სასმელი წყლის მიმილების თვითნებურად ამოღების გამო დაზრალებულ მოსახლეობას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები დღეს, 21 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში შეხვდნენ.
ზუგდიდის სოფლების, ჩხორიის, რიყისა და ლიის მოსახლეობა, სასმელი წყლის მილების აღდგენის მოთხოვნით, ზედაეწერის პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. მათი თქმით, წყლის მილების ამოღების ფაქტზე ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, გიორგი ვაშაძე, სერგო რატიანი, კობა სუბელიანი და სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა დაზარალებულებს ესაუბრნენ და დახმარებას დაჰპირდნენ.
„ასეთი სასწაული მართლა არ მინახავს ცხოვრებაში. სამი კილომეტრი მოქმედი წყლის მილი ამოიღეს და ერთი წელია საქმეს იძიებენ. ეს სახელმწიფო არ არის, ეს მართლა განუკითხაობაა. დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამ ხალხს კი უახლოეს მომავალში წყალის მიწოდება უნდა აღუდგეს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
მისივე თქმით, სასმელი წყლის მილის ამოღებით დაზარალებულ მოსახლეობას, ისინი სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში შუამდგომლობებს გაუწევენ.
ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება აღნიშნულ საკითხს დღის წესრიგში დააყებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის მილების ამოღება ყოფილი ხელისუფლების დროსაც მიმდინარეობდა და მათ ამ პრობლების გადასაჭრელად ყველა ბერკეტი გააჩნდათ.
„ამ სოფლებში წყლის სისტემის აღდგენა უკვე დაწყებულია და ის უახლოეს მომავალში დასრულდება. წყლის მილების ამოღება დიდი ხნის წინ დაიწყო, ხოლო რაც შეეხება გასული წლის ნოემბერ-დეკემბერის პერიოდში ამოღებულ მილებს, ამ საკითხზე გამოძიება დაწყებულია“, - აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღურწკაია.
ცნობისთვის, სოფელ რიყიდან სასმელი წყლის მილები გასული წლის ნოემბერში, ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, თვითნებურად ამოიღეს.
მასალის გამოყენების პირობები