სტატია
ქართული პასპორტი თუ დროებითი სამგზავრო დოკუმენტი აფხაზებისთვის - ევროსაბჭოს გადაწყვეტილება და შეფასებები
ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ზონაში გადაადგილების აკრძალვის ინიციატივას.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიიჩნევს, რომ ეს არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ოდნავ დაგვიანებულიც კი. თუმცა, მისი თქმით, აქვე გასათვალისწინებელია ჰუმანიტარული საკითხიც და ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაამარტივოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზე ქართული პასპორტის გაცემის პროცედურები.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული პასპორტებით დაინტერესება ბევრად უფრო გაზრდილია, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე და რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებამდე, რასაც თან დაერთო ევროკავშირის გადაწყვეტილებაც აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ. თუმცა, მსურველებისთვის მისი მიღება არც ისე იოლია.

"არადა, ეს სამწუხაროდ პრობლემად არის ქცეული. დღემდე, ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტი უარია, ვიდრე თანხმობა, ამ ქართული პასპორტების გაცემაზე ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის... და ერთ - ერთი მიზეზი, გახლავთ ის, რომ ისინი არიან რუსეთის მოქალაქეები და აქვთ რუსული პასპორტი...", - განმარტავს გამახარია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივების შესახებ კანონპროექტი აფხაზეთის მთავრობამ თითქმის ორი წლის წინ შეიტანა პარლამენტში, თუმცა საკანონმდებლო წინადადება ჯერჯერობით არც განხილულა.

"... ჩვენ ადრე გვაქვს შეტანილი კანონპროექტი, საკანონმდებლო ინიციატივა, მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ, სადაც ჩვენ ვითხოვთ ერთ - ერთ ცვლილებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემული პასპორტები, და შესაბამისად, იქ მიღებული მოქალაქეობა, არ ჩაითვალოს მეორე ქვეყნის მოქალაქეობად ... ჩვენ შეგვიძლია, ევროკავშირის ძალიან სწორ გადაწყვეტილებას ვუპასუხოთ და ასევე, პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, უნდა გავუმარტივოთ იქ მაცხოვრებელ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობის მიღება", - თვლის გამახარია.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე ქართული პასპორტების გაცემის პროცედურა სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ის დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების უმრავლესობა არ აიღებს საქართველოს პასპორტებს და არც ნეიტრალურ პასპორტს, რომელსაც გასცემს ქართული მხარე. ექსპერტი ამბობს, რომ ეს პრობლემაც იარსებებს, სანამ კონფლიქტი პოლიტიკურად არ მოგვარდება. ამიტომაც, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება სხვა გამოსავალს უნდა ეძებდეს. ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს დროებითი დოკუმენტი, რომლის გაცემას ევროკავშირი შეძლებდა.

".... სამინისტროს წარმომადგენლები უნდა მუშაობდნენ ინტენსიურად, რათა შეიძლება დროებითი რაღაც საშუალება მისცენ... შეიძლება ამისთვის შეიქმნას, რაღაც სააგენტო... საქართველოსთან შეთანხმებით, ბუნებრივია. სიტყვაზე, იქ (სოხუმში), გაეროს ოფისებში განთავსდეს ასეთი რაღაც სამსახური, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ამ კატეგორიის ადამიანებს მისცენ გარკვეული რაღაც დროებითი დოკუმენტი, რომელსაც არაფერი საერთო არ ექნება პასპორტთან, როგორც ასეთთან, ამას ჰქვია ლესე-პასე (Laissez-Passer). მაგალითისთვის, არსებობს ასეთი ვარიაციები ლესე - პასესი, სადაც იქნება, გვარი სახელი ადამიანის და მისი პირადობის დამადასტურებელი რაღაც დოკუმენტი, თუგინდ აფხაზეთის პასპორტი იყოს და თუგინდ რუსული პასპორტი. ის არ იქნება ვიზა და ამ ადამიანს, შეეძლება ერთჯერადად გადაადგილდეს შენგენში...", - განმარტავს ექსპერტი.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და ლოგიკურია, რადგან ევროკავშირისთვის მიუღებელია , რომ რუსეთი აგრესიის შედეგად მოპოვებულ ტერიტორიებზე ახორციელებდეს თავის იურისდიქციას და შესაბამისად, ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები უკანონოა მათთვის. თუმცა ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს მეორე მომენტზე, რომელიც ჰუმანიტარულ სამართალს შეეხება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების ფონზე, აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების უფლებები უფრო მეტად ირღვევა, ვიდრე რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ აგრესიაში, ირჩევენ ხელისუფალს, და პრაქტიკულად ნებართვას აძლევენ რუსეთს, განახორციელოს აგრესია, ამ შემთხვევაში, უკრაინის წინააღდეგ საშინელი ომი. აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა და საქართველომ რაიმე გამოსავალი უნდა შესთავაზონ აფხაზეთში მცოვრებ მოქალაქეებს.

"მიიღებენ ისინი თუ არ მიიღებენ ამ შეთავაზებას - უკვე სხვა საკითხია", - დასძენს კონფლიქტოლოგი.

ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარებას 21 ოქტომბერს დაუჭირა მხარი.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის და სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსია უკანონოა და რომ ევროკავშირმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საქართველოში. ამიტომ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და მოკავშირეებმა ევროპის ეკონომიკური ზონიდან აღარ უნდა მიიღონ ამ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები.

წინადადების თანახმად, ევროკომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, რომლებიც მომავალში არ უნდა იქნას მიღებული.

მანამდე, 12 ოქტომბერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ვერ გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვრებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩების წინასწარ შეთანხმებას და განაცხადა, რომ "ევროკავშირის პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ არის აფხაზი ხალხის იზოლირება, კუთხეში მიმწყვდევა და საკუთარი ნების კარნახი", რადგან, როგორც ის ამბობს, "ევროკავშირს არ მოსწონს აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამოკავშირეო ურთიერთობები და ისინი ყველანაირად ცდილობენ შეცვალონ ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ".

არძინბამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებამ არ აღიაროს "აფხაზეთში გაცემული პასპორტები, შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს რესპუბლიკაში და იღებენ ევროკავშირის დაფინანსებას". თუმცა, მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებისა და პროექტების დაახლოებით 80%, რომლებიც ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება, ფინანსდება ევროკავშირის, სხვადასხვა ოფიციალური და არაოფიციალური სტრუქტურების მიერ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს ადგილობრივი ე.წ. მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობაც და შესაბამისად, რუსული პასპორტები აქვს. რუსეთი სამგზავრო დოკუმენტებს გასცემს ანექსირებულად გამოცხადებულ ყირიმში და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.






Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.
ზუგდიდში 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
ქალაქის მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / სექტემბერი 2023
ზუგდიდი და მარტვილი ოქტომბერში “ღვინის დღეებს” უმასპინძლებს.
23 / სექტემბერი 2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მისი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, კავკასიაში.
22 / სექტემბერი 2023
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, სასამართლოს განცხადებით მიმართა და დავის განხილვის ვადით, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე კერძო კომპანიის მიერ სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.