სტატია
რიგგარეშე არჩევნები თუ კრიზისის დაძლევა - რას უნდა ველოდოთ სენაკის საკრებულოში
სენაკის საკრებულო 17 ივნისის მოლოდინშია. სწორედ ეს არის ბოლო თარიღი, რა დრომდეც დეპუტატებმა სხდომაზე კვორუმი უნდა შეკრიბონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მომავალი წლის გაზაფხულზე სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. თუ მთელს მუნიციპალიტეტს არა, საკუთარი არჩევანის დაფიქსირება ხელახლა მოუწევთ თეკლათისა და ჭალადიდის მაცხოვრებლებს, ამჯერად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, რადგან ამ სოფლების მაჟორიტარმა, ენმ-ს წევრმა ვახტანგ წურწუმიამ საკრებულო რამდენიმე დღის წინ დატოვა და უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვა. წურწუმიას გადაწყვეტილება პოლიტიკურ პარტიებს შორის დავის საგანი გახდა. მისი ქმედებით სენაკის საკრებულო ოპოზიციური წარმომადგენლობითი ორგანოს სტატუსს კარგავს. წურწუმიასთან ერთად 33 მანდატიან საკრებულოში ოპოზიციის 17 წარმომადგენელი იყო, 16 კი "ქართული ოცნების", თუმცა ახლა სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს ("საქართველოსთვის", ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) თანაბარი - 16-16 დეპუტატი ჰყავთ.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ საკრებულო თავისი არსით გაუქმებულია, რადგან სახელისუფლებო ძალა ძალაუფლების შენარჩუნებას, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ყველა გზით ცდილობს. ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ მათ თანაპარტიელზე ზეწოლა მიზნად, სავარაუდოდ, სწორედ მაჟორიტარული შუალედური არჩევნების გამართვას ისახავდა. კუჭავა ამბობს, რომ ენმ მერის იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

"ფაქტობრივად, საკრებულო გაუქმებულია, არიან ძალის გადაგრეხვაზე, რა აზრი აქვს არჩვნების მოგებას, როცა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, თანამდებობა და ძალაუფლება არ დაკარგოს. ვფიქრობ, მთელ მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნებისს ჩატარება არ აწყობთ, რადგან მოსახლეობისთვის არაფერი გაუკეთებიან. სურთ, რომ ხელახალი არჩევნები ჩაატარონ ერთ მაჟორიტარულ ოლქში. "ნაციონალური მოძრაობა" მოივლის მთელ მუნიციპალიტეტს, შეაგროვებს ხელმოწერებს და შეადგენს პეტიციას მერის იმპიჩმენტთან დაკავშირებით", - განმარტა ლაშა კუჭავამ.

მორიგი საბოტაჟის ფორმა და მცდელობა - ასე აფასებს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიიდან "საქართველოსთვის" ირაკლი კაჭარავა საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს. კაჭარავა, რომელსაც მმართველი ძალა არალეგიტიმურად მიიჩნევს, გვეუბნება, რომ ენმ-ს წევრმა საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ჩარევის შემდეგ მიიღო და ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ხელახალი არჩევნების ჩატარება სწორედ ამ მაჟორიტარულ ოლქში სურს.

"ალბათ, მხოლოდ შუალედური არჩევნებია სამთავრობო გუნდის მიზანი. ეს პროცესი არის მორიგი საბოტაჟის ფორმა, რადგან ამ გუნდმა არაერთხელ გაუწია წინააღმდეგობა ხალხის სურვილს და რეალურად ხალხის გადაწყვეტილებას, რომ ოპოზიციური ყოფილიყო საკრებულო. სურთ, მიითვისონ და ხელში ჩაიგდონ საკრებულო. ამიტომაც არ დადიოდნენ სხდომებზე, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, შემდეგ გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივრეს... გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ ნებისმიერი გზით ჩაიგდონ საკრებულო ხელში და თავად იყვნენ საკრებულოს თანამდებობებზე", - გვითხრა კაჭარავამ.
იმისთვის, რომ სენაკი საკრებულოს გარეშე არ დარჩეს და უფლებამოსილება არ შეუწყდეს, 17 ივნისამდე სხდომაზე მინიმუმ 17 დეპუტატის შეკრებაა საჭირო. ჩვენ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ვკითხეთ, მივლენ თუ არა სხდომაზე მისი დანიშვნის შემთხვევაში, რაზეც ინგა ქარდავამ დადებითად გვიპასუხა.


