ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
პანდემიით გამოწვეული სტრეს-ფაქტორები - როგორ უმკლავდებიან მათ სოხუმსა და ზუგდიდში
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სერიოზულ გამოწვევად იქცა მოსახლეობისთვის. ფსიქოლოგების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები შედარებით შემსუბუქდა, ჩვენ მეტნაკლებად მაინც იზოლაციაში ვიმყოფებით, სოციალური ურთიერთობის დეფიციტი კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ადამიანებში სტრესს იწვევს. "ადამიანი სოციალური არსებაა, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, ჩვენ გვჭირდება ურთიერთობა, სიყვარული, შეხვედრები, ჩახუტება, ეს ყველაფერი ნორმალური, მე ვიტყოდი, საბაზო მოთხოვნილებებია, რასაც ვერაფერი ჩაანაცვლებს", - ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი.

ზუგდიდელი ნინო ჭანტურია გვიყვება, რომ პანდემიის პირველ ეტაპზე, გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაცია მისი სამსახურის მთავარი ასპექტია, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა ძალიან გაუჭირდა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, მან და მისი ოჯახის წევრებმა შეძლეს ამ განცდების პოზიტიურისკენ შეცვლა.

"...ლოკდაუნის პირობებში ემოციური მდგომარეობა ისედაც არასტაბილურია, თან ექსტრავერტი ადამიანებისთვის... მე ვიტყოდი, რომ ვირუსმა, რომელიც მსუბუქ ფორმაში გადავიტანეთ მთელმა ოჯახმა, კი არ გამოიწვია, არამედ უფრო გაამწვავა მაშინ სტრესი, მით უმეტეს, რომ ჩვენ ორი მცირეწლოვანი შვილი გვყავს, რომელიც მაშინ ფაქტიურად სახლში ჩაიკეტა, ასე რომ, ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა,  საკუთარი თავის ხელში ასაყვანად",- ამბობს ის.

აფხაზი ფსიქოლოგი ალექსანდრა ვართანოვა ამბობს, რომ ჯერჯერობით არ მუშაობს პოსტკოვიდურ სინდრომთან, თუმცა თვლის, რომ იზოლაციის ფსიქოლოგიური შედეგი შესაძლოა, უარყოფითად აისახოს მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მისი აზრით, ამ მხრივ, განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში, უმცროსი ასაკის მოსწავლეები აღმოჩნდნენ. "იმ დროს, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციის უნარები უნდა აითვისონ, სახლში არიან გამოკეტილები. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს წელი მათთვის უკვალოდ არ ჩაივლის და კომუნიკაციის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც ყალიბდება გარკვეულ ასაკში, უკვე სხვა ფორმით ჩამოუყალიბდებათ...", - აღნიშნავს ის.

სტრესის გამომწვევი მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც ფსიქოლოგები მიუთითებენ, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნაა, რადგან პანდემიის შედეგად დაზარალდა მცირე და საშუალო ბიზნესი, სამუშაო ადგილების და საარსებო წყაროების გარეშე, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა, უამრავი ადამიანი დარჩა.

ლოკდაუნის გამო იძულებული იყო ზუგდიდში კვების ობიექტი დაეხურა და თანამშრომლები დაეთხოვა იაგო ფასანძეს, რომელიც სარესტორნო ბიზნესს წარმოადგენს. როგორც ამბობს, მასთან ერთად, დაზარალდნენ მისი პარტნიორები, მათ შორის, ფერმერები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.

"ცუდი, რაც ამ შემთხვევაში, დამატებით უარყოფით ემოციებს და სტრესს იწვევს, არის ის, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას ბიზნეს სესხები აქვს აღებული და პანდემიის პირველი ეტაპისგან განსხვავებით, მეორე ეტაპზე, არც საბანკო სექტორმა, არც მთავრობამ, არ გაითვალისწინა მათთვის საკრედიტო შეღავათები და  შემოსავლის გარეშე დარჩენილმა ადამიანებმა მაინც უნდა იხადონ სესხი", - გვითხრა მან.

მსგავს პრობლემებზე საუბრობენ სოხუმის მცხოვრებლებიც, რომელთა დიდი ნაწილი, ასევე უმუშევრად დარჩა პანდემიის პირობებში. "მარტო ჯანმრთელობაზე კი არ გიწევს ნერვიულობა, არამედ, ფულზე, ფინანსურ მხარეზე, წამლები ძალიან ძვირია, და არ არის ყველასთვის მისაწვდომი, ყოველ დღე 5-6 ადამიანი კვდება, ბუნებრივია ეს მოქმედებს ფსიქიკაზე, ღელავ, უფროს თაობაზე, მშობლებზე, გარშემომყოფებზე", - ამბობს აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი.

