,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ - პროექტი, რომელიც მცირე და საშუალო შემოსავლის მეწარმეებს ბიზნეს საქმიანობის განვითარებაში დაეხმარა (ფოტო/ვიდეო)
11:54 / 26.11.2024
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ის განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ასევე, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული პროექტის მონაწილე ბენეფიციარები საუბრობენ, ქეა კავკასიას ფინანსური მხარდაჭერით, FFBS -ის ფარგლებში მიღებული გამოცდილების მნიშვნელობაზე, რომლითაც ფერმერებმა თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები განავითარეს და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ცნობადობა გაზარდეს.
„ამ პროექტის საშუალებით, ჩემი ცოდნა გავუზიარე მეფუტკრეებს, განსაკუთრებით ფუტკრის რძის აღების ტექნოლოგიაში. ამ პროექტით მონაწილეობა მივიღე მეფუტკრეთა საველე მონიტორინგში, გავლილი ტრენინგების საშუალებით კი გავხდი უფრო თავდაჯერებული. დღეს უფრო თავდაჯერებულად ვუზიარებ ჩემს ცოდნას მეფუტკრეებს. უფრო თამამად ვსაუბრობ ჩემს პრობლემებზე და ჩემს ბიზნესზე“, - თქვა მარინე ქარდავამ, მეფუტკრემ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბებულია ახალგაზრდა მეფუტკრეთა კლუბი, რომელმაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა FFBS-თან. ქვედა ცაგერის სკოლის პედაგოგი, ნუნუ კოპალიანი განმარტავს, რომ მემორანდუმის მიზანი იყო სკოლაში თაფლოვანი მცენარეების გამრავლება, რის შემდეგაც, მათ საჩუქრად ფუტკრის ოჯახებიც გადასცეს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც პროექტმა მოგვცა, არის ჩვენი პროდუქციის ცნობადობის ამაღლება. ასევე, პროექტის ფარგლებში, ხშირად ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებზე, ხშირად ზიარდებოდა ინფორმაცია ჩვენი საწარმოს შესახებ ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე. ასევე, დაიბეჭდა ბუკლეტები, სადაც ჩვენი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია იყო დატანილი“, - აღნიშნავს გვანცა ჭაბუკიანი, მეფუტკრე.
მეფუტკრე სოფიო მაქაცარიას თქმით, გენდერის საკითხებზე ჩატარებულ ტრენინგებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო, რომელსაც ის დღეს საკუთარ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უზიარებს. მისი აზრით, მიუხედავად განსხვავებული აზრებისა და ხშირი კამათისა, მსგავსი საუბრები, აუცილებლად გამოიწვევს შესამჩნევ, პოზიტიურ ცვლილებებს.
„მე და ჩემი მეუღლე ერთად ვესწრებოდით გენდერის ტრენინგებს. ჩავთვალეთ, რომ ეს ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისათვის. ყოველ შემდგომ ტრენინგზე მივდიოდით მეგობრებთან ერთად, თავის მხრივ, ისინიც თავიანთ წრეებში ავრცელებენ. ამის შემდგომ, როცა სხვადასხვა შემთხვევების დროს, ერთად ვიკრიბებით, ხშირად ვსაუბრობთ და ვკამათობთ გენდერულ თანასწორობაზე“, - აღნიშნავს მარიამ ბენდელიანი, მეფუტკრე.
2022 წელს მესტიის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ასოციაცია „სვანური ნარჩვი“, რომლის მიზანი იყო ტრადიციული სვანური ყველის პოპულარიზება და გადარჩენა, მეხსიერებიდან პრაქტიკაში გადატანა. ის ასოციაცია ქეა კავკასიას ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მიზანი იყო მთის პროდუქტის ბრენდირება. ქეა კავკასიასთან ასოციაციის თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდა და ფერმერთა ბიზნეს და საველე სკოლის ფარგლებში, მათ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ასოციაციის თავმჯდომარის, ეკა წულუკიძის თქმით, ეს პროექტი მათ ინვენტარის შეძენაში დაეხმარა, რისი მეშვეობითაც მოაწყეს სადემონსტრაციო ოთახი.
