მულტიმედია
დადიანების მუზეუმი, ბიბლიოთეკა და სამხატვრო გალერეა - როგორ მუშაობს ზუგდიდში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გახსნილი კულტურული სივრცეები (ფოტო/ვიდეო)
მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა და რეგულაციების შემსუბუქება ეტაპობრივად დაიწყო, საქართველოში კულტურის რამდენიმე დაწესებულება გაიხსნა.

დადიანების მუზეუმმა, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი დამთვალიერებელი 2021 წლის 2 მარტს მიიღო. მთელი კვირის განმავლობაში, ეკატერინეს სასახლეს 70 - მდე ვიზიტორი ჰყავდა. მუზეუმში, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე დამთვალიერებლებისთვის უსაფრთხოების ყველა პირობაა შექმნილი: ნებისმიერი სტუმარი ვალდებულია, ატაროს პირბადე, გაიზომოს სიცხე, გაიაროს დეზობარიერი და ხელები სპეციალური ხსნარით დაიმუშაოს.


ამ ეტაპზე ვიზიტორებს მხოლოდ ეკატერინეს სასახლის დათვალიერება შეუძლიათ. ის ოთახები, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა რთულია, დახურული რჩება. დახურულია ნიკოსეული სასახლეც.


,,მუზეუმი 2020 წლის პირველ მარტს დაიხურა. დავაწესეთ მორიგეობა. ძირითადად დადიოდნენ მეთვალყურეები, ფონდის მცველები, ასევე დამლაგებლები, რომლებიც ასუფთავებდნენ დარბაზებს და 2-3 საათით ანიავებდნენ. პანდემიამდე დამთვალიერებელს არ ვუჩიოდით. ბოლო წლებში ძალიან ბევრი უცხოელი შემოდიოდა მუზეუმში. ვფიქრობ, როცა კომენდანტის საათი მოიხსნება და გზები გაიხსნება, უფრო მეტი დამთვალიერებელი გვეყოლება. როცა მუზეუმი დაკეტილი იყო, თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს დაურეკავთ და უკითხავთ, მუზეუმს ხომ ვერ გავაღებდით. ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ და ვიცავთ რეგულაციებს, ერთდროულად ათი კაცზე მეტის შემოშვება არ შეიძლება, დარბაზში უნდა იყოს დისტანცია, სასახლეში არის პატარა ოთახები და მხოლოდ ერთი ან ორი კაცი თუ დადგება მეტი არა’’, - გვითხრა მუზეუმის დირექტორმა.
მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას თქმით, კორონავირუსის პიკურ პერიოდში მეთვალყურეები, ფონდის მცველები და დამლაგებლები შეზღუდული სამუშაო გრაფიკით მუშაობდნენ.

თანამშრომლებმა სამსახურში სიარული ივნისში, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაიწყეს, თუმცა რეგულაციები არ დაურღვევიათ და მუზეუმის დათვალიერების მსურველთათვის დაკეტილი სასახლე არ გაუხსნიათ. პანდემიის დროს მუზეუმის ფეისბუკ გვერდი გააქტიურეს და სხვადასხვა სახის შემეცნებითი ფოტო-ტექსტური მასალა და საინტერესო ისტორიები შესთავაზეს ვირტუალურ დამთვალიერებელს.

რეკომენდაციების დაცვით გაიხსნა ზუგდიდის ბიბლიოთეკაც, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ წიგნების გაცემითა და მიღებით არის დაკავებული. ბიბლოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი, ბესიკ არახამია გვეუბნება, რომ ბიბლიოთეკა მზადაა სრული დატვირთვითაც მიიღოს მკითხველი სამკითხველო დარბაზში, სადაც მას კომფორტული და უსაფრთხო გარემო დახვდება. მისი თქმით, ბიბლოთეკამ პანდემიის დროსაც შეძლო, გაემდიდრებინა ფონდი ახალი ლიტერატურით და ცენტრალური ბიბლიოთეკის საცავში უკვე 68 325 წიგნი ინახება.

