მულტიმედია
მიუღწეველი უმაღლესი განათლება და იდლიანელი ბავშვების ოცნებები (ვიდეო, ფოტო)
იდლიანელი ბავშვების მიზნები და ოცნებები

ალეკო, ლიკა, ილია და ლიზა იდლიანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან - საერთო პრობლემებითა და მიზნით, თუმცა, განსხვავებული ოცნებებით. ოთხივეს მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელება და უმაღლესი განათლების მიღება სურს. იციან, რომ მშობლიურ სკოლაში განათლების მიღებას მხოლოდ მეცხრე კლასის ჩათვლით შეძლებენ, რადგან აქ საშუალო განათლების მესამე საფეხურზე სწავლა აღარ გრძელდება. იმასაც კარგად ხვდებიან, რომ ერთადერთი გზა სწავლის გასაგრძელებლად უახლოეს, ხაიშის საჯარო სკოლაში ან კიდევ უფრო შორს, სხვა სკოლაში გადასვლაა.

მათგან ყველაზე პატარა, მეოთხე კლასელი ლიზი მსახიობობაზე ოცნებობს. გვითხრა, რომ კარგად სწავლობს და ყველაზე მეტად ქართული უყვარს.

„სკოლაში მოსვლა იმიტომ მიყვარს, რომ განათლებას ვიღებ, ქართული ძალიან საინტერესო საგანია, განათლებული მასწავლებელი გვყავს და ძალიან მიყვარს. უცხოელი მსახიობები მიყვარს და მინდა, მათსავით მსახიობი გამოვიდე“, - გვიზიარებს საკუთარ სურვილებს ლიზი დავითიანი.

მეშვიდე კლასელი ილია ჭკადუა მომავალი ფიზიკოსია. მართალია, ჯერჯერობით, ამ საგანს არ სწავლობს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მათემატიკის სიყვარული ფიზიკის გაგებაშიც დაეხმარება.

„ყველაზე მეტად მომწონს ფიზიკა-მათემატიკა. მათემატიკას რადგანაც ვსწავლობ, ფიზიკით დაიტერესებული ვარ, ვაპირებ, რომ კარგად შევისწავლო უნივერსიტეტში. ჯერ არ გადავდივარ მეათე კლასში, მაგრამ სრულფასოვნად სწავლას აუცილებლად გავაგრძელებ“, - გვიყვება ილია.

უფრო კეთილმოწყობილ სკოლაში სურს უკეთესი განათლების მიღება 14 წლის ლიკა ჭკადუას. განსაკუთრებით ინგლისური, მათემატიკა და ბიოლოგია უყვარს. პროფესიაც უკვე არჩეული აქვს-მომავალი დოქტორ-ანთროპოლოგია. ანთროპოლოგიით წიგნებიდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ დაინტერესდა. მისი ოცნება ამერიკაში, ყველაზე დიდ ლაბორატორიაში მუშაობაა.

„ძალიან მინდა და ასეც იქნება, წავიდე საზღვარგარეთ და იქ ვიყო ჩემს პროფესიაში წარმატებული. სიამოვნებით ვიმუშავებ ჯეფერსონში, ლაბორატორიაში, რომელიც ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობს და ყველაზე მაგარი ტექნიკა აქვთ“, - ამბობს ლიკა და დასძენს, რომ ამ მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, სურს, საკუთარ სოფელში სკოლის სრულად დამთავრების შესაძლებლობა ჰქონდეს.

„ზოგი მიდის თბილისში, ან ხაიშში, ან მესტიაში, ვისაც არ უნდა რჩება, თხოვდებიან და აგრძელებენ ცხოვრებას. არის ოჯახები, რომელთაც ძალიანაც უნდათ განათლების მიღება, მაგრამ ვერ მიდიან და ვერ აგრძელებენ სწავლას“, - გვეუბნება მეცხრე კლასელი გოგონა.

