სტატია
გაუმართავი პარკირების სისტემა ზუგდიდში - თვითდასაქმებული ავტომესადგომეები და მძღოლების პრობლემა (ფოტო)
ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდში მანქანების რიცხვის მატებასთან ერთად, უსაფრთხოდ და თავისუფლად პარკირება მძღოლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა, პრობლემაა ავტოსადგომის მორიგეებთან, თვითდასაქმებულ მარეგულირებლებთან ავტომობილის დაყენების შეთანხმება და ანგარიშსწორებაც.

გამოცდილი მძღოლი ტარიელ ლაგვილავა რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ 30 წელია ავტომობილს მართავს, მაგრამ ბოლო წლებში განსაკუთრებით უჭირს ქალაქში გადაადგილება, რასაც ავტოსადგომების გადატვირთვას უკავშირებს.

"ბოლო 5-6 წელია, რაც ქალაქში ქაოსია მანქანის ტარებისას, ძალიან გადატვირთულია მოძრაობა, რადგან არ არის სწორად შერჩეული ადგილები, სადაც მანქანას დააყენებ. აი თუნდაც, შუქნიშანთან რომ იწყება პარკინგი არასწორია, ცდილობ რომ გაიარო მწვანეზე, ამ დროს ვიღაცას მანქანა შეჰყავს და იქმნება დაბრკოლება. კარგი იქნება, თუ გამოყოფენ ერთ ადგილს, სადაც არ შეექმნება საფრთხე არცერთ მძღოლს და მანქანას", - დასძენს ლაგვილავა.

ის ასევე ხაზს უსვამს, ავტომესადგომეებთან გადახდენილ რამდენიმე ინციდენტს, რომელიც მისი თქმით, დროისა და ფულის ზედმეტი ხარჯია.

"ცხადია, ყველას არ ეხება, მაგრამ მქონია შემთხვევა, როდესაც რამდენიმე წუთით ვაყენებ მანქანას, შევდივარ აფთიაქში, ვყიდულობ წამალს, სულ რაღაც 10 წუთის ამბავია და რომ გამოვდივარ, "სტაიანშიკებს" უნდა მივცე რაღაც თანხა, რომელიც გაუგებარია კიდევ ვის ჯიბეში მიდის. მე მათ არ ვერჩი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვცდილობ ისეთი თანხა მივცე, რომ მათ ამით შეურაცხყოფა არ მივაყენო, მაგრამ მეეჭვება მხოლოდ მათ რჩებოდეთ ეგ ფული", - გვეუბნება ტარიელი.

კიდევ ერთი მძღოლი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გასაჯაროება, ამბობს, რომ ხშირად, პარკინგის თავისუფალ ადგილებზეც კი ვერ აჩერებენ მანქანას, რადგან "სტაიანშიკები" ამის საშუალებას არ აძლევენ.

"როდესაც არსად არაა ადგილი და ცდილობ რამენაირად დააყენო მანქანა, დაგხვდება ხან სკამი, ხან რაღაც საგზაო ნიშანი, რომელსაც სპეციალური სამსახურები სამუშაოების დროს იყენებენ, ეს არასწორია. გარდა ამისა, რამდენჯერმე არ შემაყვანინეს მაქანა, უკვე ნახევრად დაპარკინგებული მქონდა, რომ მეუბნება ეს ადგილი შენახულია, მოსაწონია ეს? რომ იყოს ოფიციალურად, კანონის დონეზე დამტკიცებული, ეს არ შექმნიდა ამდენ გაურკვევლობას. ევროპაში, უკვე სპეციალური აპლიკაციებია შექმნილი, რაც აქეთ გეუბნება სად არის ახლომახლო თავისუფალი ადგილი და ჩვენ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ვართ", - წუხს ჩვენი რესპონდენტი მძღოლი.

ქალაქის ცენტრალური ნაწილი ავტოსადგომზე თვითდასაქმებულებისთვის რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. ყოველდღე აქ ათამდე შუახნის მამაკაცი მუშაობს. ზოგი მათგანი მძღოლებს მანქანის გაჩერების სანაცვლოდ თანხას სთხოვს, ზოგს კი მძღოლები ფულს თავად აძლევენ. ავტოსადგომებზე თვითდასაქმებულებიც აღიარებენ, რომ, პრობლემა, რეალურად, არსებობს.

ერთ-ერთი ავტომესადგომე რადიო "ათინათს" ეუბნება, რომ 8 წელია დასაქმებულია და დღეში 15-20 ლარს იღებს, თუმცა, არ გვიკონკრეტებს, სამუშაო დღის ბოლოს რჩება თუ არა მთლიანი შემოსავალი მას.

"ამ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ, ასე მითხრეს, ეს გამგეობასთან უნდა მოიკითხოთ. მე ძალიან მაწყობს, თუ ფასიან პარკირებას შემოიტანენ და ფიქსირებული ხელფასი მექნება", - დასძენს ის.

ერთ-ერთი ავტომესადგომე გურამ მოსიაც ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ საკითხი ოფიციალურად მოგვარდება. გვიმტკიცებს, რომ დღის ბოლოს მიღებულ თანხას არავის უნაწილებენ.