,,მთელი რიგი რეგულაციების დაცვით უწევთ ადამიანებს ბიბლიოთეკაში შემოსვლა, დეზობარიერი, თერმოსკრინინგი. წიგნმა მოხმარების შემდეგ 72 საათი კარანტინი უნდა გაიაროს, ამისთვის სპეციალური ყუთებიც შევიძინეთ. როცა გაიხსნა ბიბლიოთეკა, მოგვაკითხა 38-მა ადამიანმა, რომლებმაც ძირითადად წიგნის გატანის სერვისით ისარგებლეს. გავხსენით სამკითხველო დარბაზი და აქ რეგულაციების დაცვით 5 მკითხველი შეგვიძლია მივიღოთ. შევძელით, მოგვეწყო და გაგვეხსნა ბიბლიოთეკის ყველა სივრცე, საბავშვო კუთხე, ახალგაზრდული კუთხე, კატალოგის კუთხე. ამ ეტაპისთვის ბევრი თავს იკავებს პანდემიიდან გამომდინარე. ბიბლოთეკების მართვის ცენტრი გადავიდა ონლაინ სწავლებებზე, გვაქვს ეთნოგრაფიული ჩანაწერები, მეგრული ფოლკლორის ჩანაწერები. მალე ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ზუგდიდში განახლებული ამერიკის კუთხეც გაიხსნება. ყველანაირად ვცდილობთ, მკითხველი მივაჯაჭვოთ ბიბლიოთეკას.’’, - ამბობს ბესიკ არახამია.

როდესაც პანდემიის დროს ბიბლიოთეკა მკითხველის გარეშე დარჩა, მის ადმინისტრაციას ახალი რეალობის გათვალისწინება და ვირტუალურ სივრცეში გააქტიურება დასჭირდა. მკითხველთან ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით, შემეცნებით ლიტერატურას მსურველებს მეილებზე უგზავნიდნენ.
,,მკითხველის მიერ ბიბლიოთეკის ფეისბუკ გვერდზე შემოსული არცერთი მოთხოვნა არ რჩებოდა დაუკმაყოფილებელი, გვქონდა პირდაპირ ჩართვებიც. ეს იყო უშუალო კავშირი მკითხველსა და ბიბლიოთეკას შორის, იქნებოდა ეს ფოტოკონკურსი, ლიტერატურული ღონისძიება თუ სხვა. რუბრიკების სახით გვქონდა მოძღვრის საათი, პოეზიის საღამო, მხარეთმცოდნეობითი გაკვეთილები, შეხვედრა მწერალთან, წიგნის წარდგინება, ყველაფერი ეს ხდებოდა ციფრულ პლატფორმაზე, ჩვენს პირდაპირ ჩართვებში. ძალიან სასარგებლო გამოცდილება მივიღეთ და დღემდე ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას’’, - ამბობს ციფრული ტექნოლოგიებითა და ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილების უფროსი, ირმა კვირკვია.

ზუგდიდის მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეა ბოლო ღონისძიება პანდემიამდე 4 მარტს გაიმართა. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, დაიკეტნენ და ყველა დაგეგმილი გამოფენა გაურკვეველი ვადით გადაიდო. გალერიის შემოქმედებითმა გუნდმა გამკაცრებული საკარანტინო ნორმების მოხსნის შემდეგ, გალერეის გარე სივრცე გამოიყენა და ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები ამ ფორმით გააცნო დამთვალიერებელს.

,,დახურულები ვიყავით პანდემიის დროს, მაგრამ 5-6 გამოფენა მოვაწყვეთ გალერეის წინ, გარე სივრცეში, როგორც ბავშვთა ნახატების, ისე ახალგაზრდა მხატვრების პერსონალური გამოფენა. მანამდე, წლის განმავლობაში 100-მდე ღონისძიებას ვმართავდით. დაგეგმილი გვაქვს გაცვლითი გამოფენები იმერეთიდან, აჭარიდან, ჩოხატაურიდან, ასევე ადგილობრივი მხატვრების პერსონალური გამოფენები. საქართველოს მხატვართა კავშირი გეგმავს ზუგდიდში გამოფენის მოწყობას’’, - ამბობს გალერეის მენეჯერი, აბელ კალანდია.
თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ, 25 თებერვალს გამართა პირველი გამოფენა ზუგდიდის სამხატვრო გალერეამ. ფოტოგამოფენა, „საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი’’, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მოეწყო. დარბაზში შესვლა ერთდროულად მხოლოდ ორ ადამიანს შეეძლო.

სამხატვრო გალერეა მზადაა, მუშაობა რეკომენდაციების დაცვით განაახლოს და დამთვალიერებელს ოფიციალურად პირველი აპრილიდან ელოდება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ.
11 / დეკემბერი 2024
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
11 / დეკემბერი 2024
ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების აღდგენის საკითხის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რესპუბლიკა "მოსკოვთან ურთიერთობებზე სპეკულირებას შეწყვეტს“.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.