„დავესწარი ძალიან ბევრ ტრენინგს, რომელსაც ეს ორგანიზაცია გვიტარებს , რომლის მეშვეობითაც შევისწავლე ძალიან ბევრი ყველის წარმოებაზე, ძალიან გავაფართოვე ჩემი ცნობიერება სურსათის უვნებლობის კუთხით, ყველა ამ აქტივობის შედეგად, გაიზარდა ჩემი წარმოება, ნაწარმის ფასი და გაყიდვა“, - დასძენს ფერმერი ირმა ანსიანი.
ურთიერთთანამშრომლობა ქეა კავკასიას პროექტთან „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ მრავალმხრივი და საინტერესო აღმოჩნდა პროფესიული განათლების სენაკის ცენტრისათვისაც.
„ აქ პროგრამებია: ფერმერობა, მებოსტნეობა, დეკორატიული მებაღეობის სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია ჯანსაღი კვებისა და ბოსტნეული კულტურების ორგანული წარმოების ტრენინგებმა. სწორედ ამ ტრენინგების საფუძველზე და ამ პროექტის დახმარებით, ჩვენ შევძელით ამ სასწავლებელში არსებულ სათბურში მოგვეყვანა ბოსტნეული კულტურები ორგანული წარმოებით. პროექტის წარმომადგენლებთან ერთად, განვიხილეთ FFBS -ის მიდგომები და სასწავლო თემები, უნივერსიტეტში სასწავლო კურიკულუმში შესაძლო დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები“, - ამბობს მარინე ჭანტურია, სენაკის უნივერსიტეტის პედაგოგი.
ყველის მწარმოებელი ვენერა ლიპარტია თვლის, რომ აღნიშნული პროექტი სასარგებლო იყო, როგორც პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისთვის, ასევე, სხვა ფერმერებთან დაახლოებისა და ახალი კონტაქტების შეძენისთვის.
„პროექტის მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა და ტრენინგებმა შესაძლებლობა მომცა, გამეცნო ყველის მწარმოებელი ფერმერები სხვადასხვა რეგიონიდან. აღნიშნული კონტაქტები მნიშვნელოვანია. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა ჩემი და ჩემი პროდუქციის ცნობადობა. ხშირად, ფერმერები ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, ვცვლით ინფორმაციას პროგრამებსა და გამოფენების შესახებ. გამოფენებზე ერთად დავდივართ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენს ხარჯებს. ჩვენ ვმეგობრობთ“, - ამბობს ვენერა ლიპარტია, ფერმერი.
ასოციაციამ „სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ ქეა კავკასიასთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობდა ბენეფიციარების ერთობლივ სარგებელს და მათი შესაძლებლობების განვითარებას.
„აქედან გამომდინარე, დავგეგმეთ შემდეგი აქტივობები: ეს იყო პირველი საერთაშორისო სასწავლო ტური თურქეთში, რომლის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივი ძალებით წავიყვანეთ ქეა კავკასიას საველე და ბიზნეს სკოლის ბენეფიციარები და ჩვენი ბენეფიციარებიც. მინდა გითხრათ, რომ ორი პროექტის და ორი ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა მუდმივად გაგრძელდება“, - თქვა მაია მიქავამ, ასოციაცია “ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის” (AFAD) ხელმძღვანელმა.
ცაგერის ახალგაზრდა მეფუტკრეთა კლუბის წევრებმა თაფლოვანი მცენარეები დარგეს, რომელთაც მოსწავლეები უვლიან. ასევე, ისინი დიდი ინტერესით სწავლობენ მეფუტკრეობას და მონაწილეობას იღებენ თაფლის ამოღებაში. პროექტის ბენეფიციარებს სურთ, თაფლოვანი მცენარეების რეალიზაციის,გაყიდვის შემდეგ მიღებული თანხა ნაწილობრივ სკოლის გარემოს მოწყობას და სანერგეების გაფართოებას მოხმარდეს.
ცნობისთვის, „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლის" (FFBS) მოდელი შემუშავებულია ქეა საერთაშორისოს გზამკვლევის საფუძველზე და ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები