მულტიმედია
დრო, რომელიც კოვიდმა ბებია-ბაბუებს წაართვა (ფოტო/ვიდეო)
-  ბე ?

-  ხო ბებო.

-  როგორა ხარ?

-  ვარ, შენ ? შემოგევლოს ბებო. ვიდეო ჩართე რა... გილოცავ ბებო.

-  anniversary-ს? - იცინის.

- ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს ბებო, შენ შემოგევლოს ჩემი თავი. რაც თქვენთვის მინდა ის სიკეთე არ მოგაკლდეს და გეყოფა... ტომასსაც მიულოცე.

73 წლის როზა კაკულია ავსტრიაში მყოფ შვილიშვილს ქორწინების იუბილეს ფეისბუქით ულოცავს. აქამდე, ნინოც და მისი ძმა გიორგიც ყოველ ზაფხულს ახერხებდნენ ჩამოსვლას, თუმცა, თითქმის ორი წელია პანდემიამ მათი ოჯახის წევრებს ეს შესაძლებლობა წაართვა. როზა და მისი შვილი ხათუნა, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს შორიდან ეფერებიან.

"გიორგი დაღლილი მოდის სამსახურიდან, ხან გვიან, როცა ბავშვებს უკვე სძინავთ. ყოველთვის ვერ მაჩვენებს. ვუთხარი, სიცოცხლეს მიხანგრძლივებს მათი ერთი ნახვაც კი.  ნინო კიდევ სწავლობს, გვიანობამდე მეცადინეობს. პანდემია რომ არ იყოს, უფრო ხშირად ვნახავდი ბავშვებს. ძალიან განვიცდი რომ არ არიან, მძიმეა ჩემთვის, თან უკვე ასაკში ვარ", - გვიყვება როზა.

ახლა სიშორით გამოწვეულ სევდასთან გამკლავებას შვილიშვილებთან დაკავშირებული მოგონებებით ცდილობს. გვეუბნება, რომ მისთვის გიორგისთან და ნინოსთან გატარებული წლები ყველაზე ძვირფასია.
"სიცოცხლეები არიან ჩემი. ყველაფერი, რაც მაგონდება, დიდი სიხარულია. რომ სწავლობდნენ, გამოცდები რომ ჰქონდათ, როგორ განვიცდიდი. ნინო რომ აბარებდა, არ მოხვიდეო მეტყოდა, სახლში ვიჯექი და ვლოცულობდი, რომ დამირეკავდა, 5-იანი მივიღეო, ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. დამეფანტნენ ბავშვები, ერთი წუთი ჩემს გარეშე თუ შეიძლება მათი ყოფნა არ წარმომედგინა, მე თუ არ ვიყავი მათთან რამე ემართებოდათ მეგონა. ახლაც კი მეფერებიან, კი.  ბეე... მომწერს ხოლმე გიორგი, როგორ ხარ? მისი პატარებიც ისეთი კარგები არიან, კოცნებს მიგზავნიან, ქართული არ იციან და აქ რომ იყონ ვასწავლიდი", - ამბობს როზა.
ხათუნა გვიყვება, რომ თუ ადრე დედამისთან სტუმრობა მის მეგობრებს უხაროდათ, მოგვიანებით, როზა ბებომ შვილიშვილების კლასელებიც შემოიკრიბა.

"ბავშვებს დაბადების დღეები რომ ჰქონდათ, ყველა მეგობარს უნდოდა აქეთ მოსვლა, ელარჯს გვაჭმევსო როზა ბებო. ეს კიდევ ამბობდა ოღონდ აქ მოვიდნენ და რამდენსაც უნდათ, იმდენს გავაკეთებო. ბებიამ გაზარდა ორივე, ნინოც და გიორგიც, პატარა ასაკიდან. მეც კი არ მანდობდა. ნინოც რომ წავიდა, დეპრესია ჰქონდა. მერე ბავშვების მეგობრებმა გაუკეთეს ფეისბუკი და ეს დაეხმარა", - გვიყვება ხათუნა.

"ისე მიყვარს ნინოს და გიორგის მეგობრები... მენატრება ის დრო სულ ჩემთან რომ იყვნენ. უყვარდათ ბავშვებს ჩემთან, მათი მშობლები მუშაობდნენ, ჩემთან გემრიელი საჭმელიც ხვდებოდათ და ერთობოდნენ კიდეც. კარგად მახსენდება ეს ძაან. მემეგობრებოდნენ, რაღაცებს მიყვებოდნენ. გიორგის გავუკეთე ერთხელ ცუდი რამ, შატალოზე მივდივართო, მითხრა...  და გიორგი არის ძალიან გულთბილი და ეშმაკობის არაფერი არ აქვს. ბებია შატალოზე მივდივართო. დამრიგებელი კარგი გოგო ჰყავდათ, დავურეკე, მეთქი ასე ასე შატალოზე აპირებენ წასვლას, ხო და ბავშვები რომ მივიდნენ იმ ადგილას, მასწავლებელი არ დახვდათ? (იცინის) გიორგი გაკვირვებული მეუბნებოდა, საიდან გაიგოო ბებია, არ ვიციო. მოგიკვდეს ბებო... ასე ჩავუშალე შატალო. მერე კი ვუთხარი, რაც იყო...", -  მაშინ კი იდარდა, თუმცა ახლა ღიმილით იხსენებს ამ ამბავს როზა.

ხათუნაც და როზაც ფიქრობენ, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, ონლაინ კომუნიკაციით შეევსოთ შვილებთან და შვილიშვილებთან ცოცხალი ურთიერთობის დანაკლისი, დისტანციით გამოწვეული სტრესი მათზე მაინც მძიმედ მოქმედებს.

"ბებია-ბაბუები აუცილებლად უნდა ხედავდნენ როგორ იზრდებიან შვილიშვილები. პანდემიამ ეს დრო წაგვართვა! მერე შიში... ნერვიულობა, როგორ არიან, რით არსებობენ, მეტი სადარდებელი გვაქვს. რთულია...ახლა ერთმანეთს ვამხნევებთ. პატარებს ეკრანზე ერთად ვუყურებთ", - გვეუბნება ხათუნა.

როზა კაკულია შვილიშვილებთან ერთად

საუბარში დედა ერთვება, - "უკვე სახსრები მაწუხებს, სახლში რომ დავჯექი, მთლად გამჭედა, ვერ ვარ რაღაც, დიაბეტიც დამემატა. ძალიან მოვტყდი, არაფრის თავი არ მაქვს, ვიღლები. გიორგის და ნინოს გაზრდაში არც კი ვიცი როგორ გავიდა წლები... მერე სულ ამათზე დარდი, ამათზე ფიქრი. ღამით ღმერთს ვეხვეწები, კარგად მიმყოფე. უფრო ხათუნა ესაუბრება, მე ვუსმენ. ბებო, გაციებული ხარ - ვეკითხები... საიდან მოიტანეო, მეუბნება ხათუნა. ვატყობ, რომ გაციებულია...ყოველთვის ვაკვირდებოდი, სულ ამათი ამბავი მიჭირდა..."

წელს იმედი აქვთ, რომ ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ ექნებათ ახლობლების ნახვის საშუალება. ამისთვის, როზა ბებო ვაქცინაციის რიგშიც ჩაეწერა.

"რაღაც საშინელებაა ეს კოვიდი. გამოწვევა კი არა, ეს არის უბედურება, ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის. "ფაიზერს" დაველოდე, მაგრამ არ იქნა ჩემთვის, მაგრამ ახლა უკვე "ასტრაზენეკაზე" ჩავეწერე, იქნებ ბავშვები ჩამოვიდნენ. ორივეს უყვარს აქ ყოფნა, ადრე იმდენად არა და ახლა ძალიან ენატრებათ საქართველო. რომ შემეძლოს ჩემი სული გავუნაწილო, ორივეს გავუნაწილებდი. ჩემს ცხოვრებას მივცემდი, ვის რაში სჭირდება თორემ...რა შემიძლია მეტი. ქვეყანას მირჩევნია ისინი, ალბათ ყველა მშობელი ასეა. ვიწყებ, ხათუნა, გიორგი, ნინო... მერე ეს პატარები. რა მახარებს მეტი. სითბო... მეტი არაფერი მინდა არავისგან", - ამბობს როზა.

როზა კაკულიას ერთი შვილი, ორი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.