"უნდა დაკანონდეს და მე როგორც ვიცი, მიდის მუშაობა უკვე. კარგი იქნება, ხელფასი მექნება და ისეც მაჩუქებს მინიმალურ თანხას ვინმე. მე ამჟამად თვითდასაქმებული ვარ, მაგრამ აქ ტარიფები არ მაქვს დაწესებული, უფრო ვეხმარები და თუ მომცემს თანხას ეს მისი გადაწყვეტილებაა. თანხას კი არავის ვუნაწილებ, მიმაქვს ჩემს ოჯახში", - გვეუბნება თვითდასაქმებული.

აპირებს თუ არა პარკირების საკითხზე მუშაობას მუნიციპალიტეტი, ამ კითხვით რადიო "ათინათმა" საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებსა და მერიას მიმართა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მაია კალანდიამ აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლომდე, მერიის მხრიდან წარმომადგენლობით ორგანოში ელოდებიან წინადადებების წარდგენას.

"რამდენჯერმე გავაჟღერე საკრებულოს სხდომებზე, რომ ის, რაც ქალაქში პარკირებასთან დაკავშირებით ხდება, სამართლებრივი შეფასების მიღმა, ეს არის სირცხვილი. ევროპული ქალაქის ცენტრში, 21-ე საუკუნეში, ქუჩაში დგანან ე.წ სტაიანშიკები და დასდევენ იმ ადამიანებს, რომლებიც მანქანას აჩერებენ, რომ მისცენ ლარი და 50 თეთრი. ერთ-ერთთან მივედი კიდეც და ვკითხე, ვინ აყენებს მათ იქ, და მათი საუბრიდან გაირკვა, რომ გროვდება ეს თანხა და ვიღაც ჩინოვნიკის ჯიბეში მიდის", - ამბობს კალანდია.

მისივე თქმით, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მათგან ყველაზე ოპტიმალური კი მერიის მიერ ოფიციალური სამსახურის შექმნა ან ამ ადგილებზე ტენდერის გამოცხადებააა.

"თუ მერიამ წინადადებები არ წარმოადგინა, ჩვენ თვითონ დავიწყებთ საზოგადოებასთან მუშაობას და ჩვენ თვითონ შემოვალთ წინადადებით. მერიის თანამშრომლები დაგვპირდნენ, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ჩვენთან ერთად და ველოდებით", - ხსნის კალანდია.

საკრებულოს თავმჯდომარე და პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" წევრი გიგა ფარულავა ამბობს, რომ 2021 წლიდან პარკირების მოგვარება დაევალა შპს მუნიციპალურ ტრანსპორტს და არსებობდა შესაბამისი განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელი იყო პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებაზე, თუმცა, ფაქტია, რომ პრობლემა ისევ გადაუჭრელია.

"ბუნებრივია, დამატებითი შემოსავალი იქნებოდა შპს მუნიციპალური ტრანსპორტისთვის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის. 2021 წლიდან დღემდე არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, რომ ეს მოეწესრიგებინათ. უფრო მეტიც, 2023 წელს არაერთი რეკომენდაცია გავეცით პარკირების მოგვარებაზე, მერიამ საერთოდაც მუნიციპალურ ტრანსპორტს ჩამოაშორა ეს მიმართულება და გააუქმა შესაბამისი განყოფილება. 2023 წლიდან დღემდე საკრებულოში არცერთი აქტიური დოკუმენტი ან ღონისძიება არ შემოსულა განსახილველად", - განმარტავს ფარულავა.

მისი განცხადებით, 2023 და 2024 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს საკრებულოში საკმაოდ მწვავედ და აქტიურად იყო მსჯელობა პარკირებაზე, როგორც ქალაქში არსებული პრობლემებიდან ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე.

პარკირების საკითხი რომ პრობლემატურია, ოპოზიციაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც თანხმდება.

ჩვენ ზუგდიდის მერიას ვკითხეთ, რა ნაბიჯებს დგამენ შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებით.

უნდა ითქვას, რომ მერიაში თვითდასაქმეებულ "სტაიანშიკბთან" რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფენ.

მერიის პრესსამსახურში კონკრეტულად არაფერს გვეუბნებიან, თუმცა განგვიმარტეს, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დოკუმენტაციის საბოლოო შეჯერება და დეტალების დაზუსტება, დამატებით ინფორმაციას კი მოგვიანებით მოგვაწვდიან.

ზუგდიდში პარკირების პრობლემასთან დაკავშირებით, მძღოლები, წლებია, საუბრობენ. ზუგდიდის მერიამ კომპანია "თაუნ პარკს", რომელსაც ზუგდიდში პარკირების სისტემა უნდა მოეწესრიგებინა, ხელშეკრულება 2019 წლის იანვარში გაუწყვიტა, მიზეზად კი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოაცხადა.

"თაუნ პარკს" ქალაქის ცენტრალური ტერიტორიები ათწლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. მას ადგილობრივ ბიუჯეტში კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეეტანა. შესაბამისი ხელშეკრულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კომპანია "თაუნ პარკს" შორის 2017 წლის სექტემბერში დაიდო.

ამ ეტაპზე ქალაქის ქუჩებში მხოლოდ თვითდასაქმებული მარეგულირებლები დგანან და პარკირების მომსახურებისთვის მძღოლებისგან თვითნებურად სხვადასხვა თანხას იღებენ.



ამავე თემაზე: 

არის თუ არა პარკირების პრობლემა ზუგდიდში და როგორ შეიძლება მოგვარდეს ის - მძღოლების აზრი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.