მულტიმედია
„შუქი მოვიდა“ - ისტორიები ფოტოგამოფენიდან (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში MAC Georgia-ს ორგანიზებით, შშმ პირების ფოტოების გამოფენა მოეწყო. აქ წარმოდგენილ თითოეულ ფოტოს ჰქონდა თავისი ისტორია - ისტორია მათ წარმატებებზე, სირთულეებზე და ყოველდღიურობაზე.  ღონისძიება მაკლეინის ასოციაციის პროექტის „შუქი მოვიდას“ ფარგლებში მოეწყო.

"შუქი მოვიდა" არის ონლაინ პლატფორმა „ფეისბუკზე“ , რომელიც შშმ პირების ისტორიებს აერთიანებს. ორგანიზაცია "მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის" (MAC Georgia) საქართველოში შშმ პირების გასაძლიერებლად მუშაობს.

რამდენიმე ისტორია ფოტოგამოფენიდან:


ზური ზარნაძე. სიმონეთიდან


„ჩემს თავზე მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს. ჩვეულებრივ დავდივარ სკოლაში, მიუხედავად ჩემი პრობლემებისა კომუნიკაციის პრობლემა არასოდეს მქონია.
თავიდან ვცხოვრობდით ქუთაისში, თუმცა ჩემმა ოჯახმა სახლი გაყიდა ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების გამო და გადმოვედით ამ სოფელში. ძალიან გავაპროტესტე მომხდარი და ყოველგვარი კომუნიკაცია გავწვიტე გარშემომყოფებთან. ერთადერთი რაშიც ხსნა ვიპოვე ფოტოგრაფია იყო, დავდიოდი მთელი დღე და ფოტოებს ვიღებდი. შემდეგ მივხვდი, რომ ეს სფერო მომწონდა და გადავწყვიტე ჩემი თავის რეალიზება ფოტოგრაფიაში მოვახდინო. ერთადერთი რაც ყველაზე ძალიან მიშლის ხელს არის, რომ მომპარეს კამერა და მხოლოდ ტელეფონით ვიღებ ფოტოებს.

გარდა ამისა, გატაცებული ვარ ცეკვების შესწავლით. როდესაც ქუთაისში ვცოვრობდით მყავდა ჩემი ქორეოგრაფიც, თუმცა აქ რთული აღმოჩნდა მასწავლებლის პოვნა. ცეკვა რა თქმა უნდა, არ შემიწყვეტია - ვცდლიობ ინტერნეტით შევისწავლო მოძრაობები. მაქვს კიდევ სხვა გატაცებებიც და ვიმედოვნებ, რომ შევძელბ ერთ-ერთ მათგანში წარმატებული კარიერის აწყობას."

ვალერიან კოტრიკაძე, 71 წლის, ჩოხატაურის სოფელი შუკნარი

"მე ვარ ვაკოს ბაბუა. მისი დაბადებისას უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა პრობლემები, არ ამყარებდა თვალით კონტაქტს, საუბრობდა მესამე პირში და ერთი და იგივე წინადადებებს იმეორებდა, რამაც დაგვაეჭვა და წავიყვანეთ სპეციალისტთან. 4 წლის ასაკში დაუსვეს აუტიზმის სპექტრის დიაგნოზი. ყოველდღიურად ვცდილობ მის ჩართულობას და დამოუკიდებლობის წახალისებას. ვისწავლეთ ველოსიპედის ტარება, მეტყველება, საკუთარი სურვილების გამოხატვა, ინსტრუქციების შესრულება. ყველაზე მთავარი ჩემი მიზანი მისი დამოუკიდებლბა იყო. ამისთვის ვყიდულობდი ბანანს მაღაზიაში და ვტოვებდი, შემდეგ ვაგზავნიდი ვაკოს ველოსიპედით და ვატანდი ფულს, მას დამოუკიდებლად ესწავლა მაღაზიაში სიარული ასევე, სახლში გამოვუყავი მისი საკუთარი პატარა ნაკვეთი, რომელზეც მას დამოუკიდებლად მოყავს ბოსტნეული.

