ინტერვიუ
­­­სამოსი, როგორც ქვეყნის კულტურული განვითარების განუყოფელი ნაწილი - ინტერვიუ დადიანების სასახლეთა მუზეუმის ეთნოგრაფიის ფონდის მცველთან
სამოსი ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ერის ხასიათის, ცხოვრების წესისა და გარემო პირობების საფუძველზე ყალიბდება. სტილს კი განაპირობებს ეკონომიკური და სოციალური ვითარება. ასე არის საქართველოს ყველა კუთხის, მათ შორის სამეგრელოს შემთხვევაშიც, - ამბობს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფისა და ეთნოგრაფიის ფონდის მცველი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლალი ჭითანავა.

მისი თქმით, დროთა განმავლობაში ქართულმა სამოსმა ეტაპობრივად რამდენიმე ხასიათის ცვლილება განიცადა, საბოლოოდ კი ფეოდალური წყობილების დასრულებასთან ერთად, დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ხმარებიდან გაქრა. ის თანამედროვე, მოხერხებულმა ევროპული სტილის კოსტიუმმა შეცვალა.

"XIX საუკუნიდან ეროვნულ სამოსში აღმოსავლური და დასავლური კულტურის მოტივები ერთმანეთს შეერწყა. საინტერესო ცნობებია იმ უცხოელ მოგზაურთა ნაწერებში, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავენ ქართული მრავალფეროვანი ჩასაცმელის სიდიადით და ცდილობენ ქართული ტრადიციული სამოსი ევროპულ კოსტიუმს დაუკავშირონ. ეს მოგზაურები არიან: არქანჯელო ლამბერტი, ჟან შარდენი, ქრისტოფორო დე კასტელი და სხვა. მაგალითად, შარდენი თავის ნაშრომში "მოგზაურობა" არაერთ საინტერესო დეტალს აღნიშნავს ზოგადად ქართველებზე და მათ შესამოსელზე. საყურადღებო ცნობებთან ერთად აღსანიშნავია კასტელის ათეულობით ჩანახატიც, რომელთა საფუძველზეც მნიშვნელოვანი მასალების აღდგენა მოხერხდა", - გვიხსნის ლალი ჭითანავა.

მისი თქმით, სწორედ ამ და სხვა მასალების საფუძველზე გამოიცა პროფესორ გიორგი კალანდიას წიგნი "ქართული მოდის ისტორია", რომელსაც თან ერთვის შესაბამისი ილუსტრაციები.

"ასევე ფუნდამენტური, ილუსტრირებული ნაშრომია "ქსოვილი საქართველოდან", რომელიც აერთიანებს ქართული ისტორიული ქსოვილის შესახებ ცნობებს VII-XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით. ორივე წიგნში ადგილი ეთმობა დადიანების სასახლეში დაცულ კოლექციებსაც", - გვიყვება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

მისი თქმით, ქართული ჩასაცმელი ერთმანეთისგან კუთხეების მიხედვით მეტ-ნაკლებად განსხვავდებოდა, რაც გეოგრაფიულ-კლიმატური პირობებით და სამეურნეო ყოფის სხვაობით აიხსნება.

"ჩაცმის სტილში არსებული განსხვავებები გარკვეული დოზით ბოლომდე იქნა შენარჩუნებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ მაინც ჩამოყალიბდა, როგორც კლასიკური ტიპის ქართული ჩასაცმელი: მამაკაცისთვის გრძელი ჩოხა-ახალუხი, სათანადო ფეხსაცმლით, ქამარ-ხანჯლით გაწყობილი და ქალის კაბა, გრძელი, სარტყლით და ჩიხტიკოპით. სამოსი დამშვენებული იყო სხვადასხვა სახის მოსართავებით, პირველ რიგში საინტერესო იყო ღილები, რომლებიც სამოსის შესაკრავად გამოიყენებოდა და მოგვიანებით მოსართავის ფუნქცია შეითავსა. გვხვდება ლითონის, ძვირფასი ქვების, მარგალიტებისა და ლამაზი ბისერებით მორთული ჩასაცმელები", - ამბობს ის.

ამასთან, მუზეუმის ფონდის მცველი გვიყვება, რომ სამოსის მნიშვნელოვანი ატრიბუტი იყო სამკაული, რომელიც ქართულ ძეგლებსა და საეკლესიო მხატვრობაში მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი.