"ჯერ მივიდეთ ამ თარიღამდე და მერე ვილაპარაკოთ. თუ შედგა საკრებულოს სხდომა, რატომაც არა, მივალთ. ჩვენი მხრიდან არ იყო ბოიკოტი, პანდემია მძვინვარებდა...", - განმარტა ქარდავამ. ჩვენ მასთან რამდენიმე სხვა კითხვაც გვქონდა, თუმცა, დეპუტატმა რამდენიმე სატელეფონო ზარის დროს გვითხრა, რომ არ ეცალა და მოგვიანებით დაგვერეკა.

სენაკის საკრებულოში არსებულ კრიზისს აფასებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სამეგრელოს ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა. მისი თქმით, ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კრიზისი "ქართული ოცნების" ინტერესებში შედის.

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრობლემას პირველ რიგში ქმნიდა პარტია "ქართული ოცნების" მიერ სხდომების ბოიკოტირება, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა სწორედ ამ პარტიის ინტერესებშია. ახლა შექმნილ ვითარებაშიც არსებობს საკმაოდ რეალისტური შესაძლებლობა, რომ კრიზისი დაიძლიოს და საკრებულო შეიკრიბოს, შეძლოს ფუნქციონირება, თუმცა, როგორც ჩანს, მმართველი პარტია კვლავ ცდილობს მიაღწიოს ვადამდელ არჩევნებს და ხელახლა ეცადოს სენაკის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებას", - უთხრა რადიო "ათინათს" თოდუამ.

სენაკის საკრებულო, თვეებია, ურთიერთდაპირისპირების საგანია, რადგან თვითმმართველობის კოდექსს ყველა თავისებურად კითხულობს. მაგალითად, სენაკის რაიონულ სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა, რომლითაც დეპუტატები 9 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ითხოვენ, რა დროსაც "ქართული ოცნების" წევრების თქმით, საკრებულო კვორუმის გარეშე შეიკრიბა და კანონმდებლობის დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების გადარჩევისა, ასევე "გახარია - საქართველოსთვის" 1 წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობის შესახებ. ახლა, შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა აღარ დგას, რადგან სწორედ მმართველი გუნდის ინიცირებული ცვლილებებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობას დეპუტატების თანხმობა აღარ სჭირდება.

არალეგიტიმურად მიიჩნევენ სახელისუფლებო გუნდში 17 ოპოზიციონერი დაპუტატის მიერ საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის" წევრის ირაკლი კაჭარავას არჩევას. მათი არგუმენტებით, სხდომაზე, რომელიც კვორუმის გარეშე ჩატარდა, დეპუტატები მსგავსი კენჭისყრისთვის უფლებამოსილები არ იყვნენ. აღნიშნულის საპასუხოდ ოპოზიციაში ამბობენ, რომ სხდომა დეკემბერში გახსნილი შეკრების გაგრძელება იყო. სწორედ 2021 წლის დეკემბერში დაესწრო სენაკის საკრებულოს დეპუტატების ნახევარზე მეტი.

ამ ურთიერთდაპირისპირებისა და პოლიტიკური ბრალდებების პარალელურად სენაკელებმა ამ დრომდე არ იციან, როდის შეძლებს მათ მიერ არჩეული საკრებულო მოსახლეობის პრობლემებზე ორიენტირებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, შესაბამისად, ყველაზე მეტად ისინი ელოდებიან, შეიკრიბებიან თუ არა დეპუტატები.

თუ საკრებულოს სხდომა არ შედგა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყდა, ადგილობრივი თვითმმართველოს კოდექსის თანახმად, სახელმწიფო მმართველობას უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერი განახორიციელებს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.