საზოგადოება
საპატრიარქო ღვთისმშობლის კვართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ზუგდიდში ღვთისმშობლის სამოსელის ქალაქიდან შესაძლო გატანასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. "ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ უკანასკნელ წლებში, სამწუხარო გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: 

"მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ათეისტური იდეოლოგიის გაბატონების ჟამს, მრავალი სიწმიდე იქნა გატანილი ეკლესია-მონასტრებიდან; ამ სიწმიდეთაგან ნაწილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ნაწილი კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა შესანახად. ასე აღმოჩნდა ზუგდიდის მუზეუმის საცავში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც, სავარაუდოდ, (ყველაზე გვიანდელი ვერსიით) კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ჩამოუტანიათ საქართველოში, კერძოდ კი სადადიანოში. მსოფლიო მნიშვნელობის ეს უდიდესი სიწმიდე ვერცხლის კიდობანში ყოფილა დაცული და სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის და კათოლიკოსის ბეჭდით დალუქული.

1923 წლამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი სხვა სიწმიდეებთან ერთად ხობის მონასტერში ინახებოდა; 1923 წელს კი, ისინი დადიანების სასახლეში განთავსებულ მუზეუმში გადაიტანეს.

ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ათწლეულების განმავლობაში მათ მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობის, პროფესიული თავდადებისა და სამოქალაქო გმირობის ფასად ათეისტურ დროს გადაურჩა ყოვლადწმიდა კვართი და არაერთი სხვა სიწმიდე.

დღეს, ღვთის მადლით, დადგა დრო, როცა განსაკუთრებულ შემთვევებში ხდება ხოლმე ამ სიწმიდის გადმოსვენება ტაძარში, სადაც ტარდება საღმრთო ლიტურღია და მორწმუნე ადამიანებს მასთან რწმენითა და სიყვარულით მიახლების საშუალება ეძლევათ.

ზუგდიდის მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევს იმას, რომ მათ ქალაქში ინახება საქრისტიანოს გამორჩეული სიწმიდე და შესაბამისად, მტკივნეულად რეაგირებს ამ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებზე.

შექმნილ ვითარებას სწავლობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომლის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან შესაბამისი დარგის მკვლევარები, ზუგდიდისა და ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფალთა პასუხისმგებელი პირები: მათი ერთობლივი მუშაობის შედეგი შემდეგ წარედგინება საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს. მანამდე კი ჩვენს სულიერ შვილებს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და მოთმინებისკენ; საეკლესიო სიწმიდეები, ღვთის მადლის მაძიებელთ აერთიანებს და არ განჰყოფს; ჩვენს შემთხვევაშიც, ძმათა შორის წამოჭრილი გაუგებრობა ქრისტიანული სიყვარულით და ერთობით უნდა დაიძლიოს. ჩვენი ძალა ჩვენსავე სულიერ ერთობაშია.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა აღსრულდეს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: "მიუტევე ზრუნვაი შენი უფალსა და მან გამოგზარდოს შენ…"(ფს. 54. 23)

"წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს–უყვეს."(ფს. 84,11)"- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის წერილი შევიდა, სადაც ის კვართის მოსალოცად ხობის დედათა მონასტერში გადაბრძანებას ითხოვდა.ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში მეუფისა და საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარეს მეუფე ვახტანგი მეუფე გერასიმე შეხვდა. მისი თქმით, ზუგდიდში წმინდა სინოდის დავალებით საზოგადოების აზრის მოსასმენად ჩამოვიდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კვართი საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გადმოუტანიათ, იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1923 წლიდან კი დადიანების სამთავროს სასახლეში გადაუსვენებიათ. ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი მას შემდეგ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / მარტი 2024
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა.
29 / მარტი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
29 / მარტი 2024
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.