ახალი ამბები
რატომ დააგვიანა ზუგდიდის საკრებულომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებული საკითხის დამტკიცება
ზუგდიდის საკრებულომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ გადაწყვეტილება დროულად ვერ მიიღო. ირკვევა, რომ საკითხის დამტკიცების ვადა პირველ მაისს იწურებოდა. საკრებულოს ოპოზიური ნაწილი მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მათ პარტიული დავალების შესრულებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, დეპუტატებისთვის არ იყო ცნობილი საკითხის დამტკიცების ვადებზე და ამ გზით "ქართული ოცნება" ოპოზიციურ საკრებულოს პროცედურულ ომს უცხადებს.

წარმომადგენლობითი ორგანოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მერიას არც მომართვის წერილში და არც საკრებულოში განხილვის დროს არ გამოუხატავს პოზიცია, რომ საკითხი დაჩქარებული წესით განხილვას საჭიროებდა.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და საზოგადოებას გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხთან დაკავშირებით. საკრებულოს კომისიის მიერ აღნიშნული საკითხი განხილული იყო 28 აპრილს და დამტკიცდა 6 მაისის მორიგ სხდომაზე. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები, თუმცა მიუხედავად საკრებულოს მოთხოვნისა კომისიურ განხილვაზე არ გამოცხადებულა მერის მოადგილე. სამწუხაროდ, მერიას არც მომართვის წერილში და არც საკრებულოში განხილვის დროს არ გამოუხატავს პოზიცია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებდა დაჩქარებული წესით განხილვას. მეტიც, მათ ინფორმაციაც არ ჰქონდათ აღნიშნული საკითხის დამტკიცების ვადებზე, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მერიას შენიშვნაც კი არ გამოუთქვამს დაფინანსების შესაძლო დაკარგვაზე. აღნიშნული სრულად განეკუთვნება მერიის კომპეტენციას და პასუხისმგებლობის სფეროს, შესაბამისად ეს კონკრეტული შემთხვევა მათი მხრიდან უყურადღებობით აიხსნება, კომპეტენციის ნაკლებობით თუ სხვა რაიმე გარემოებით, საზოგადოებას და ზუგდიდელებს ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან სჭირდებათ კონკრეტული განმარტებები. მერიას ვურჩევდით, მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე მეტი ყურადღება გამოიჩინონ და ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია საკრებულოსთან", - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ზუგდიდის საკრებულოს წევრები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას შესაბამის დადგენილებაში შეიტანოს ცვლილება და მუნიციპალიტეტებს მისცეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა.

თავის მხრივ საკითხს გამოეხმაურნენ მმართველ პარტიაშიც. "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციაში მომხდარს ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს უპასუხისმგებლობის მორიგ გამოხატულებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ საკრებულო ხელშეწყობის ნაცვლად ხელს უშლის მოქალაქეებს მიიღონ არსებული სერვისები და პროექტები.

"საკრებულოში თანამდებობების გადანაწილების შემდეგ მის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა გახარიას პარტიის და ნაციონალური მოძრაობის კოალიციას. სწორედ მათი დაუდევრობით და საქმის უგულებელყოფით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კარგავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. საუბარია 948 ათას ლარზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოუყო. უპასუხისმგებლოა მათი განცხადებაც, რომელიც ფაქტის მერიისთვის გადაბრალებას გულისხმობს. რეალურად გახარია/ნაცების კოალიცია მერიას იმაზე საყვედურობს რატომ არ მოხდა ვადების შეხსენება. ეს მაშინ, როდესაც ზუგდიდის მერიამ მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, პროექტით გათვალისწინებული სოფლის კრებები ჩაატარა, კრებებზე მოქალაქეების მიერ წამოჭრილი საკითხები დაამუშავა და დასამტკიცებლად 14 აპრილს ზუგდიდის საკრებულოს გაუგზავნა. ვადების შეხსენება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უნდა სჭირდებოდეს, მაშინ როცა ის მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე მუშაობის დროს თავად კურირებდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.

მსგავსი საკითხების მიმართ აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს შორის გამართული კოორდინაციის საჭიროებასა და მუნიციპალიტეტის მხრიდან უფრო მაღალი კომპეტენციის აუცილებლობაზე საუბრობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა და ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოქმედებდეს.

"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით საჭიროა კოორდინაციის მაღალი დონე მერიის მხრიდან საკრებულოსთან მიმართებაში და პირიქით, იმისთვის, რომ წესით განსაზღვრული ვადები იყოს დაცული და არ დაზარალდეს მოსახლეობის ინტერესები, რადგან ეს არის სოფლად არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს მოქალაქეთა მხრიდან პროექტების შერჩევას, პრიორიტეტების განსაზღვრას და ა.შ. ამიტომ, პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესი, რომელიც მოითხოვს საკუთარ დასახლებაში პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას. გამოსავალი ამ შემთხვევაში შესაძლოა იყოს ის, რომ ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებმა, სადაც მსგავსი პრობლემა დგას, მიმართონ მთავრობას და ითხოვონ, რომ მიუხედავად ვადების დარღვევისა მიეცეთ პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა 2022 წელსვე", - მიიჩნევს არჩილ თოდუა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა კრებებზე თანხმდება სოფლის საჭიროებებზე, რის შემდეგაც ხდება სხვადასხვა სამუშაოების შესყიდვა. პროგრამით ყველაზე ხშირად ფინანსდება შიდა სასოფლო გზები, განათება, შემოღობვა, წყაროების მოპირკეთება, სკვერების მოწყობა, მინი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ა.შ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
მესტიის გზაზე, ხაიშიდან ლახამულამდე არსებულ მონაკვეთზე რამდენიმე საათის წინ მეწყერი ჩამოწვა. შედეგად, ამავე გზაზე საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტილია.
18 / აპრილი 2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო ქიმიოტერაპია, ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება.
18 / აპრილი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.