ახალი ამბები
რატომ მივდივარ 20 ივნისის აქციაზე - ზუგდიდელების მოსაზრებები (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის სკეიტ პარკში ხვალ დაანონსებულ აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები უერთდებიან. ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერი აქცია ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ დაგეგმა.

რატომ მიდიან აქციაზე ზუგდიდელები და რატომ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად ევროპული კავშირის მიმართ დამოკიდებულების დაფიქსირებას - ამ კითხვით აქციის ორგანიზატორებსა და ადგილობრივებს მივმართეთ.

არჩილ თოდუა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი:


"დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, პოლიტიკური პლურალიზმი, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ძლიერი თვითმმართველობა, მედიის თავისუფლება არის ის საგზური, რაც შეგვიყვანს ევროკავშირში, სწორედ ამიტომაც, ამ მოთხოვნებით გავდივარ აქციაზე".


დავით ლოგუა, “სამართლიანი არჩევნების” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი:

"ევროკავშირი ეს არის სივრცე, რომელიც მოგვცემს საშუალებას გვქონდეს ხარისხიანი განათლება, რეალური თვითმმართველობა, უზრუნველყოფილი სიბერე, ღირსეული სამსახური და ხელფასი. ევროკავშირი ეს არის ღირებულებებისა და პრინციპების ერთობლიობა, სადაც ადამიანი არის განვითარების მთავარი ორიენტირი".

ბაკურ ხუბულავა, ორგანიზაცია "გოკურცხის" დამფუძნებელი:


"ევროპული ოჯახში გაერთიანება საქართველოს უალერნატივო არჩევანია. ევროკავშირში ყოფნა ნიშნავს: განსხვავებული აზრის პატივისცემას, მრავალფეროვნებას, ეკონომიკურ წინსვლას, პროგრესს, ისტორიისა და კულტურის შენარჩუნებას. თითოეული მოქალაქის ხმის დაცულობასა და დეცენტრალიზაციას. ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია!".

რუსუდან ყალიჩავა, ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარე:

"საქართველო და ქართველვები ჩვენი არსით, ბუნებით, გემოვნებით და მისწრაფებებით ევროპელები ვართ. ჩვენთვის ევროპული ღირებულებები - პიროვნების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანი, როგორც უმაღლესი ფასეულობა - ძალიან ახლოსაა. მე მჯერა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და მინდა, ის ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს, რაც ქვეყანას განვითარების, მისი დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების, ახალი შესაძლებლობების, ღირსეული ცხოვრების, ტრადიციებისა და რეგიონული ენების შენარჩუნების გარატია".

მალხაზ ლატარია, სამოქალაქო აქტივისტი:

"ჩემი, ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მთავარი მოტივაცია აქციაზე გასვლის არის საერთო ხედვა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გზებზე. მემკვიდრეობაში ვგულისხმობ მეგრულ ენას. მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ევროინტეგრაცია არის ერთადერთი გარანტია ენის უსაფრთხოების და ზოგადად ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვის".

სოფო ხუბულავა, ჟურნალისტი:

"ჩემი და თქვენი შვილებისთვის მივდივარ ხვალ აქციაზე. არ მინდა ჩემმა შვილმა ის გზა გაიაროს, რაც მე გამოვიარე. მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანის ღირსება და უფლებები უპირველესია და ვფიქრობ, ამის მიღწევა მხოლოდ ევროპულ ოჯახში ყოფნით არის შესაძლებელი. თუ ჩვენ ეს შანსი გაუშვით ხელიდან, კიდევ რამდენიმე ათეული წელი მოგვიწევს ცხოვრება იმ უბედურებაში, რომელშიც ქვეყანა დღეს იმყოფება. წინ ევროპისკენ და არც ერთი ნაბიჯი უკან - სიბნელეში".

დემეტრე ლიპარტია, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი:

"სოფლის მეურნეობა და აგრობიზნესი საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში წევრობა ნიშნავს მოსავლის რელიზაციის ახალ კარიბჭეს ევროპაში. ძლიერი ფერემერი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სახელმწიფო. სხვა მომავალი უბრალოდ არ არსებობს".

ლიკა როგავა, "დასაქმების და გადამზადების ცენტრი":

"20 ივნისს აქციაზე დგომა, ვფიქრობ, თითოეული ქართველის ვალია. ცივილიზებულ სამყაროს და განსაკუთრებით ევროპას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვაჩვენოთ ჩვენი ევროპული არჩევანი. მე მივდივარ აქციაზე ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გელოდებით თქვენც".

ბესიკ არახამია, "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:

"მე ვირჩევ ევროპას... ესე იგი მე ვირჩევ ნების თავისუფლებას. მე ვირჩევ იმას, რომ ჩემი შვილი ნებისმიერ სამსახურში თავისი მიღწეული შრომით აირჩევა და არა იმის გამო, რომ მამა დირექტორი ჰყავდა. მე ვირჩევ თავსმოხვეული "ლენინიზმისგან" თავისუფალ ახალგაზრდობას, ვირჩევ ევროპულ განათლებას. ვირჩევ უძველესი ბერძნულ-რომაული კულტურის კოლხურ თანაარსებობას. ვირჩევ თანასწორობას. ვირჩევ იმას, რომ ჩემი ლაზი მუსლიმი ძმა, ჩემი ძმაა. ვირჩევ, მჯერა და დავდგები იქ, სადაც ევროპაა".

ეკა მინჯორაია, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:


"რატომ გავდივარ? ევროინტეგრაციით პირველ რიგში მინდა ქვეყნის სტაბილურობა, ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი, კანონის უზენაესობა, არჩევანის თავისუფლება, განათლება, სამართლიანობა, მრავალფეროვნება. ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია. არა რომელიმე პარტიის მიერ პრივატიზებული არჩევანი. გავდივარ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ევროპულ სამყაროს ჩვენი ევროპული არჩევანი, რომ მოხდეს ერის შიდა კონსოლიდაცია, გარდატეხა ცნობიერებაშიც".

ედუარდ ფარცვანია, ახალგაზრდული სივრცე "მეგობარი":

"ქვეყნის განვითარების გზა ევროპაზე გადის! საზოგადოებამ უნდა დავანახოთ დანარჩენ ევროპას ჩვენი ევროპული არჩევანი".

ციცინო შენგელია, "სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი":

"20 მივდივარ იმისთვის, რომ ძლიერ, დამოუკიდებელ საქართველოში ვიცხოვრო, სადაც არ შემეშინდება ვიყო ის ვინც ვარ, მექნება კარგი განათლების სისტემა, მაღალი პენსია. სადაც სახელმწიფოს აშენებს ხალხი და არა პრივილეგირებული ადამიანების კასტა".

თიკო ლაგვილავა, აბიტურიენტი:

"საქართველო ისტორიული არჩევანის ზღვარზეა: ევროპა ან რუსეთი. ევროკავშირი საქართველოსთვის წინსვლისა და განვითარების ერთადერთი შესაძლებლობაა. ხარისხიანი განათლება, გამჭვირვალე არჩევნები, პრესის თავისუფლება, საკუთარი პროფესიით დასაქმების პერსპექტივა, თავისუფლება, გარანტირებული სუვერენიტეტი და რაც მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი - საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა".

აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ზუგდიდშიც 18 საათზე დაიწყება





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.