ჩემი სამომავლო გეგმა ვაკოს დასაქმებაა. ნელ-ნელა ვცდილობთ პროფესიის შერჩევას და ამ კუთხით განვითარებას. ძალიან მინდა, რომ კიდევ დიდხანს ვიცოცხლო, რათა ვაკოს შევუქმნა ყველა პირობა, იმისთვის, რომ მან ჩემს გარეშე შეძლოს ცხოვრება."

ვერა ჭულაძე 30 წლის, სოფელი ჭანჭანთიდან, ლანჩხუთი


"ვარ 8 წლის ნინის დედა, რომელიც დაიბადა დაუნის სინდრომით. როდესაც ნინი დაიბადა ექიმებმა მთხოვეს გამეკეთებინა გენეტიკური კვლევა, მაგრამ იმ დროისთვის გამოკვეთილი პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ კვლევა მოგვიანებით, ერთ თვეში გავუკეთეთ. ანალიზის პასუხად მივიღეთ დიაგნოზი - დაუნის სინდრომი. 6-7 თვის შემდეგ დავიწყე ინფორმაციის მოძიება, მოვიძიე „დაუნის სინდრომის ასოციაცია“ და მხოლოდ მათთან კომუნიკაციის შემდეგ მივხვდით რასთან გვქონდა საქმე, რას ნიშნავდა დაუნის სინდრომი. ოჯახის წევრებთან ერთად ყოველდღიურად ვსწავლობდით, როგორ დავხმარებოდით ნინის. ნინი უკვე 8 წლის მხიარული და უსაზღვროდ თბილი გოგონაა. სიგიჟემდე უყვარს სიმღერა, ცეკვა და ფიტოების გადაღება. მეორე კლასშია და ვამაყობთ იმით, რომ სკოლაში სრულად ჩართულია, არ ვაწყდებით არანაირ პრობლემას.

ხშირად მიფიქრია, რომ არა ნინის დიაგნოზი ვიქნებოდი თუ არა ასეთი ძლიერი, აქტიური და მებრძოლი. ის რაც ნინიკომ შექმნა ჩემში, დამანახა რისი გაკეთება შემიძლია და რისთვის უნდა ვიბრძოლო."

გიო რატიანი, მესტია

"მე ვარ გიო რატიანი, 11 წლის მესტიიდან. ვსწავლობ და ვცხოვრობ თბილისის მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონში. როცა აქ ვარ განსაკუთრებით მენატრება ხოლმე მამა, რომელიც ყველაზე მისაბაძი პიროვნებაა ჩემთვის."

ანიტა ტაკიძე 12 წლის ბათუმიდან

"ჩემი დიაგნოზია პარაპლეგია, ეტლს ნელ-ნელა ვეჩვევი, მართალია ძალიან კარგი იყო, როცა სიარული შემეძლო, მაგრამ ეტლითაც კარგია. სკოლაში ჩვეულებრივ გავაგრძელა სწავლა, ახლა ონლაინ ვსწავლობ. სანამ ეტლით მოსარგებლე გავხვდებოდი ცეკვაზე დავდიოდი და ძალიან მიყვარდა. ახლაც ვცეკვავ, როგორც შემიძლია. სიმღერა მიყვარს და ყველაზე მეტად ხალხის გაბედნიერება. ვცდილობ სულ პოზიტიური ვიყო და ჩემი ახლობლების ღიმილის მიზეზი გავხდე.
სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი დანახვისას ხელს ჩემსკენ იშვერენ და ნახე, ნახეო ერთმანეთს ეუბნებიან ხოლმე. ერთხელ ეკლესიაში ვიყავი და ვიღაც კაცი მოვიდა და ხურდას მაძლევდა, ამ დროს ტირილი დავიწყე, რადგან ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი.

