ახალი ამბები
რუსუდან ყალიჩავა: ჩვენი საქმიანობა და პროექტები ყოველთვის იყო და იქნება გამჭვირვალე
არ შემიძლია არ დავიწყო მოკლე ექსკურსით. 27 წელია რაც ამ სექტორში ვმუშაობ. ყოველთვის სიამაყით მითქვამს, რომ "ათინათი" პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ზუგდიდში. დიახ, მეამაყებოდა და ასე იქნება სულ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვიმუშავებ ხვალ, არასამთავრობო სექტორში თუ  გავალ პენსიაზე. მე და ჩემი გუნდი ამ 27 წლის განმავლობაში აგურ-აგურ, მისხალ-მისხალ ვაშენებდით სამოქალაქო საზოგადოებას. საზოგადოებას, რომელიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, არამარტო ამერიკასა თუ ევროპაში -  ყველა განვითარებულ ქვეყანაში არის დემოკრატიის ბაზისი, დემოკრატიის ძალა და განუყოფელი ნაწილი.

თითქმის ნებისმიერ ადამიანს, ზუგდიდელს რომ ჰკითხოთ, ამ 27 წლის განმავლობაში ჰქონია თუ არა შეხება "ათინათთან", მათი უმრავლესობა აუცილებლად ჩამოთვლის იმ სიკეთეებს, რაც მიუღიათ ჩვენი ორგანიზაციისგან. ეს იყო ბავშვებისა და მოზარდების დახმარება, მათი განათლება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ეკონომიკური განვითარების პროექტები, ძალადობის მსხვერპლების დახმარება, იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციები. ჩვენ ვმუშაობდით და დღესაც  ვმუშაობთ ახალგაზრდებთან, მასწავლებლებთან, ქალებთან, სოციალურად დაუცველ ადამიანებთან, დევნილებთან. 

თავის დროზე და დღემდე "ათინათმა" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ავიღეთ ის ნიშა, სადაც იყო ნაპრალი, სადაც სახელმწიფო ვერ ახერხებდა ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებას. ჩვენ, როგორც ამ საზოგადოების წევრები, კარგად ვგრძნობდით და ვგრძნობთ პრობლემებს და სწორედ მათ გადაწყვეტას ვცდილობდით და ვცდილობთ დღესაც.

ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ ძალიან კარგად დაწერა - "ჩვენ არ ვართ შეშინებული, ჩვენ ვართ შეურაცხყოფილები". დიახ! ჩვენ ვართ შეურაცხყოფილები. არა იმიტომ, რომ ვინმე ზედმეტ გამჭვირვალობას გვთხოვს - არანაირად. ჩვენი საქმიანობა და პროექტები ყოველთვის იყო და იქნება გამჭვირვალე. არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალეები ვართ, როგორც ჩვენი დონორი ორგანიზაციების წინაშე, ისე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისადაც, ამიტომ ამის არავის ეშინია. და ის, რომ ამ კანონის მიღებას გამჭვირვალობით ხსნიან - ეს ძალიან უსუსური და სასაცილო არგუმენტია. ეს კანონი ნამდვილად არის დისკრიმინაციული და არის რუსული კანონის კალკირება. პასუხი მათთვის ვინც გულუბრყვილოდ სვამს კითხვას: "განა კანონი  შეიძლება იყოს რუსული ან ამერიკული?" დიახ, შეიძლება და ეს კანონი არის რუსული, რადგან ის არის რუსული ინტერესების გამტარებელი! 

ჩემი არასამთავრობო სექტორში 27 წლიანი გამოცდილების განმავლობაში "ათინათი" ძალიან ბევრ სხვადასხვა ქსელში იყო გაწევრიანებული. მათ შორის, ერთ-ერთ  ქსელში, რომელშიც გაერთიანებული იყო აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციები. 2007 წლიდან ჩემს თვალწინ განვითარდა ის, რასაც ჰქვია რუსული კანონი. ჩემს თვალწინ, რუსი კოლეგები რომლებიც ძალიან ძლიერ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, რომლებიც წარმოადგენდნენ ძლიერ მასმედია ორგანიზაციებს, ნელნელა დაიკარგნენ ჯერ ქსელიდან, შემდეგ კი ჩვენი თვალსაწიერიდან, ფეისბუქ მეგობრებიდან. ზოგმა მოახერხა ფიზიკურად გადარჩენა, ზოგმა კი სამწუხაროდ ესეც ვერ.

დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ  ეკონომიკა ძალიან დაბალია, როდესაც ძალიან მაღალია მიგრაცია ევროპის ქვეყნებში და არა იმიტომ, რომ ადამიანს არ სურს ოჯახის წევრებთან ყოფნა, ან არ უყვარს საკუთარი სამშობლო, სახლი, ეზო, მეზობელი - არა. ეს ხდება იმიტომ, რომ მან თავისი შვილების საბაზისო და ელემენტარული პირობები უნდა დააკმაყოფილოს, რასაც ჰქვია საკვები და წამალი. დღეს ვკითხულობდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მონაცემებს და თუ არ ვცდები, წალენჯიხიდან მოსახლეობის მიგრაციის მაჩვენებელი 40 პროცენტია, სენაკის მუნიციპალიტეტიდან 35%. ჩვენ კიდევ აი ასეთ დროს დაკავებულები ვართ საკითხით - მივიღოთ თუ არ მივიღოთ რუსული კანონი. დიახ, ამ კანონს ჰქვია რუსული კანონი, იმიტომ, რომ ზუსტად იმ სცენარით ვითარდება მოვლენები, რა სცენარითაც გაქრნენ ჩემი რუსი კოლეგები არასამთავრობო სექტორიდან, საკუთარი ქვეყნიდან, შეიძლება ცხოვრებიდანაც. მე არ მინდა, იგივე დაემართოს საქართველოს ძალიან მყარად მდგარ სამოქალაქო სექტორს. ეს არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები - მთლიანად სამოქალაქო სექტორს, რომელსაც გული შესტკივა თავისი ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, გარშემომყოფების კეთილდღეობისთვის. ამ კანონის შედეგს დღეს მედია და არასამთავრობო სექტორი, ხვალ კი მთლიანად საქართველოს მოსახლეობა იგრძნობს საკუთარ თავზე, როცა გაქრება სხვადასხვა უფასო სერვისი, საგანმანათლებლო სექციები, გაცვლითი პროგრამები, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტები, ტრენინგები, გადამზადებები, ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.

ის, რომ ზოგიერთი დეპუტატი ხშირად იმეორებს, რომ თუ არ გინდათ რუსული, აგერ გვაქვს მეორე - ამერიკული კანონი, ეს არის მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება. საბედნიეროდ, დღეს არის ალტერნატიული ინფორმაციის მოძიების საშუალება. მოუსმინეთ ევროკავშირის ინსტიტუციების,  ამერიკული ორგანიზაციების, საელჩოების და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს -  ყველა განმარტავს, ამბობს, რომ ამერიკული კანონი აბსოლუტურად არ ესადაგება ამ მოცემულობას. 

ისმის კითხვა რატომ უნდა დაფინანსდეს არასამთავრობო ორგანიზაციები? იმიტომ, რომ ისინი გაცილებით უფრო მოქნილად, იაფად, მაღალ დონეზე, მაღალპროფესიონალურად და შედეგებზე ორიენტირებულად ახორციელებენ ისეთ პროგრამებს, რაც პრინციპში სახელმწიფომ უნდა გააკეთოს.

აღარ ვისაუბრებ იმაზე, თუ რამდენად შეურაცხმყოფელია, როდესაც მთელი შენი ცხოვრების არსი, ენერგია, ახალგაზრდობა, ინტელექტი, დრო, რომელიც შეიძლება მოაკელი შენს ოჯახს და შვილებს და ჩადე კეთილი და სასარგებლო საქმის კეთებაში და დღეს გეუბნებიან, რომ შენ ხარ "აგენტი" ანუ იგივე "ჯაშუში" (ძალიან გულუბრყვილოა, ვინც ამტკიცებს რომ ეს ორი სიტყვა ამ მოცემულობაში სხვადასხვაა). ანუ ამ კანონით გაბრალებენ, რომ შენი საქმიანობით სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებ და იცავ. მაშინ მე მაქვს კონტრშეკითხვა - და შენ? როდესაც იღებ და აკეთებ ძალიან კარგ საქმეს, როგორიცაა გზები, გაზი, წყალი, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, კიდევ უამრავი რამ, რაც კავშირშია განვითარებასთან, სპორტთან, კულტურასთან და დონორის ფულს ხარჯავ - მაშინ არ იგულისხმება, რომ "ჯაშუშობთ"?