"სამკაულად გამოიყენებოდა ყელსაბამი, ბეჭედი თუ საყურე. ეს უკანასკნელი მხოლოდ ქალთა სამკაულს არ წარმოადგენდა, მას მამაკაცებიც ატარებდნენ. რაც შეეხება ბეჭედს, მისი ტარების მანერაც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირი იყო. ბეჭდებს იკეთებდნენ ნეკა თითზეც და არათითზეც. დიდგვაროვნებში მას მარტო სამშვენისის ფუნქცია არ ჰქონდა, არამედ იყო საბეჭდავი, დოკუმენტების რაობის დამადასტურებელი დანიშნულების მატარებელიც".

ჩვენი რესპონდენტის განმარტებით, ეროვნული სამოსი ვერ შეიქმნებოდა, რომ არა ქართული ქსოვილი. მისივე ინფორმაციით, ჩვენამდე შუა საუკუნეების ქართული ქსოვილის მხოლოდ რამდენიმე ნიმუშმა მოაღწია (სვანეთის ეკლესიები, სახარების ყდაზე გადაკრული ქსოვილები), რომლებიც სახითაც და მასალითაც იმ დროის ბიზანტიასა და აღმოსავლეთში გავრცელებულ ქსოვილებს უახლოვდება.

"წერილობით წყაროებში დაცული ქსოვილების აღმნიშვნელი ტერმინებიც სპარსული, ბერძნული ან არაბულია (ჭიჭნაური, ხავედი, ლარი, ჰარირი, ხარა და სხვა), თუმცა ეს არაქართული ტერმინები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქსოვილები ადგილზე არ იწარმოებოდა. ჯერ კიდევ კოლხეთის სამეფო იყო განთქმული სელის წარმოებით, რომელიც დიდი ოდენობით გაჰქონდათ გასაყიდად სხვა ქვეყნებში. აი, რას წერს ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (ძვ. წ. 484-425) - "მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად. მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის. ასევე ცნობილია, რომ საქართველოში სელის გარდა მზადდებოდა ოქროქსოვილი და სხვა სახის, კერძოდ, ბამბის, მატყლის ქსოვილებიც. ასევე, ამუშავებდნენ ტყავს და მისგან სამოსს კერავდნენ. ადრეული პერიოდიდანვე ამუშავებდნენ ცხოველის ბეწვს, რომელსაც სამოსის სამშვენისად იყენებდნენ".

დღეისთვის დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის ყოფისა და ეთნოგრაფიის ფონდში დაცულია ტყავის დასამუშავებელი ხელსაწყო, ე.წ. "ღვედიში", რომელიც დამზადებულია ხისგან და წარმოადგენს ორ ცალ მრგვალად გამოთლილ დისკოს, გვერდზე ხის ხრახნით.

მუზეუმში ასევე დაცულია ქართული ეროვნული სამოსის გარკვეული კოლექციაც, რომელიც გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ეთნოგრაფიული ექსპედიციის შედეგადაა მოპოვებული და სავარაუდოდ განეკუთვნება XIX – XX საუკუნეთა მიჯნას.

"ესენია რამდენიმე ჩოხა, სადა და უბრალო, ზოგს გააჩნია საქილე, ზოგს კი საერთოდ არ აქვს, ახალუხი, შიდა ჩასაცმელი კაბა, ნაბადი, ყაბალახი, პაჭიჭები და სხვა. მათ შორისაა დადიანების კოლექციიდან ერთი კაბა (ქვედა ჩასაცმელი), შალის ქსოვილისგან შეკერილი, გრძელი და სადა ფორმის. სავარაუდოდ, სალომე დადიანის საკუთრება. ასევე დაცულია ფეხსაცმლის რამდენიმე სახეობა, მათ შორის, წუღა, ქოში, ბანდული", - გვიყვება ლალი ჭითანავა.

"ტრადიციული ქართული სამოსელი წარმოადგენს სრულ კომპლექსს, შესაბამისი მორთულობით, ვარცხნილობით, თავსაბურავის წესებით, არამარტო ორიგინალური დეტალებით, არამედ სხვა ხალხებთან ურთიერთობის შედეგად და ბუნებრივი განვითარების საფუძველზე ჩამოყალიბებულ ერთობას, თავისი ორიგინალური და სრულყოფილი სახით", - მიიჩნევს ის და სურს, რომ ტრადიციული სამოსის ტარების პოპულარიზაციაზე მეტი იზრუნონ.


ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „ათინათი“ და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მარტი 2024
საქართველოს პრემიერ - მინისტრის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 60 მილიონ ლარს გულისხმობს.
19 / მარტი 2024
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის „სოციალური ნაკადის“ მიწოდება დასრულდა, ამის შესახებ კომპანია ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა ალხას გაგულიამ განუცხადა ადგილობრივ მედიას. 
18 / მარტი 2024
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.