რითაც ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე", - აღნიშნა იან ბლინკამ.

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების ხელმძღვანელი თამარ კურტანიძე განმარტავს, რომ საინფორმაციო კამპანიას, რომელსაც ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს, წელს ახალი კომპონენტი დაემატა და ამჯერად რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზატორები აწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას ზუგდიდის სკრინინგ ცენტრისა და შესაბამისი სერვისების არსებობის შესახებ. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა დროული მიმართვიანობისა და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარების მნიშვნელობაზე.
"ეს თემა ერთი შეხედვით თითქოს ნაცნობი არის ყველასთვის, მაგრამ როცა საუბარს ვიწყებთ, ვხვდებით რომ მოსახლეობა მაინც ბოლომდე არ არის ინფორმირებული  და არ აქვს გაცნობიერებული რა საკითხზე ვსაუბრობთ. ამ შეხვედრების და დისკუსიის დროს ადგილობრივები აქტიურად სვამენ კითხვებს მათთვის საინტერესო თემებზე, ვცდილობთ ვუპასუხოთ და დავაინტერესოთ, ვანახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგში ჩართვა. ვხედავთ ძალიან კარგ დინამიკას ამ თვალსაზრისით, ადამიანები ინტერესდებიან და ეს ჩვენთვის მოტივაციაც არის რომ მოსახლეობისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს ვაკეთებთ. პროექტის განხორციელებით გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი გადაიჭრა და დღეს სკრინინგ ცენტრს ყოველდღიურად ათობით ადამიანი მომართავს პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თუმცა ინფორმაციის ნაკლებობა მოსახლეობაში და ასევე დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ჯერ კიდევ აქტუალურ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც მთელი სამყარო ფოკუსირებულია კორონავირუსის მართვაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ჯანდაცვის საკითხები, როგორიც არის პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება", - აღნიშნა თამარ კურტანიძემ.

თამარ კურტანიძე განმარტავს, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული სამედიცინო ჩარევა გაცილებით ეფექტურია როგორც ჯანმრთელობის გამოსავლების, ასევე ხარჯთ-ეფექტურობის თვალსაზრისით.

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი 2019 წლის ნოემბერში გაიხსნა. ის ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტია, რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციასთან ონკოპრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებენ. ცენტრის დაფუძნების მიზანია რეგიონში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობაში პროფილაქტიკური გამოკვლევების კულტურის ჩამოყალიბება. ცენტრის პროგრამებით სარგებლობა აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

ამ ეტაპზე ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში ხელმისაწვდომია კიბოს სკრინინგის შემდეგი სახელმწიფო პროგრამები:

სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

კოლორექტული კიბოს სკრინინგი

პროსტატის კიბოს მართვის პროგრამა


ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის მისამართია: კ. გამსახურდიას 187, მიღებაზე ჩაწერა შესაძლებელია ნომერზე 032 247 00 99;
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.