ალეკოსაც, ლიკას მსგავსად, საკუთარ პროფესიაში წარმატების მიღწევა საზღვარგარეთ სურს. მიიჩნევს, რომ ასე უფრო შემდგარი და წარმატებული იქნება. მომავალმა პროგრამისტმა იდლიანის თემის საჯარო სკოლის მეცხრე კლასი უკვე დაამთავრა, ახლა კი, მიუხედავად სირთულეებისა, სწავლის გაგრძელება კილომეტრებით შორს, ხაიშში მოუწევს.

„აქ გაგრძელება მინდოდა, მაგრამ იძულებული ვარ, სხვაგან გადავიდე. თუ ხაიშში გადავედი, მანქანით ვივლი, მაგრამ ზამთარში დიდხანს ანდომებს, ადრეც ღამდება და წესიერად გაკვეთილების მომზადებასაც ვეღარ ახერხებენ ბავშვები“, - წუხს ალეკო.

მათ მსგავსად იდლიანში, ლებურცხილაში, ნაშიხვსა და ჭალეში მცხოვრებლებს ახლა მხოლოდ ის უნდათ, რომ ხელისუფლებამ მათი საერთო წუხილი გაითვალისწინოს და ახალი სკოლის აშენებამდე, თუნდაც, რთულ ინფრასტრუქტურულ პირობებში, აქაურ ბავშვებს საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობა მისცეს.

მესტიაში, იდლიანის თემში, გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენებულ სკოლაში ახლა 67 მოსწავლე სწავლობს. აქ მცხოვრები მოზარდების უმეტესი ნაწილი, წლებია, სკოლას საშუალო განათლების ატესტატის გარეშე ასრულებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თემის ერთადერთ საჯარო სკოლაში მხოლოდ დაწყებითი და საშუალო საფეხურის განათლების მიღებაა შესაძლებელი. აქ მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების ასაკის მოზარდები სკოლაში ვეღარ დადიან. აქაურები გვიყვებიან, რომ ხშირად სწავლის გაგრძელებას იდლიანელი მოსწავლეები ვეღარ ახერხებენ, ამიტომაც, განათლების მინისტრს მათი პრობლემის განხილვასა და მესამე საფეხურის დამატებას სთხოვენ.

მიუღწეველი უმაღლესი განათლება

თეა ლიკლიკაძის სამივე შვილი იდლიანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეა. ერთ-ერთმა წელს მეცხრე კლასი დაამთავრა და ახლა ერთად ცდილობენ, სწავლის გასაგრძელებლად გზები მონახონ.

„თუ სხვა გზა არ იქნა, იძულებული ვიქნები, ხაიშში გადავიყვანო, თუმცა მისი რამდენიმე მეგობარი იმავეს ვერ გააკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტია, ზამთარში გზების პრობლემაა, ოჯახებს ფინანსურადაც ძალიან უჭირთ. ჩვენმა ბავშვებმა ამხელა მანძილი ყოველ დღე უნდა გაიარონ, დაახლოებით, 24 კილომეტრი, ამიტომ მინისტრს ვთხოვთ, რომ , თუნდაც, მეორე სმენა დაიშვას, ყველანაირ პირობაზე თანახმა ვართ. ბავშვები სკოლის მიღმა რჩებიან, ჩვენ კი გვინდა, რომ განათლების პრობლემა აღარ გვქონდეს და ჩვენმა შვილებმა 21-ე საუკუნის რიტმის შესაბამისად იცხოვრონ, ბოლო წლებში მხოლოდ ორმა აბიტურიენტმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში იდლიანიდან“,- ყვება თეა და იმ პრობლემებზეც საუბრობს, რაც ბავშვების საშუალო განათლების გარეშე დარჩენას მოჰყვება, მათ შორის ნაადრევი ქორწინებაცაა.