დონორის ფულით ვუხდით თანამშრომლებს ხელფასს და შესაბამისად, ვიხდით ყველა გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ კანონით, რომელიც ცალსახად ხელს უწყობს ასეთი ორგანიზაციების დახურვას, რა პასუხს გავცემთ ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, რა პასუხს ვცემთ ჩვენს ბენეფიციარებს? დევნილებს, სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც  არ აქვს საშუალება საკუთარი შვილების განათლებაში ფული იხადონ, მისცენ კარგი  განათლება, დამატებითი უნარები, პიროვნულად განავითაროს, ჩამოაყალიბოს ისინი დამოუკიდებელ მოქალაქეებად - რას ვეუბნებით ამ ადამიანებს? რას ვეუბნებით იმ ახალგაზრდებს რომლებიც  ჩვენ შემოგვცქერიან და ჩვენი იმედი აქვთ?

მე ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვხვდები "ათინათელებს", რომლებიც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და ლიდერულ პოზიციებზე არიან დღეს. მე ძალიან ვამაყობ ყველა იმ "ათინათელით" ვინც დღეს წარმატებულია, საქართველოში თუ ევროპაში, აზიასა თუ ამერიკაში და აკეთებს ქართულ საქმეს.

მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემს გარშემო მყოფი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აკეთებენ ქართულ საქმეს, აკეთებენ ევროპულ საქმეს, იმიტომ, რომ საქართველო თავისი გაგებით, თავისი ისტორიით, თავისი რელიგიით, არის ევროპის ნაწილი. და როგორც ერთმა ძალიან ცნობილმა მეცნიერმა თქვა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე - ეს არის ისტორიისთვის მოკლე პროცესი, რომელიც ძალიან კარგად დაანახებს შთამომავლობას ვინ არის საქართველოს მტერი და მოღალატე და ვინ დგას ქვეყნის გადარჩენის მხარეს.

მე ძალიან მეამაყება ჩვენი აფხაზი ძმები და დები. მათ მოახერხეს, იპოვეს საკუთარ თავში ძალა და რუსეთის უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად ეს კანონი არ მიიღეს. კულუარულად ვიცი, რომ კანონს არ იღებენ, "იმიტომ, რომ არ გვინდა ჩვენს შვილებს მოღალატეების შვილების სახელი ჰქონდეთ", - ამბობენ ისინი.

თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ეს კანონი არის მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის - ძალიან ცდება. ამ კანონის ცუდი შედეგი ტალღასავით გავრცელდება და ყველას შეგვეხება, ჩვენს შვილებს, მეგობრებს, მეზობლებს, გარშემო მყოფ ყველა ადამიანს.

ისტორია სპირალივით ბრუნავს, ამ სამყაროში ყველაფერი ცვალებადია და "ესეც გაივლის", მაგრამ მთავარია ამ ყველაფერში გამოჩნდეს ვინაა საქართველოს მოღალატე და ვინ აკეთებს ქართულ საქმეს.


რუსუდან ყალიჩავა

ასოციაცია "ათინათის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
დღის სიახლეები
13 / დეკემბერი 2024
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი, თენგიზ ქოჩუა სამართალდამცავებმა დააკავეს, რასაც თვითმხილველების თქმით, წინ შელაპარკება უსწრებდა.
13 / დეკემბერი 2024
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების რუსეთის ფედერაციის სამხედრო გაწვევის კომისარიატებში რეგისტრაციის მოთხოვნებზე ისაუბრა.
13 / დეკემბერი 2024
18 წლის ცოტნე გოგია, რამდენიმე წელია, სხვადასხვა მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს. ამჟამად, ის „ევროპის სოლიდარობის კორპუსის“ პროგრამით ნიდერლანდებში იმყოფება და გეგმავს, ერთი წლის
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.