მულტიმედია
რატომ ვიცრებით - ზუგდიდელი სპორტსმენები და მწვრთნელები ვაქცინაციაზე (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდელი სპორტსმენები, პანდემიის პირობებში, სოციალური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების ფონზე, მეორე წელია, ცდილობენ სხვადასხვა გარემოში ივარჯიშონ და ფორმა შეინარჩუნონ. რამდენიმე მათგანი უკვე აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით და სხვებსაც მოუწოდებენ იგივე გააკეთონ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ აცრა ერთადერთი გზაა საკუთარი ჯანმრთელობისა და გარშემო მყოფი პირების დასაცავად.

,,წელიწადში მინიმუმ ხუთი ექვსი ბრძოლის ჩატარება გვიწევს, ახლა კი ბოლო 30 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი შეჯიბრზე წასული. მომენატრა აქტიური ცხოვრება, აეროპორტები, მოგზაურობები, სპორტული გარემოცვა და ის შეგრძნებები, რასაც სპორტი მაძლევს. მინდა, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრებას და ამისათვის ერთ- ერთი ყველაზე კარგი გზაა ავიცრათ, ავცრათ ოჯახის წევრები და დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად გვაწვდიან’’, - გვეუბნება კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია.
მსოფლიო ჩემპიონი ერთ -ერთი მათგანია, ვინც კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით, „სინოფარმით“ ორი თვეა აიცრა. უხარია, რომ მის ირგვლივ, სამეგობროში თითქმის ყველა აცრილია. ამბობს, რომ თავის რიგს ელოდება მისი ცოლიც და რამდენიმე დღეში აიცრება.

სოფელ ინგირში, სადაც ახლა იმყოფება, რამდენიმე ადამიანი დაარეგისტრირა კიდეც.

,,ჩემს გარემოცვაში უმეტესობა აცრილია, ჩემი რამდენიმე გუნდელი, მწვრთნელი აიცრა მთელი ოჯახით, მეც ავიცერი, ჩემი მშობლებიც აცრილები არიან, ჩემი მეუღლე დარეგისტრირებულია და თავის რიგს ელოდება. ჩემ ირგვლივ ნახევარი არის ისეთი, ვინც ვირუსი გადაიტანა და ნახევარზე მეტი - აცრილი. როდესაც აცრილ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა ეს დისკომფორტს მიხსნის’’- გვეუბნება დავით ქირია.

კიკბოქსიორი პანდემიის სხვადასხვა ეტაპს იხსნებს და ამბობს, რომ იზოლირებულ გარემოში ვარჯიში და ფორმის შენარჩუნება პროფესიონალი სპორტსმენისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.

,,მალე ორი წელი სრულლდება, რაც გვიწევს პანდემიურ სამყაროში ცხოვრება. ჩემს სფეროს, სპორტს, ეს განსაკუთრებით შეეხო. რეგულაციებიდან გამომდინარე, დაიხურა სპორტდაბაზები, რამაც ძალიან გაართულა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. მიწევდა სახლის პირობებში ან გარეთ ბუნებაში ვარჯიში, რაც ძალიან რთულია პროფესიონალი სპორტსმენისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი აქსესუარი, სავარჯიშო იარაღი, გვჭირდება წყვილებში, გუნდთან ერთად მუშაობა, რაც თითქმის მთელი ზამთარი იყო შეზღუდული და მართლა ძალიან გამირთულა ცხოვრება’’, - გვიყვება დავით ქირია.

იხსენებს იმ პერიოდს, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კარანტინის პერიოდში სახლის პირობებში ერთი - ერთი ოთახი სპორტდარბაზად გადააკეთა და ორ მეგობართან ერთად ჩაკეტილ ვიწრო სივრცეში ვარჯიში განაახლა. მსურველებს კი ონლაინგაკვეთილები შესთავაზა, რასაც მისი გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

,,როცა შეიზღუდა სპორტდარბაზებში ვარჯიში მომივიდა იდეა, რომ ონლაინ ვარჯიშები გამეკეთებინა, რაშიცა ამყვა ძალიან ბევრი და რამდენიმე კვირა ჩვენ ონლაინ ვვარჯიშობდით და ვირტუალური ურთიერთობა გვქონდა, გავხალისდით კიდევაც და დავრჩით აქტიურები სახლის პირობებში’’, - ამბობს მსოფლიო ჩემპიონი.