რაც დრო გადის, ვხვდები რომ ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს მათი არასწორი აზროვნების და დამოკიდებულების ბრალია, ამიტომაც გადავწყვიტე, უფრო მეტად აქტიური გავხდე და მსგავს მომენტში კი არ ვტირო, პირიქით ვასწავლო მათ, რომ ასე არ შეიძლება. მინდა, ის რაც მე გამოვიარე სხვამ არ გამოიაროს, ამიტომ მე ვიბრძოლებ ამისთვის."

აჩი შაქარიშვილი 31 წლის, ბათუმიდან

„22 წლის ასაკში სახლში ყოფნის დროს ფანჯრიდან დავინახე, როგორ დაეტაკა სატვირთო მანქანა მამაჩემს, რის შემდეგაც გაუაზრებლად, მის დასახმარებლად, გადავხტი მეორე სართულიდან. დავიზიანე ქუსლი და ინფექცია შემეჭრა. განმივითარდა სისხლძარღვების შევიწროვება და შემდეგში გადაიზარდა განგრენაში. იმდენად აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ზოგჯერ ვხუმრობ, ალბათ დავხარჯე ყველა შესაძლებლობათქო. თავიდან ეტლში ჩაჯდომაზე უარს ვამბობდი, ვცადე პროტეზები, მაგრამ ჩემზე მორგებული არ იყო და ვერ გამოვიყენე. ეტლში ჩაჯდომაზე მეტად რთული გარეთ გამოსვლა იყო, როცა ყველა ჩემს დანახვაზე ჩურჩულებდა, მანქანით, როცა გაივლიდნენ ჩემს დანახვაზე პირჯვარს იწერდნენ.

ნელ-ნელა ვსწავლობ ეტლის დამოუკიდებლად მოხმარებას, ისე, რომ არავის დახმარება არ დამჭირდეს ბარიერების დროს. ახლა სახლში შესვლაც არ მინდა, თამამად ვიტყვი, რომ აქტიური ცხოვრების რიტმს ვუბრუნდები."

დავით მოსიაშვილი, თელავიდან:

„მაშინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ეტაპი იდგა, როდესაც უკვე მეორედ გავხდი მამა და ამ უსაზღვრო ემოციამ იმდენად შემიპყრო, ვერც კი წარმომედგინა რომ ეს მოცემულობა შეიცვლებოდა და იმ დროისათვის წარმოუდგენელი და დაუჯერებელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებოდი. როდესაც პირველად დიაგნოზი მითხრა ექიმმა ვერ გავიაზრე, მეგონა შეცდომა იყო, რაღაც შეეშალათ, სხვა ბავშვზე საუბრობდნენ და არა ჩემს შვილზე, რომელსაც ცხრა თვე მუცლად ყოფნიდანვე ვუვლიდი და ვეფერებოდი. ჩემებმა პირველად მნახეს მაშინ სულ თეთრი....

თავდაპირველად არაღიარებით გავურბოდი რეალობას ჩემში, თავს ვაჯერებდი, რომ პრობლემა არ არსებობდა, შემდეგ დაიწყო დეპრესია, ფიქრი იმაზე, რატომ ჩემს შვილს, დავიწყე საკუთარ თავში დაავადების გამომწვევი მიზეზის ძიება და თითიდან გამოწოვილ იმედებზე ჩაჭიდება.

აღმოჩნდა რომ ამ პრობლემასთან ბრძოლის ყველა ეტაპზე, თურმე მშობლები იყოფიან დედებად და მამებად. სამწუხაროდ კაცების უმრავლესობა ფიქრობს/ან და უნებურად ასე გამოსდის, რომ მისი მონაწილეობა არაფრის მომცემია ზოგადად შვილებთან და მითუმეტეს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროცესში, ან მისი მოვალეობა მხოლოდ ლიტრიანი ყანწიდან შვილების სადღეგრძელოს შესმა ჰგონია..."


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების განსახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
28 / მარტი 2024
ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში განთავსებაზე 25 806 ლარის ტენდერი გამოაცხადა.
28 / მარტი 2024
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 2 608 ბავშვი დაიბადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.