ახალი ამბები
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბალდის კანიონთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, სასამართლოს განცხადებით მიმართა და დავის განხილვის ვადით, ბალდის კანიონის ტერიტორიაზე კერძო კომპანიის მიერ სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. ინფორმაციას ცენტრი ავრცელებს.

მათივე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ როგორც ადგილობრივები ამბობენ, სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ისინი ინფორმირებული არ ყოფილან და კანიონის კერძო პირისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც კომპანიამ სამუშაოების წარმოება დაიწყო და კანიონის ტერიტორია შემოღობა.

„ადგილობრივები მიუთითებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ინტერესების გაუთვალისწინებლობაზე (არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტები, რაც მომავალში მათ კანიონის ტერიტორიაზე უსასყიდლოდ დაშვების გარანტიას მისცემდა) და ამასთან, ეჭვქვეშ აყენებენ, სააგენტოს გადაწყვეტილების მართებულობას, რომლითაც ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე როლერის ატრაქციის მოწყობა დასაშვებად იქნა მიჩნეული და უპირატესობა არ მიენიჭა დაცული ტერიტორიის ბუნებრივი გარემოს ხელუხლებად შენარჩუნების ინტერესს, რაც ლოგიკური იქნებოდა ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ერთი მხრივ, იქ არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვაში, ხოლო მეორე მხრივ, ბუნებრივ გარემოში ტურიზმისა და რეკრეაციის ხელშეწყობაში მდგომარეობს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამორიცხვით, უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები. ორჰუსის კონვენცია, რომელიც საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოა, ადგენს რომ „დაინტერესებული საზოგადოება ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად უნდა იყოს ინფორმირებული საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური შეტყობინების მეშვეობით (გარემოებათა გათვალისწინებით) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საწყის ეტაპზე.“ ადამიანის უფლებათა სტანდარტები მოითხოვს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შეტყობინების „ეფექტურობას“. სახელმწიფო უწყებებმა ძალისხმევა უნდა გასწიონ საიმისოდ, რათა შეტყობინებამ არამხოლოდ მიაღწიოს ადრესატამდე, არამედ გაგებულ იქნას მისი შინაარსი და მნიშვნელობა, წახალისდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას მოითხოვს დაცული ტერიტორიების მარეგულირებელი დარგობრივი კანონმდებლობაც. კერძოდ, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარების, შემცირებისა და გაუქმების გადაწყვეტილებების, მენეჯმენტის გეგმების, ადმინისტრაციების დებულებებისა და სხვა დოკუმენტების განხილვისა და შესწორების პროცესში“. ამასთან, საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმა, მიუთითებს, რომ აუცილებელია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა დაცული ტერიტორიების დაგეგმვასა და მართვაში.

მოცემულ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც დაგეგმილი საქმიანობა ყველაზე მეტად შეეხება და რომელიც უშუალო და პირდაპირ გავლენას განიცდის ბუნების ძეგლის იჯარით გადაცემის შედეგად, არათუ არ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ ინფორმირებულიც კი არ ყოფილა, რომ სააგენტო ბალდის კანიონის კერძო კომპანიისთვის გადაცემას აპირებდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა ადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციების და სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებული სტრატეგიული ხედვის საწინააღმდეგოდ.

არანაკლებ პრობლემურია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიას ენიჭება სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის უფლება, რაც მისთვის ტერიტორიის გადაცემის და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, წინასწარ განსაზღვრული არ არის. ასევე, მას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანოს გადაცემულ არქიტექტურულ პროექტში, რაც გულისხმობს მისი შეხედულებისამებრ და მხოლოდ სსიპ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“ შეთანხმებით, დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების და პროცესის საჯაროობის და მასში დაინტერესებულ პირთა ჩართვის უზრუნველყოფის გარეშე.

როგორც აღინიშნა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობით და იგი გადაწყვეტილების მიღების რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას და მათი მოსაზრებების გათვალისწინებას მოითხოვს. ამ შემთხვევაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბრძანებაში არსებული ჩანაწერი, რომელიც კომპანიას მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებით, პროექტში განუსაზღვრელი ცვლილებების შეტანის უფლებას ანიჭებს, პრაქტიკულად აზრს უკარგავს მონაწილეობის და კონსულტაციის მექანიზმს.

მიგვაჩნია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ბუნების ძეგლის განკარგვის პროცესი ააშკარავებს იმ სისტემურ და ფუნდამენტურ ჩავარდნებს, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს ახასიათებს საქართველოში. ეს ჩავარდნები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სექტორით და თანაბრად პრობლემურია წიაღისეულის მოპოვების, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ურბანული განვითარების და დაცული ტერიტორიების მართვის თაობაზე სხვადასხვა უწყებების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ადგილობრივების უფლებების და ინტერესების სრული უგულებელყოფით წარიმართება”, - ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, რუხის ციხეში ბავშვთა განვითარების ცენტრის "დობადონას" ორგანიზებით, სპექტაკლი გაიმართა.
ზუგდიდს, პირველად, თანამედროვე ტიპის ჩოგბურთის კორტი ექნება.
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.
დღის სიახლეები
05 / ოქტომბერი 2024
ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში და რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ.
05 / ოქტომბერი 2024
მარტვილში, სოფელ სალხინოში, ორსულ ქალს ავტომობილი დაეჯახა.
04 / ოქტომბერი 2024
მოსკოვი გააგრძელებს სოხუმისთვის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში დახმარებას, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან შეხვედრაზე განაცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.