ახალი ამბები
არასამთავრობოები: კრიტიკას ვერ უძლებს ცესკოს წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება
არასამთავრობო ორგანიზაციები 8 ნოემბერს, ღამით, ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციის წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლას ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) , სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მოუწოდებენ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ მოლაპარაკებები ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.

„2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტს ახალი საარჩევნო სისტემით ირჩევდნენ. პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება საზოგადოების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი და ქმნიდა წინაპირობას ახალი და შედარებით მცირე პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლით, საკანონმდებლო ორგანო უფრო მრავალფეროვანი გამხდარიყო, დასრულებულიყო პოლიტიკური პოლარიზაცია, გაზრდილიყო საქართველოს პარლამენტის მთავრობაზე ზედამხედველობის ეფექტურობა, რაც თავის მხრივ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. პანდემიის მიუხედავად, 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე თავისი ნების გამოსახატად 1 970 540 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ უპრეცედენტო რაოდენობაა და განსაკუთრებით დასაფასებელია. სამწუხაროა, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტიურად გამქრალი იყო ზღვარი მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის; მრავლად იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები; სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებში იკვეთებოდა სავარაუდო პოლიტიკური გავლენები როგორც საარჩევნო დარღვევების გამოძიების, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების დაწყების კუთხით, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“ - პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად და ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, მაღალი ალბათობით ხელისუფლებამ ამ საქმეზე ორი უდანაშაულო პირი დააპატიმრა. არჩევნების დღე გამოირჩეოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის, ამომრჩევლის მოსყიდვის, საარჩევნო უბნების გარეთ დაპირისპირების ინციდენტების სიმრავლით. Სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული უზუსტობები, კერძოდ დისბალანსის მაღალი მაჩვენებელი, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე არ დაფიქსირებულა, გადასწორებები, შესწორების ოქმების გაუმჭვირვალედ და ობიექტური შესწავლის გარეშე შედგენა. ამ პრობლემების ფონზე, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების შედეგების გადათვლის შესახებ საჩივრების დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებელი უარი და მთელი რიგი სხვა გარემოებები საზოგადოების დიდ ნაწილში არჩევნების შედეგების სანდოობასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.

აღნიშნული გარემოებების გამო, ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მომავალი პარლამენტის ბოიკოტირების გზა ერთსულოვნად აირჩია.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს 8 ნოემბრის ღამეს ცესკოს წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება, რამაც არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი და „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.

მოვუწოდებთ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით. საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები. მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს, რომ ქვეყანას ავაცილოთ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მზარდი პანდემია და ეკონომიკური რეცესია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მცდელობა აუცილებელია და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში შედის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ რთულ დროს ჩვენი ქვეყნის განვითარება არ შეფერხდეს“, - ნათქვამია სამი არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.