სპორტსმენი დავით ქირია კოვიდით 9 თვის წინ დაავადდა, მიუხედავად იმისა, რომ რთულ პაციენტად არ ითვლებოდა და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია, მისი თქმით, ოჯახში ყველაზე რთულად კოვიდი მან გადაიტანა, თორმეტ დღეში გამოჯანმრთელდა, თუმცა ფილტვებში მცირე ლაქა დარჩა.

,,როდესაც ვფიქრობდი რომ ვარ სპორტსმენი, ჯანმრთელი, ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მეგონა რომ ეს იქნებოდა მარტივი, მაგრამ ოჯახში ყველაზე რთულად მე გადავიტანე, ჩემს მეუღლესაც ჰქონდა სიმპტომები და ბავშვებს რამდენიმე დღე ჰქონდათ მაღალი სიცხეები. სახლის პირობებში ვიმკურნალეთ, მაგრამ ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ოჯახის ექიმთან. მეთორმეტე დღეს გამოკვლევა ჩავიტარე და ფილტვებში, უმნიშვნელო ლაქა დამრჩა, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო ჩემთვის, მაგრამ რა ვქნათ, ეს არის ის რეალობა, რაშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ’’- გვეუბნება დათო.

ქირიას მწვრთნელმა ბაჩუკია ფარცვანიამ რადიო ,,ათინათს’’ უთხრა, რომ ორჯერ ვაქცინირებულია ისიც და მისი ოჯახის წევრებიც. მიაჩნია, რომ ინფექციისგან დაცულია და მისი აცრა სხვებისთვის მნიშვნელოვანია. ზუგდიდელი ტრენერი ძალიან წუხს, რომ ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, მოქალაქეებს კი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

,,ორჯერადად ვაქცინირებული ვარ და ვფიქრობ რომ ექიმებს უნდა დავუჯეროთ და ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს’’- ამბობს ის.

მისი თქმით, პანდემიის პირველი ტალღის, კარანტინის დროს მისი მოსწავლეები უმეტესწილად სახლში ვარჯიშობდნენ, მას შემდეგ, რაც სპორტდარბაზები გაიხსნა, რამდენიმე მოსწავლეს დარბაზში, ნაწილს კი ღია სივრცეში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ავარჯიშებს.

,,მაშინ როცა დარბაზში 50 კაცი ერთად ვვარჯიშობდით, ახლა მხოლოდ 4 – 5 კაცი ვვარჯიშობთ . სხვადასხვა დროებში და დღეებში, ერთმანეთს რომ არ გადავდოთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავიცვათ დისტანცია და დაწესებული რეკომენდაციები. 18 – 19 წლის ბიჭები, რომლებსაც აქვთ შანსი საკუთარი თავი წარმოაჩინონ, ახლა ამ პანდემიის დროს ეს შეუძლებელია, ვერ მივდივართ ტურნირებზე, ძალიან ცუდი სიტუაციაა ახლა. 1000 კაციდან 10 კვდება, შეიძლება მალე სპორტიც დავივიწყოთ და თავის გადარჩენაზე გადავიდეთ, ყველაფერი შეცვალა პანდემიამ, რამდენი ტურნირი ჩაიშალა, რამდენი ვარჯიში გაცდა, ფაქტიურად 180 გრადუსით ცუდისკენ შემობრუნდა ყველაფერი“.კრივის მწვრთნელ გოჩა გოგიას კარგად აქვს გაცნობიერებული, რა რისკს წარმოადგენს მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის დაინფიცირება, რადგანაც ვირუსი გადატანილი აქვს, ამიტომაც დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია. როგორც კი სავალდებულო დრო გავიდა, დარეგისტრირდა და „სინოფარმის“ ორივე დოზით აიცრა.

,,ერთხელ გასული წლის ნოემბერში კოვიდი გადავიტანე მსუბუქად. ფატალური შემთხვევით რომ არ დასრულდეს, აი, ამიტომ გავიკეთე ვაქცინა, არ მინდა სხვა დავაინფიცირო, თუ ვირუსი შემეყარა დარწმუნებული ვარ მსუბუქად გადავიტან. აცრა სავალდებულოა’’, - ამბობს ის.

