სტატია
ერთ წიგნში მოქცეული სოხუმის სიყვარული - გურამ ოდიშარიას და დაურ ნაჭყებიას რომანები იტალიაში გამოიცა
სულ ახლახან, რომში, იტალიურ ენაზე ერთ წიგნად გამოიცა ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“ და აფხაზი მწერლის დაურ ნაჭყებიას რომანი „ღამის ნაპირი.

ეს არ არის პირველი მცდელობა მსგავსი ლიტერატურული დიალოგისა, ომით გაყოფილ სოხუმელ მწერლებს შორის. მათ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, რომლის შენარჩუნება ომის შემდგომაც შეძლეს, 2011 წელს კი ერთ - ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც მწერალთა მიმართულებას ითვალისწინებდა, გამოსცეს კრებული, რომელშიც კავკასიელი, მათ შორის ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებები შევიდა. 2010 წელს გურამ ოდიშარიამ ქართულ ენაზე თარგმნა დაურ ნაჭყებიას „ღამის ნაპირი“, რომელიც უკვე ორჯერ გამოიცა, ხოლო დაურ ნაჭყებიამ აფხაზურ ენაზე თარგმნა „პრეზიდენტის კატა“.

ქართულ - აფხაზური ვარიანტი საქართველოში გამოიცა, წიგნების ნაწილი კი სოხუმში გაიგზავნა.

„ეს ნაწარმოებები არის ომის საწინააღმდეგო. არც ჩემს რომანში და არც მის რომანში, ჩვენ არ ვყვებით იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, ვინ არის დამნაშავე და ა.შ... იქ არ არის პოლიტიკა, იქ არის „ადამიანოლოგია“, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ამ უზარმაზარ ომში მოხვდება ადამიანი, ერთი აფხაზი და მისი ისტორიაა მის რომანში მოთხრობილი, მაგრამ, იქ არის, მისი ქართველი მეგობრების ისტორიაც და ამბავი იმაზე, თუ რა მოსდის ადამიანს ომში , როდესაც ეს საშინელება იწყება და რა ხდება მის თავს, ჩვენს ერთ ქალაქში. ჩემთან ეს არის ასევე აფხაზი...“, - ამბობს გურამ ოდიშარია.

დიდ ინტერესს, რომელიც წიგნის მიმართ არსებობს, მწერალი იმით ხსნის, რომ ქართველი და აფხაზი მწერლების მიერ მოთხრობილი ამბების მსგავსი ისტორიები ხდება მთელს მსოფლიოში. ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ კი ადამიანებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, უკეთ ესმით ერთმანეთის ტკივილი.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ლიმონი მხოლოდ გოეთეს იტალიაში ყვავის, წარმოდგენა არ აქვს სოხუმზე, აფხაზეთის სანაპიროზე, ადგილზე, რომელსაც ორი ისტორია აქვს -მითოსური და კონფლიქტებით სავსე. თეთრი ქალაქი „წითელ რივიერაზე“, წარმტაცი კურორტი შავ ზღვაზე, სადაც ომი დაიწყო, ამ ორი რომანის მოქმედების ადგილია. ეს არის წიგნი მზიან ცხოვრებასა და ომის ღამეზე, სადღაც ევროპის კიდეზე, დემოკრატიის, თვითგამორკვევისა და თავისუფლების ევროპული გაგებისთვის მაინც ცენტრალურ ადგილს რომ იკავებს“, - წერს წიგნზე გერმანელი ლიტერატურის კრიტიკოსი კორნელია ზეტცშე.

შარშან წიგნით გერმანელი გამომცემლები დაინტერესდნენ, ის გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა.

გურამ ოდიშარია, რომელიც პრაქტიკულად არის ჩართული ქართულ-აფხაზურ და კავკასიელ ერთა შორის სამშვიდობო დიალოგში, თავადაც იკვლევს, თუ რას ფიქრობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მეტიც, სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები მკითხველები იმ მოვლენებზე, რომლებიც ამ რომანებშია ასახული, თუნდაც, რით არის საინტერესო, მაგალითად, მისი რომანის, 20 - მდე ენაზე თარგმნილი, „პრეზიდენტის კატის“, კოლორიტული პერსონაჟი, მიხეილ ბღაჟბა. როგორც გვიყვება, მას თითქმის ერთნაირად პასუხობდნენ ჩინეთში, ჩეხეთში, ნიდერლანდებში თუ უნგრეთში:

„... ამ ქალაქში, ასე რომ ხუმრობდა, ასე რომ უყვარდა ადამიანები, ჩვენ ეს ადამიანი ყველას გვაკლია... ასეთი ადამიანი მაგნიტივით გვიზიდავს, იმიტომ, რომ მას უყვარს ადამიანი...“.