ჯანა ჯავახიშვილის განმარტებით, კოვიდ სიტუაცია, ძალიან ძლიერი მატრავმირებელი სტრესორია, განსაკუთრებით, მათ შორის, ვინც ვირუსი გადაიტანა, თუმცა, მიუხედავად აღწერილი ნეგატიური ფაქტორებისა, ადამიანებს, რა თქმა უნდა, გააჩნიათ სტრესგამძლეობის პოტენციალი და მასთან გამკლავების სხვადასხვა მექანიზმი. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამ სიტუაციაში, ზოგი ლოცვაში პოულობს შვებას, ზოგი კი თავის მისიას ახლობლების დახმარებასა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ხედავს. ეს პოზიტიური მექნიზმებია, რომლებიც  ფასეულობებსა და რწმენას ეფუძნება.

ზუგდიდელი ივეტა როდონაია, რომელიც არასამთავრობო სექტორში მუშაობს, ყვება, რომ თავიდან, პანდემიას საკმაოდ მშვიდად შეხვდა, თუმცა, ოჯახის ასაკოვანი წევრის დაკარგვის შიში იმდენად დამთრგუნველი იყო პირველ ეტაპზე, რომ გარკვეული დრო დასჭირდა მასთან გასამკლავებლად. ახლა, როდესაც ახალი გამოცდილება და კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია აქვს, "პანდემიის გაკვეთილების" დადებითად შეფასებაც კი შეუძლია. თუმცა, არის სტრესთან გამკლავების ნეგატიური მექანიზმებიც, იგივე კონსპირაციული თეორიები, ვთქვათ, მსგავსი იმისა, რომ "ვირუსი ხელოვნურად გაავრცელეს გარკვეულმა ძალებმა, გლობალური, მსოფლიო ძალაუფლების მოსაპოვებლად" და ისინი ნაკლებად გვეხმარებიან სტრესთან გამკლავებაში.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი განმარტავს, რომ გარდა ამისა, არსებობს სოციალურ ვექტორზე დამყარებული მექანიზმებიც, მაგალითად, სხვისი მხარდაჭერის, დახმარების სურვილი, ან ადამიანის სურვილი, თავად ეძებოს ან მოითხოვოს მხარდაჭერა. ასევე, მისი თქმით, პოზიტიური და კონსტრუქციულია სტრესთან გამკლავების ფიზიკური მექანიზმები, მაგალითად, ვარჯიში და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა. "არ გვაშინებს უკვე ეს თვითიზოლაცია, მე და ჩემი შვილიშვილი სანაპიროზე დავდივართ სასეირნოდ, ვტკბებით კარგი ამინდით, გზადაგზა მანდარინს, ლიმონს ვკრეფთ, სოკოს, კენჭებს ვისვრით ზღვაში, თუმცა, არავის ვხვდებით, მშვიდად ვსეირნობთ ჩვენთვის", - ყვება აფხაზი პენსიონერი. 

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ პერიოდში ბევრს ახალი გატაცება გაუჩნდა, მაგალითად - კულინარია, რაც დადებითად აისახა ადამიანების განწყობაზე. თუმცა, სოციალურ ქსელში მათი ნაწილი აღიარებდა, რომ ამ პერიოდში წონაში მოიმატა, რაც შესაძლოა, ნეგატიურად ასახულიყო მათ ჯანმრთელობაზე.   

ფსიქოლოგი თვლის, რომ ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემეცნებითი, კოგნიტური მექანიზმებია, როდესაც ადამიანი აგროვებს ინფორმაციას, ფილტრავს მას, რაც შემდეგ მას ეხმარება, სწორად დაგეგმოს საკუთარი და გარშემომყოფების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოქმედებები. ნეგატიური მხარე, ამ შემთხვევაში, უარყოფითი ინფორმაციის აბსორბირებაა, როდესაც ადამიანი არ არკვევს, თუ რამდენად სანდოა ესა თუ ის წყარო, იღებს დეზინფორმაციის დიდ ნაკადს და მცდარ დაშვებებზე დაყრდნობით ცდილობს საფრთხის თავიდან აცილებას.  

"მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია, იყოს მისთვის გახსნილი, მაგრამ, მან უნდა გადაამოწმოს წყაროები, მინიმუმ სამი მაინც, და ასე მივიდეს უტყუარ ფაქტებამდე. თუკი მე მაქვს ფაქტები, მე უკვე შემიძლია სიტუაციის გაკონტროლება, რადგან შემიძლია დავასკვნა, თუ რა არის ჩემზე დამოკიდებული და რა არა. ამ შემთხვევაში, მე შემიძლია შევცვალო ის, რაც ჩემზეა დამოკიდებული.  დავიცვა ის პროცედურები, რაც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.  

მისი თქმით, თუკი ჩვენ გავაანალიზებთ მიღებულ ინფორმაციას, გავიაზრებთ იმას, თუ როგორ ვიმოქმედებთ და ვეცდებით პოზიტიური მექანიზმების აქტუალიზაციას, ადვილად შევძლებთ ადაპტირებას იმ პირობებთან, რომლებიც მოცემულ მომენტში გვაქვს. აქედან გამომდინარე, გამოსავალი ახლა სწორედ იმაშია, რომ პანდემიასთან თანაცხოვრება ვისწავლოთ, იმედით შევხედოთ მომავალს და ერთმანეთს დავეხმაროთ.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.