გვიყვება, რომ ზუგდიდის სოფელ რიყის ერთ-ერთ სკოლაში ფართი აქვს გამოყოფილი. მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო ბავშვების ტურნირებზე წაყვანა შეაჩერა. როცა სკოლის ადმინისტრაციისგან ნებართვა აქვს მოსწავლეებს დარბაზში ავარჯიშებს. ამბობს, რომ რამდენიმე ნიჭიერ სპორტსმენს საჭირო ინვენტარი სახლში გაატანა და მისი მითითებებით სახლში ვარჯიშობენ.

,,12 ბავშვი ვარჯიშობს კრივში ჩემთან, რაც პანდემია დაიწყო ხან ვვარჯიშობთ, ხან კი არა. სკოლაში თუ ინფიცირებული აღმოჩნდა ვინმე და სწავლა შეჩერდა, ჩვენც ვაჩერებთ ვარჯიშებს, ეს ზაფხული ვისვენებთ, სექტემბრიდან ვარჯიშის განახლებას ვგეგმავთ. პანდემიასთან ერთად უნდა ვიცხოვროთ, დავიცვათ დისტანცია, ჰიგიენა და ვატაროთ პირბადე’’, - აღნიშნა მწვრთნელმა.ზუგდიდელი მოკრივე თათია ბუკია 16 წლისაა, ის უკვე დარეგისტრირდა და პირველი დოზით „ფაიზერის“ ვაქცინით 9 სექტემბერს აიცრება. ახალგაზრდა სპორტსმენი მიიჩნევს, რომ იმუნიზაცია აუცილებელია და ვაქცინაციის აუცილებლობაში სხვებსაც არწმუნებს.

,,აცრა სავალდებულოა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება’’, - ამბობს თათია.

თათია, ამჯერად ყოველდღე ორი საათი მწვრთნელთან, გაგა თოდუასთან ერთად ღია ცის ქვეშ ვარჯიშობს. ამბობს რომ, მალე მისი ტრენერიც აიცრება.

,,ჩემი მწვრთნლი აპირებდა ვაქცინის გაკეთებას, მაგრამ დაინფიცირდა, როგორც კი გავა რამდენიმე დღე ისიც აიცრება’’- გვითხრა თათიამ.

გვიყვება, რომ პანდემიას თავისი დადებითი მხარეებიც აღმოაჩნდა, თუ მანამდე შეკრებებსა და შეჯირებებზე დადიოდა და ნაკლებ დროს ატარებდა სახლში, ახლა უფრო მეტ დროს დედასთან ატარებს.

,,ვვარჯიშობ და ვცდილობ, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე. თურქეთში დაგეგმილია ერთ-ერთი ტურნირი, რისთვისაც ვემზადები და სრული შემართებით ვარ. რაც პანდემია დაიწყო, მოგვენატრა ტურნირები, ვერავინ ვერ ჩამოდის, როდესაც სომხები, თურქები ჩამოდიოდნენ წელიწადში ხუთჯერ - ექვსჯერ, უკვე ვერც იქით მივდივართ, ვერც ისინი მოდიან აქეთ. შესაბამისი გამოცდილებაც დაგვაკლდა, რაც ტურნირებს და შეჯიბრებებს მოაქვს. პანდემიამდე შეკრებებზე დავდიოდი, გვქონდა ტურნირები, იშვიათად მიწევდა სახლში ყოფნა . ახლა უკვე პანდემიამ სახლში დედასთან ერთად უფრო დიდი დროის გატარების უფლება მომცა და ალბათ, დადებითი ეს არის’’.
როგორც სპორტსმენებს დიდ ნაწილს, პანდემიამ მასაც ხელი შეუშალა, გადაედო შეჯიბრებები და ტურნირები, რამდენჯერმე სახლში მარტოს მოუწია ვარჯიში, რაც მის სპორტულ გამოცდილებაზეც აისახა. ამიტომაც მიიჩნევს, რომ არავინ უნდა გაუშვას ხელიდან შანსი და ყველა უნდა აიცრას, რადგანაც კარგად აქვს გააზრებული, რომ პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.

ზუგდიდში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, ამ დრომდე გაკეთებულია 71 914 აცრა, პირველი დოზით აცრილია 49 918 მოქალაქე, ორივე დოზით კი - 21 996.

ამ დროისთვის ვაქცინაცია "ფაიზერის", "ასტრაზენეკას", "სინოვაკისა" და ,,სინოფარმის’’ ვაქცინებით მიმდინარეობს.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.