სტატია
ბალდის კანიონის იჯარის წესით გასხვისების საწინააღმდეგო სარჩელს სასამართლოში შეიტანენ
ბალდაში ადგილობრივების ნაწილი სასამართლოს გზით მოითხოვს იმ გადაწყვეტილების შეჩერებას, რომლის თანახმადაც ახლა ბალდის კანიონზე კომპანია „კანიონ 350“ სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს.

კვირებია, ბალდელების ნაწილი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და კანიონის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

მათ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან არაერთი შეხვედრა გამართეს, თუმცა უშედეგოდ. საბოლოო შეხვედრის შემდეგ კი გადაწყდა, რომ სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შესაჩერებლად პეტიციას უკვე 350-მდე ადგილობრივმა მოაწერა ხელი. ბალდელები განმარტავენ, რომ მსგავსი პროექტის განხოციელება მხოლოდ ადგილობრივებთან განხილვის შემდეგ უნდა დაწყებულიყო.

„ჩვენ იქამდე მივედით, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,სარჩელის შეტანას ვაპირებთ. პროფესიონალი იურისტები გვეხმარებიან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ასეთ ადმინისტრაციულ დავებში და გარემოს დაცვით დავებში. თითქმის დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ ამ დავაში და სასამართლო გადაწყვეტს, რომ უკანონოა გაიჯარების აქტი. თვითონ ეს ფაქტია და ამის სასარგებლოდ ძალიან ბევრი არგუმენტი გვაქვს. ვაპირებთ დაცული ტერიტორიების დაცვას. ჩვენი ძირეული მოთხოვნა იყო ის, რა ეტაპზეც მოხდა, იმ ეტაპზე დაგვებრუნებინა პროცესი და იქედან დაგვეწყო უკვე სწორად მოქმედება. დარღვევა მოხდა მაშინ, როდესაც არ მოეწყო საჯარო განხილვა, როდესაც ტერიტორია გაიჯარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე და ეს პროექტიც შემუშავდა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე. ჩვენ წინაღმდეგნი არ ვართ სოფლის განვითარების, მაგრამ ეს განვითრება გვინდა იყოს მაქსიმალურად სოფლის საკეთილდღეოდ და მცოდნე პროფესიონალების ჩართულად“, - უთხრა ჟურნალისტებს მათე მაყაშვილმა, რომელიც ისევე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, თვლის, რომ მათთან შეთანხმების, მათი მოსაზრებების მოსმენის გარეშე გადაწყდა ბუნების ძეგლის ბედი, რამაც ბალდელების უკმაყოფილება გამოიწვია.

ადგილობრივი მცხოვრები ცოტნე თვარაძე, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ამბობს, რომ საბოლოოდ მხარეები უნდა შეთანხდნენ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სოფლის მცხოვრებლების ინტერესების გაუთვალისწინებლად.

“ჩვენ გვინდოდა სასამართლოს გარეშე მშვიდობიანი ფორმით მოგვეგვარებინა ეს პრობლემა, მაგრამ, როგორც ჩანს, ურჩევნიათ გაიწელოს და უფრო ხმაურიანი გახდეს ეს ამბავი, რაც ძალიან სამწუხარო არის. ისინი გვთხოვდნენ წარგვედგინა კონცეფცია, ჩვენ რასაც ვაპროტესტებდით ზუსტად ის იყო, რომ ერთმა და ორმა ადამიანმა არ უნდა გააკეთოს, ეს უნდა გააკეთოს პროფესიონალების ჯგუფმა და რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება, რის დროსაც არ გვაძლევენ. ხუთ თვეში შეიძლება იქ ისეთი რაღაცები გაკეთდეს, რასაც უკან ვერ დავაბრუნებთ. ჩვენი პრეტენზია არის ის, რომ ეს მოხდა კანონდარღვევით თავიდანვე, როცა პროექტი კეთდებოდა აუცილებლად უნდა მომხდარიყო სოფლის ჩართულობით, საჯარო განხილვების საფუძველზე.რაც აუცილებლად მიგვაჩნია არის ის, რომ სრული კონცეფცია უნდა შედგეს ამ ყველაფრის“, - აღნიშნა თვარაძემ.

მშენებლობის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების გარდა, მედიასთან კომენტარი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძემ გააკეთა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები შეცდომაში არიან შეყვანილი. დეკანოიძის განმარტებით, ინფორმაცია, რომ არ იყვნენ ინფორმირებულები ადგილობრივები, მცდარია.

„გარკვეული შეხვედრები ხორციელდებოდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ყველა პროცედურა არის კანონის შესაბამისად დაცული, ეს არის საჯარო აუქციონის შედეგად გამოვლენილი კონკრეტული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტული სერვისების განხორციელებას დაცულ ტერიტორიებზე. ის მიდგომა, რომ გასხვისდა კანიონი, მცდარია იქიდან გამომდინარე რომ ბალდის კანიონი არის სახელმწიფო საკუთრება და დარჩება სახელმწიფო საკუთრებად, უბრალოდ, კონკრეტული ვადით გადაეცა კონკრეტულ კომპანია,ს რომელიც უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ვიზიტორების უსაფრთხო გადაადგილებას, მოსახლეობაში გაჩნდეს შესაძლებლობა იმისა, რომ სარგებელი მიიღოს და სოციალ - ეკონომიკური სიტუაციები გააუმჯობესოს. ეს არის ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ეკოტურიზმი ითვალისწინებს ბუნებაში გადაადგილებას და დასვენებას. შესაბამისად, ამ ინფრასტრუქტურის შედეგად შესაძლებელი იქნება სწორედ იმ ბუნებრივ ფენომენების საჯარო ხელმისაწვდომობის ფარგლებში მონახულება ვიზიტორებისთვის. უსაფრთხო იქნება 100 %-ით იქ მოსული ვიზიტორის ჯამრთელობა. იჯარით გაცემული არის ოცი წლის ვადით, ოცი წლის შემდეგ გადაიხედება პირობები. თუ კონკრეტული კომპანია უზრუნველყოფს იმ თავდაპირველი წინადადებების სრულფასოვან განხორციელებას, მათ შორის ადგილობრივი თემების ჩართულობას ამ ტურისტულ მომსახურების სერვისებში, შესაბამისად, შეიძლება გაგრძელდეს იჯარის ვადა“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში, ბალდის კანიონი, რომელიც ბუნების ძეგლია, აუქციონის წესით, 20 - წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით კომპანია „კანიონ 350“-ს გადაეცა.


ფოტო: ბალდის კანიონი


სახელმწიფო უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.

კანიონის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2023 წლის აპრილის თვიდან დაიწყო. პროექტის დაწყებამდე კი შეისწავლეს ბუნების ძეგლის გეოლოგიური,ჰიდროლოგიური კომპონენტი, რათა ბუნების ძეგლზე ინფრასტრუქტურის მოწყობა უსაფრთხო ყოფილიყო.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.