ბღაჟბას პერსონაჟი „საბჭოთა პერიოდში სრულიად არასაბჭოური ღიაობითა და გახსნილობით, არასტერეოტიპულად და ალტრუისტული მსოფლმხედველობით წარუშლელ კვალს ტოვებდა დახურული სამყაროს მოქალაქეთა ცნობიერებაში“, - წერს რომანზე ცირა კილანავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე.

მისი თქმით, „.. აქ მსუბუქი ირონიით განსახოვნებულია მსოფლიო კონტექსტში „საბჭოთა ადამიანის“ თვითრეპრეზენტაციის საკითხი; წარმოდგენილი შავიზღვისპირა ქალაქის, დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის, დედაქალაქის _ სოხუმის _ ომამდელი ცხოვრება და ომის დამანგრეველი ეფექტი. აქ ომი ჩნდება რომანის პროტაგონისტის ცხოვრების ფინალურ ნაწილში, როგორც გაუგებარი და სრულიად მიუღებელი მოვლენა, რომელიც ერთმანეთს გაუუცხოებს მშობლიურ ქალაქსა და მის გამორჩეულ შვილს _ მიხეილ ბღაჟბას“.

რომანის ავტორი თვლის, რომ ადამიანი, რომელიც სოხუმის კოლორიტად ითვლებოდა, იყო მაგალითი იმისა, რომ რეჟიმის პირობებშიც შეიძლება ყველაფრის „გაადამიანურება“, რასაც ახერხებდა მიხეილ ბღაჟბა.

„.. და მერე ხდება ომი... და ომი ამ ქალაქის ფონზე, ამ ადამიანური ურთიერთობების ფონზე, რომელიც ბღაჟბასთვუს ფუფუნება იყო... და რომ მკითხოთ, პოლიტიკა რა არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს თავისი მიზნები აქვთ, მაგრამ, თუ პოლიტიკას ყველაზე კარგი მხრიდან დავაკვირდებით, თუ პოლიტიკას შეუძლია ადამიანების შერიგება, გაცნობა, დაახლოება, მაშინ ის კარგია, თუ ის ყოფს ადამიანებს, მაშინ ის ცუდი მოვლენაა... და სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ხშირად ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე“.

გურამ ოდიშარიას თქმით, ბოლო დროს უკრაინის კრიზისის ფონზე, მსოფლიოში დიდია ინტერესი მსგავსი თემების და ლიტერატურული დიალოგის შესაძლებლობების მიმართ.

„ანუ, ფაქტობრივად, ეგ არის, რაც შეუძლია ლიტერატურას, ამ კონფლიქტის ან ადამიანთა ურთიერთობის დარეგულირებისთვის, რაც შეუძლია გააკეთოს და ძალიან ბევრი რამ შეუძლია, იმიტომ, რომ ჩვენ მასმედიას შევეჩვიეთ და ხშირად აცდენილ ინფორმაციასაც ვუსმენთ, რომელიც სტერეოტიპებს აყალიბებს... და ლიტერატურა სხვანაირად ინახავს ისტორიას, სხვანაირად ინახავს ადამიანთა ურთიერთობას, ომამდელ ცხოვრებას, ომის დროინდელ და ომისშემდგომ ცხოვრებას ... და მეტი იმედის მომცემია“, - დარწმუნებულია მწერალი.

„პირველი იყო სიტყვა“, როგორც წერია ბიბლიაში, ამბობს ის და სიტყვა უნდა იყოს ის „იარაღი“, რომლითაც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება, რადგან „იარაღს არასოდეს სიკეთე არ მოუტანია, საბოლოო ჯამში“.

ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“ იტალიურად თარგმნა ნუნუ გელაძემ, ხოლო აფხაზი მწერლის დაურ ნაჭყებიას რომანი „ღამის ნაპირი“ - რუსკა ჟორჟოლიანმა.

წიგნის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე იტალიაში გაიმართება.
















Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივლისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე მოქალაეებს შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.