ის, რომ მხოლოდ 9 კლასის დასრულების შემდეგ მოზარდის ცხოვრება უფრო პრობლემური ხდება, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ფეროხ საბანიძეს. მანაც იდლიანის თემის საჯარო სკოლა დაამთავრა და ახლა ყველაზე მეტად სურს, საკუთარ ოთხივე შვილს სრულყოფილი განათლება მიაღებინოს.„მე სკოლა ბოლომდე ვერ დავასრულე, შემდეგ პრობლემები შემექმნა, სამსახურს ვერ ვშოულობდი. ჩემი კლასელებიდან, მხოლოდ ორმა გააგრძელა სწავლა. ჩვენი ძალიან დიდი გულის ტკივილია, რომ ჩვენს შვილებსაც შეიძლება იგივე დაემართოთ, ამიტომ ვითხოვთ დახმარებას“, - აღნიშნა საბანიძემ.

გარდა იმისა, რომ მესამე საფეხურის არ არსებობის გამო, მოსწავლეები განათლების გარეშე რჩებიან, სკოლაში პედაგოგების დეფიციტიცაა. 15 მასწავლებლიდან 7-მა საპენსიო ასაკის გამო სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა. მომდევნო სასწავლო წლიდან კი 67 მოსწავლეს გაკვეთილები მხოლოდ 7-მა პედაგოგმა უნდა ჩაუტაროს. ისტორიის მასწავლებელი მარგო კვანჭიანი ჩივის, რომ მათი საუკეთესო მოსწავლეები, რომლებზეც იმედებს ამყარებენ, სწავლას ვეღარ აგრძელებენ.

„ძალიან გვინდა, რომ კოლექტივი ახალი კადრებით შეივსოს, ახალგაზრდა მასწავლებლებით, მაგრამ ახლა მხოლოდ მოწვეული პედაგოგები დაგვემატება. რომ ვერ გამოვთქვამთ, ისე გვსურს, რომ მეათე-მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასი დაემატოს. არ არის სოფელში ისეთი ოჯახური პირობები, რომ სოფლიდან გარეთ გავუშვათ ეს ბავშვები. ყოველ წელს 5-6- მიღმა რჩება სკოლის. პირველი კლასიდან რომ იმედს ვამყარებთ, ისევ ჩვენთვის იქნება კარგი, ვეღარ იღებს სრულყოფილ განათლებას“, - ამბობს კვანჭიანი.

იდლიანის თემში მესტიის მერის წარმომადგენელი ბეჟან ჭკადუა დასძენს, რომ განათლების დეფიციტის გამო სოფელში ახალი კადრები აღარ არიან. მას, იდლიანელებთან ერთად, ამ ეტაპზე მხოლოდ ის სურს, მოზარდებს სკოლაში საშუალო განათლების მიღება შეეძლოთ.

აქაურებმა მესტიის მერიისგან პირობა მიიღეს, რომ 2020 წლისთვის სკოლაში ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, თუმცა, პროექტი, დაახლოებით, ნახევარ მილიონამდე ლარის გამოყოფას საჭიროებს, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ახალი სკოლის აშენებას მეტი დრო დასჭირდეს. ამასობაში კი იდლიანელი ბავშვები კვლავ სკოლის მიღმა რჩებიან და სანამ უფროსები ოჯახებს უმეტესად სოფლის მეურნეობით ირჩენენ, თავად სკოლის საკუთარი ძალებით მოწყობილ მოედანზე ბურთს თამაშობენ, ხანდახან კი ინტერნეტითაც ერთობიან.

იმისთვის, რომ იდლიანელმა მოსწავლეებმა საშუალო განათლების მიღება სრულად შეძლონ, საიას ზუგდიდის ოფისი ადვოკატირების კამპანიას ახორციელებს და ადგილობრივებს სამართლებრივ კონსულტაციებსაც უწევს.











Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / აპრილი 2024
საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2019-2023 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი 24.3%-ით შემცირებულია.
16 / აპრილი 2024
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი, რამდენიმე თვეა, სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის გარეშეა დარჩენილი.
16 / აპრილი 2024
ზუგდიდის მერია განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ე.წ ფურშეტისთვის 11 350 ლარს გამოყოფს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.